შინაარსზე გადასვლა

რიჩეზა პოლონელი (1140-1185)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩეზა პოლონელი
კასტილიის, ლეონისა და გალისიის დედოფალი
მმართ. წლები: 1152-1157
წინამორბედი: ბერენგარია ბარსელონელი
მემკვიდრე: ელეონორ ინგლისელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1140
დაბ. ადგილი: ვროცლავი, პოლონეთი
გარდ. თარიღი: 16 ივნისი, 1185 (44-45 წლის)
გარდ. ადგილი: გერმანია
მეუღლე: ალფონსო VII, კასტილიის მეფე
(ქ. 1152 - გარდ. 1157)
რამონ ბერენგარ II, პროვანსის გრაფი
(ქ. 1161 - გარდ. 1166)
ალბრეხტ III, ებერშტაინის გრაფი
(ქ. 1167)
შვილები: სანჩა, არაგონის დედოფალი
დულსია II, პროვანსის გრაფინია
ალბრეხტ IV, ებერშტაინის გრაფი
კონრად II, ებერშტაინის გრაფი
დინასტია: პიასტები
მამა: ვლადისლავ II, პოლონეთის მეფე
დედა: აგნესა ბაბენბერგელი
რელიგია: კათოლიციზმი

რიჩეზა პოლონელი (პოლ. Ryksa śląska, ესპ. Riquilda de Polonia, გერმ. Richeza von Polen; დ. 1140, ვროცლავი, პოლონეთი – გ. 16 ივნისი, 1185, გერმანია) — პიასტთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე ვლადისლავ II-ის ასული. კასტილიის, ლეონისა და გალისიის დედოფალი 1152-1157 წლებში, როგორც მეფე ალფონსო VII-ის ცოლი. მოგვიანებით, პროვანსისა და ებერშტაინის გრაფინია, მეორე და მესამე ქორწინებებიდან.

პოლონეთის პრინცესა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩეზა 1140 წელს დაიბადა ვროცლავში. იგი პოლონეთის მეფე ვლადისლავ II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ აგნესა ბაბენბერგელის ქალიშვილი იყო. 1146 წელს მამამისის მმართველობა პოლონეთში დაემხო, რის გამოც იგი ოჯახთან ერთად გადასახლებაში წავიდა. თავდაპირველად მათი ოჯახი ბოჰემიაში დამკვიდრდა, თუმცა მოგვიანებით გერმანიაში გადავიდნენ. იქ მათ ოჯახზე მზრუნველობა მეფე კონრად III-მ იკისრა, რომელმაც თავის დამხობილ სიძეს (რიჩეზას მამას) საქსონიაში ალტენბურგის მხარე გამოუყო რეზიდენციად.

1151 წელს ალტენბურგში მათ სიახლე შეიტყვეს, რომ კასტილიის, ლეონისა და გალისიის მეფე ალფონსო VII-ს გერმანიასთან ალიანსის შექმნა სურდა რიჩეზაზე ქორწინების გზით, რომელიც მეფე კონრად III-ის დისწული იყო. რიჩეზას მშობლებმა შეთავაზება სიხარულით მიიღეს და 1152 წელს პრინცესა რიჩეზა მეფე ალფონსოს მიათხოვეს.

კასტილიის დედოფალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინებიდან ერთ წელიწადში დედოფალმა რიჩეზამ ტოლედოში 1153 წელს პირველი ვაჟი გააჩინა - ინფანტი ფერნანდო. ორ წელიწადში, 1155 წელს მეორე შვილიც გააჩინა - ინფანტა სანჩა. 1157 წლის 21 აგვისტოს, მოულოდნელად, მეფე ალფონსო სიერა მორენასთან გამართულ ბრძოლაში მოკლეს მუსლიმებმა. მათი ერთადერთი საერთო ძე, ინფანტი ფერნანდო, მამამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი რიჩეზას გერმა დაიკავა, თავად რიჩეზას კი კასტილიის დატოვება მოუწია.

პროვანსის გრაფინია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასტილიის დატოვების შემდეგ რიჩეზამ დროებით თავი მეზობელი არაგონის სამეფო კარს შეაფარა. აქ იგი ბარსელონას გრაფის ძმისწულსა და არაგონის მეფის ნათესავს, პროვანსის მეფე რამონ ბერენგარ II-ს შეხვდა. ცნობილია, რომ წყვილმა დაქორწინება მალევე გადაწყვიტა, თუმცა არა სიყვარულის, არამედ პოლიტიკური ალიანსის გამო. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, 1161 წელს რიჩეზა და რამონ ბერენგარი დაქორწინდნენ და პროვანსაში დასახლდნენ.

წყვილის ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა და მათ ქორწინებაში მხოლოდ ერთი ქალიშვილი - დულსია შეეძინათ. მოგვიანებით, 1166 წელს რამონ ბერენგარი ნიცაში მოკლეს. რიჩეზამ სცადა თავისი ქალიშვილის, დულსიას ტახტზე აყვანა, თუმცა იგი მალევე დაამხეს, რის შემდეგაც რიჩეზა იძულებული გახდა პროვანსაც დაეტოვებინა და გერმანიაში დაბრუნებულიყო.

ებერშტაინის გრაფინია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიაში დაბრუნების შემდეგ რიჩეზა ებერშტაინის გრაფ ალბრეხტ III-ს შეხვდა. იგი აქტიურად იბრძოდა ომებში იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსასთან ერთად და საღვთო რომის იმპერიაში დიდი პატივითაც სარგებლობდა, რის გამოც რიჩეზა მასთან ქორწინებას მომგებიანად განიხილავდა, ამიტომად წყვილი 1167 წელს დაქორწინდა და რიჩეზა ებერშტაინის გრაფინია გახდა. იგი საბოლოოდ დასახლდა გერმანიაში და დარჩენილი ცხოვრება სწორედ იქ გაატარა. ქორწინებიდან რიჩეზამ ორი ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა.

ებერშტაინის გრაფთან ქორწინების შემდეგ რიჩეზას შესახებ ცნობები ნაკლებად არსებობს. იგი 1185 წლის 16 ივნისს გარდაიცვალა, დაახლოებით 44-45 წლის ასაკში.

  • Reilly, Bernard F. (1998). The Kingdom of León-Castilla Under King Alfonso VII, 1126 – 1157. Philadelphia: University of Pennsylvania Press. ISBN 9780812234527.
  • Sabaté, Flocel, ed. (2017). The Crown of Aragon: A Singular Mediterranean Empire. Brill.