რისხვის მტევნები
რისხვის მტევნები, აპრილის ომი | |||||
---|---|---|---|---|---|
თარიღი | 11 – 27 აპრილი, 1996 | ||||
მდებარეობა | ლიბანი, ისრაელი | ||||
შედეგი | კონფლიქტის დეესკალაცია და არეალის შეზღუდვა. | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
რისხვის მტევნები ვიკისაწყობში |
რისხვის მტევნები (ივრ. מבצע ענבי זעם;, არაბ. حرب أبريل; აპრილის ომი) თექვსმეტდღიანი დაპირისპირება ჰეზბოლასა და ისრაელს შორის 1996 წლის 11–დან – 27 აპრილამდე ჩრდილოეთ ისრაელსა და სამხრეთ ლიბანში.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოპერაციის სახელწოდება აიღეს იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსი) მეთოთხმეტე თავის მეთვრამეტე მუხლიდან:
მიყავ მანგალი ეგე მახჳლი რისხჳსა და მოისთულენ ტევანნი იგი ვენაჴისა მის ქუეყანისანი, რამეთუ დამწიფებულ არს ყურძენი იგი ქუეყანისაჲ.
მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1982 წლიდან ჰეზბოლა აწყობდა პარტიზანულ თავდასხმებს ისრაელისა და სამხრეთ ლიბანის არმიის წევრებზე, საგუშაგოებზე, ყაზარმებზე და ა.შ. 1992 წელს ისრაელმა და ჰეზბოლამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რის შედეგადაც ორივე მხარემ იკისრა იერიშები მიეტანათ მხოლოდ კომბატანტებზე. 1996 წლის 30 მარტს ცაჰალის დაბომბვამ შეიწირა ორი სამოქალაქო პიროვნება იათირში, როდესაც ისინი წყალსაწნევი კოშკის შეკეთებას ცდილობდნენ. ამის საპასუხოდ ჰეზბოლამ დაიწყო სარაკეტო დარტყმების ინტენსიფიკაცია და ამჯერად დარტყმის ქვეშ მოაქცია ჩრდილოეთ ისრაელიც (რომელზეც ისრაელსა და ჰეზბოლას შორის გაფორმებული შეთანხმებით, დარტყმა არ უნდა მომხდარიყო). ისრაელისა და სამხრეთ ლიბანის არმიები 1996 წლის 11 აპრილს შეუდგნენ ოპერაცია რისხვის მტევნების განხორციელებას.
საბრძოლო მოქმედებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელის არმიის არტილერიამ და ავიაციამ იერიშები მიიტანა ბიქაას მუჰაფაზაში მყოფ მიზნებზე, რასაც ჰეზბოლამ სარაკეტო დარტყმების კიდევ უფრო ინტენსიფიკაციით უპასუხა, დაიწყო აპრილის ომი.
11 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელის არტილერიამ და ავიაციამ იერიშები მიიტანა ბაალბექზე, სუჯადისა და რიჰანის მაღლობებზე, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანსა და ბიქაას დაბლობზე. დაიჭრა და დაიღუპა ლიბანის რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორი ლიბანის არმიიდან. დაიწყო ისრაელის მოქალაქეების ევაკუაცია ჩრდილოეთ ისრაელიდან.
12 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრძოლები ორივე მხრიდან უფრო და უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს, ისრაელის ავიაციამ დაბომბა სამხრეთ ბეირუთი, რამალულ–ალიჰთან დაბომბვისას დაიღუპა სირიელი ოფიცერი. დაბა სუჰმურის დაბომბვისას – ცხრა ლიბანის მოქალაქე. ჰეზბოლამ მიიტანა იერიშები მეთულასა და ქირიათ–შემონაზე, დაიჭრა რამდენიმე ისრაელის მოქალაქე.
