რიფსიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა რიფსიმე
Սուրբ Հրիփսիմե
St. Hripseme.jpg

დაიბადა რომის იმპერია
გარდაიცვალა 30 მარტი, 317 წ.
სომხეთი
სხვა სახელები ჰრიფსიმე
საქმიანობა სომხეთში ეწამა ქრისტიანობისთვის

რიფსიმე, აგრეთვე ცნობილი როგორც ჰრიფსიმე , IV-ის დასაწყისის წმინდანი (გ. 30 მარტს, 317 წ.). ხსენება ქართულ ეკლესიაში ძვ. სტ. 30 სექტემბერს (ახ. სტ. 13 ოქტრომბერი) დედა-მძუძე გაიანესთან და მათთან წამებულ ქალწულებთან ერთად.

ქართული ტრადიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს თანახმად, რიფსიმე იყო რომაელი დიდებული ქალი, "მეფეთა ევადაგი", ანუ ნათესავი.

თოთხმეტი წლის იყო ნინო, როდესაც იერუსალიმში ჩავიდა ვიღაც ეფესელი ქალი, რომელიც რომის სამეფო კარზე მსახურობდა. ამ ქალის სიტყვებით, რომაელებს დიდი ლტოლვა ჰქონდათ ქრისტეს რჯულისა და ნათლისღების მიმართ. ამის გამო გადაწყვიტა ნინომ, რომ წასულიყო ელენე დედოფალთან ქრისტეს რჯულის საქადაგებლად. იობენალ პატრიარქის კურთხევით ნინო გაემგზავრა იმ ქალთან ერთად და როდესაც მივიდნენ მის სახლში, იქ ნახა ვიღაც დიდებული, მეფეთა ნათესავი ქალი, სახელად რიფსიმე, რომელსაც ქრისტეს აღიარების სურვილი ჰქონდა და იერუსალიმიდან ელოდა ნათლისღებას. მაშინ ნინოს ხელქვეშ მოინათლა რიფსიმე და მისი სახლის ორმოცი სული და დარჩა მის სახლში კიდევ ორი წელი.

ამ დროისთვის უკვე ქრისტე უღიარებია კონსტანტინე იმპერატორს და დედამისს, ელენეს. ამიტომაც ბუნდოვანია, თუ რატომ გამოიქცნენ რიფსიმე და მისი დედა–მძუძე გაიანე ნინოსთან და კიდევ ორმოცდაათ სულთან ერთად "საბერძნეთიდან", ანუ რომის იმპერიიდან. სწორი უნდა იყოს მოსაზრება, რომ ამ დროს ისინი იმყოფებოდნენ იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც 313–324 წლებში მართავდა ლიცინიუსი, ქრისტიანების მდევნელი. უნდა ვივარაუდოთ, რომ წმ. ქალწულები სწორედ ლიცინიუსის დევნას გამოექცნენ სომხეთში, სადაც ისინი მოვიდნენ, სავარაუდოდ 317 წლის 15 მარტს ("თთუესა პირველსა ათხუთმეტსა"; მარტის თვე რომის იმპერიაში წლის პირველ თვედ ითვლებოდა),[1]ხოლო იწამნენ 30 მარტს თრდატ მეფის ბაღში. ქალწულთაგან მხოლოდ ნინო გადარჩა, რომელიც ვარდის ბუჩქებში დაიმალა.[2]

სწორი უნდა იყოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლტოლვილ ქალწულთა მარშრუტში რომის იმპერიიდან სომხეთამდე შავ ზღვაზე გადიოდა.[3] "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს ქრონიკად წოდებულ ნაწილში ვკითხულობთ: "წარმოივლტოდა რი[ფ]სიმე ზღუად, გაჲ[ა]ნე და ნინო და სხუანი ვინმე მათ თანა გამოვიდეს არეთა სომხით[ი]სათა, საყოფელსა თრდატ მეფისასა. და იგინი იმარტჳლნეს მუნ".[4] შესაბამისად, ქალწულთა წამება უნდა მომხდარიყო იმდროინდელი სომხეთის დასავლეთ მხარეში, რომის იმპერიის საზღვრებთან ახლოს. სომხური ტრადიცია, თითქოს "რიფსიმეანთა" წამებას ვაღარშაპატში, ანუ დღევანდელ ეჩმიაწინში ჰქონოდეს ადგილი, აშკარად გვიანდელი შეთხზული უნდა იყოს, რადგან ვაღარშაპატიდან ქართლის სამეფო და კონკრეტულად, ფარავნის ტბა ჩრდილო–დასავლეთით მდებარეობს და არანაირად აღმოსავლეთით. ეს შეუსაბამობა შეუმჩნევია " მეფეთა ცხოვრების" ავტორს და "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ის სიტყვები – "ადეგ და ვიდოდე აღმოსავალით", ასე ჩაუსწორებია: "აღდეგ და ვიდოდე ჩრდილოთ–კერძო". როგორც ირკვევა, "რიფსიმეანთა" წამების ადგილი უნდა ყოფილიყო არა ვაღარშაპატი, არამედ ბასიანის ოლქში, მდ. არაქსის ზემო წელში მდებარე ქალაქი ვაღარშავანი, საიდანაც ფარავნის ტბა მართლაც აღმოსავლეთის მიმართულებით არის.[5]

სომხური ტრადიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომაული წარმოშობის ქალწული და მოწამე. ის და მისი თანამზრახველი წმინდა გაიანე სომხეთის ისტორიაში პირველ მოწამეებად ითვლებიან.

ლეგენდის მიხედვით წმ. რიფსიმე შეიყვარა თრდატ I–მა. მაგრამ როდესაც ცოლობა სთხოვა რიფსიმემ უარყო იმიტომ რომ ქრისტიანი იყო. ამის გამო სომხეთის მეფემ რიფსიმეს ენა მოაჭრა და უბრძანა ქვებით ჩაექოლათ, მისი მეგობარი გაიანე დანააწევრეს და ვეფხვებს შეაჭამეს.

სომხურმა ეკლესიამ რიფსიმე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 4 ივნისი დააწესა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ, ზაბილონიდან მირიანამდე, კლიო, 2003, № 17, გვ. 3–67
  2. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 332
  3. ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ, "რა ენაზე მოგვითხრობდა წმინდა ნინო?", წმინდა ნინო: სამეცნიერო კრებული, პროექტის ავტ. და ხელმძღვ. რევაზ სირაძე, თბ., არტანუჯი, 2008
  4. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 322
  5. ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ, "რა ენაზე მოგვითხრობდა წმინდა ნინო?", წმინდა ნინო: სამეცნიერო კრებული, პროექტის ავტ. და ხელმძღვ. რევაზ სირაძე, თბ., არტანუჯი, 2008