13 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰეზბოლამ სარაკეტო დარტყმა მოახდინა ქირიათ შემონაზე, ნაჰარიაზე და ჰა–გოშერიმზე. ისრაელის შვეულმფრენებმა იერიში მიიტანეს ტვიროსზე, ჰარფზე, ალ–მანსურიათზე, რასაც ათამდე ლიბანის მოქალაქე შეეწირა. შეტაკება მოხდა ად–დაბშათთან, სადაც ჰეზბოლას მებრძოლებმა დააზიანეს ისრაელის ვერტმფრენი, დაიღუპა ორი და დაიჭრა ათამდე ისრაელის სამხედრო მოსამსახურე. ჰეზბოლას მხრიდან დაიღუპა ერთი მებრძოლი და სამი– დაიჭრა, ისრაელის საზღვაო კორპუსმა ბლოკადაში მოაქცია ლიბანის ნავსადგურები.
14 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]14 აპრილს ჰეზბოლამ იერიშები მიიტანა ქირიათ შემონაზე, ნაჰარიაზე და ღაჯარზე, ისრაელმა – ნაბატიაზე და ბიქაას დაბლობზე. ამავე დროს არაბულ სახელმწიფოთა ლიგა, გაერო და საფრანგეთი მოითხოვენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას.
15 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თხუთმეტ აპრილს ისრაელმა ამ კონფლიქტში პირველად გამოიყენა 175 მმ M107 საარტილერიო სისტემები, რომლითაც დაიბომბა ნაბატია. ასევე დაიბომბა სამხრეთ ბეირუთი და ბიქაას დაბლობი. გაანადგურეს ბუსალამის ელექტროსადგური. ჰეზბოლამ სარაკეტო იერიშები მიიტანა ჩრდილოეთ ისრაელზე და სამხრეთ ლიბანის არმიის ყაზარმებზე ხიამთან, ათ–თაიბათსა და თიბნინთან.
16 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰეზბოლა აგრძელებს სარაკეტო იერიშებს ქირიათ–შემონასკენ. 16 აპრილს, დილის ექვს საათზე ისრაელი იწყებს სამიზნეების მასირებულ დაბომბვას არტილერიით – დაიღუპა ოცამდე ლიბანის მოქალაქე და ორასამდე დაიჭრა.
17 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]17 აპრილს საფრანგეთი კვლავ მოითხოვს საბრძოლო მოქმედებების უპირობო შეწყვეტას, ხოლო აშშ არ თანხმდება ამ ინიციატივას. ჰეზბოლას მიაქვს იერიში ხიამზე, ქირიათ შემონაზე, ნაჰარიაზე, ჰა–გოშერიმსა და ეილონზე. ისრაელი ახორციელებს დარტყმებს ტვიროსზე, ნაბატიაზე, შაქრაზე, მარაქათსა და ბიქაას დაბლობზე. ჰეზბოლას მებრძოლები თავს ესხმიან სამხრეთ ლიბანის არმიის საგუშაგოს ჰაბარიათთან, შეტაკებისას დაიღუპა შვიდი სამხრეთ ლიბანის არმიის მებრძოლი და დაიჭრა თოთხმეტი, ასევე ჰეზბოლას სამი მებრძოლი დაიღუპა.
18 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]18 აპრილს დილით ისრაელს იერიში მიაქვს ნაბატიაზე, რასაც ათამდე ლიბანის მოქალაქე შეეწირა. დაახლოებით შუადღის ორ საათზე, ისრაელის არტილერია ბომბავს ფიჯიელ მშვიდობისმყოფელთა ცენტრს დაბა ქანასთან, სადაც თავს აფარებდნენ ლტოლვილები ქანადან, რაშქანიდან, სიდუქიდან და ალ-ბუთმისპირა სოფლებიდან. 106 ადამიანი დაიღუპა, სამასამდე დაიჭრა. ჰეზბოლას, პალესტინის ისლამური ჯიჰადის, ალ-ყუდსის ბრიგადებისა და სხვა ორგანიზაციების მეთაურები დაიმუქრნენ "ღირსეული პასუხით ბარბაროსობაზე". ჰეზბოლამ იერიშები მიიტანა ქირიათ შემონაზე, ნაჰარიაზე, ღაჯარზე, ზაჰრათზე, ეილონზე, ჰა-გოშერიმზე, ხიამსა და მეთულაზე, ისრაელის ოცამდე მოქალაქე დაიჭრა.
19 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]19 აპრილს ღამით ჰეზბოლამ დაიწყო ისრაელის დასახლებების მასირებული დაბომბვა, დაიბომბა ქირიათ შემონა, შელომი, ჰანითა, ნაჰარია, ღაჯარი, მეთულა, ჰა–გოშერიმი, თავს დაესხნენ ცაჰალისა და სამხრეთ ლიბანის არმიის საგუშაგოებსა და ყაზარმებს ჰინიათთან, აზ–ზიბყინთან, ხიამთან, მარჯაიუნთან. ისრაელმა იერიშები მიიტანა ტვიროსზე და ბიქაას დაბლობზე. ყანის დაბომბვის შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციები დაჟინებით მოითხოვდნენ ცეცხლის შეწყვეტას.
20 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰეზბოლას იერიშები მიაქვს ქირიათ–შემონასა და ხიამზე, ისრაელის ავიაცია ბომბავს ჰარფსა და შაქრას, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ქვეყნის მასშტაბით. ლიბანის არმიის საგუშაგოს დაბომბვისას დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე ლიბანელი სამხედრო მოსამსახურე.
21 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორივე მხარე აგრძელებს დაბომბვას. ისრაელმა იერიშები მიიტანა ბიქაას დაბლობსა და ტვიროს–მარაქათის გზატკეცილზე, ჰეზბოლამ დაბომბა ნაჰარია და ეილონი.
22 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელის საზღვაო კორპუსმა იერიშები მიიტანა სულთანიაზე, სადაც გაანადგურეს წყალსაქაჩი და რეზერვუარები, დაანგრიეს ფავარის ხიდი. ჰეზბოლა აგრძელებდა ჩრდილოეთ ისრაელზე იერიშების მიტანას და თავდასხმებს საგუშაგოებზე.
23 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰეზბოლა თავს ესხმის საგუშაგოს მარუბთან და ბომბავს ჩრდილოეთ ისრაელს, ხოლო ისრაელს იერიშები მიაქვს აზ–ზაჰრანსა და აბულ–ასვადზე.
24 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]24 აპრილს ჰეზბოლამ დაბომბა ქირიათ–შემონა, შიშონი, სასა და ნაჰარია,ისრაელმა – ტვიროსი, ნაბათია და ბარუშითი. ამავე დროს მოეწყო ლიბანისა და აშშ–ს პრეზიდენტების შეხვედრა ნიუ–იორკში, ხოლო შითურში ლიბანის პრემიერ–მინისტრი რაფიყ ჰარირი და პარლამენტის თავმჯდომარე ნაბი ბირი შეხვდნენ აშშ სახელმწიფო მდივანს, უორენ კრისტოფერს. შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტის ძირითადი ასპექტები.
25 აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]25 აპრილს განთიადზე ისრაელმა დაბომბა დაბა იათარი და ბიქაას დაბლობი, ჰეზბოლამ – ნაჰარია და ჰა–გოშერიმი. 25 აპრილს საღამოს დაიწყო სიტუაციის დეესკალაცია.
ცეცხლის შეწყვეტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]26 აპრილს მოლაპარაკებები განახლდა და 27 აპრილს ჰეზბოლამ და ისრაელმა მიაღწიეს შეთანხმებას, რაც ფაქტობრივად 1993 წლის შეთანხმების ანალოგი იყო და ორივე მხარეს აკისრებდა მოვალეობას სამოქალაქო მოსახლეობის ხელშეუხებლობისა.
მსხვერპლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელის ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 3 სამხედრო მოსამსახურე და 5 სამოქალაქო პირი, 62 სამოქალაქო პირი დაიჭრა, ჰეზბოლამ დაჰკარგა 21 მებრძოლი და დაიჭრა ასამდე. ჰეზბოლას მონაცემებით დაიღუპა სამოცდაათზე მეტი მებრძოლი ცაჰალიდან და სამხრეთ ლიბანის არმიიდან, ხოლო ჰეზბოლას დანაკარგი შეფასდა 14 მებრძოლით. ასევე დაიღუპა 250–მდე ლიბანის მოქალაქე და 400–მდე დაიჭრა. დაიღუპა ერთი სირიელი ოფიცერი.