რიალტოს ხიდი
| რიალტოს ხიდი | |
|---|---|
| იტალ. Ponte di Rialt | |
|
რიალტოს ხიდი გრანდ არხის გადაკვეთაზე | |
| 45°26′16″ ჩ. გ. 12°20′08″ ა. გ. / 45.4380111° ჩ. გ. 12.3356389° ა. გ. | |
| ქვეყანა | იტალია |
| გადებულია | დიდი არხი |
| მასალა | ქვა |
| სიგანე | 22.90 [1] მ |
| კონსტრუქციის სიმაღლე | 7.32მ მ |
| მშენებლობის დაწყების თარიღი | 1588 |
| მშენებლობის დასრულების თარიღი | 1591 |
რიალტოს ხიდი (იტალ. Ponte di Rialto) — დიდ არხზე გადებული ოთხი ხიდიდან ყველაზე ძველი იტალიაში, ვენეციაში. აკავშირებს სან-მარკოსა და სან-პოლოს რაიონებს. 1173 წელს, როგორც პონტონის ხიდის, პირველი მშენებლობის შემდეგ რამდენჯერმე გადაკეთდა და ახლა ქალაქის მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.[2]
ამჟამინდელი ქვის ხიდი არის ერთმალიანი ნაგებობა, რომელიც ანტონიო და პონტეს მიერაა დაპროექტებული. მშენებლობა დაიწყო 1588 წელს და დასრულდა 1591 წელს. ნაგებობა იმ ხის ხიდის მსგავსია, რომელიც პონტემ ჩაანაცვლა. ორი პანდუსი მიემართება ცენტრალური პორტიკისკენ. პორტიკის ორივე მხარეს, გადახურულ პანდუსებზე, მაღაზიების რიგებია განთავსებული. ხიდის საინჟინრო გადაწყვეტა იმდენად გაბედულად მიიჩნეოდა, რომ არქიტექტორი ვინჩენცო სკამოცი მომავალ ნგრევას წინასწარმეტყველებდა. ხიდმა გაუძლო კრიტიკოსების ეჭვებს და ვენეციის ერთ-ერთ არქიტექტურულ სიმბოლოდ და უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდ არხზე პირველი მშრალი გადასასვლელი იყო პონტონის ხიდი, რომელიც 1181 წელს ნიკოლო ბარატიერიმ ააგო. ხიდს პონტე დელა მონეტა ერქვა, სავარაუდოდ, იმ ზარაფხანის გამო, რომელიც აღმოსავლეთ შესასვლელთან მდებარეობდა.[4]
აღმოსავლეთ სანაპიროზე რიალტოს ბაზრის განვითარებამ და მნიშვნელობის ზრდამ პონტონის ხიდზე მოძრაობა გააძლიერა, რის გამოც 1255 წელს ხის ხიდით ჩაანაცვლეს. ნაგებობას ჰქონდა ორი პანდუსი, რომლებიც მოძრავ ცენტრალურ ნაწილთან ერთდებოდა; აწევა შესაძლებელი იყო, რათა მაღალ ხომალდებს გაევლოთ. ბაზართან კავშირმა, საბოლოოდ, ხიდის სახელის შეცვლა გამოიწვია. მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში ხიდის გვერდებზე მაღაზიების ორი რიგი აშენდა. ქირა სახელმწიფო ხაზინას შემოსავალს შემოჰქონდა, რაც ხიდის შენარჩუნებას ეხმარებოდა.
ხის ხიდისთვის მოვლა-პატრონობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. 1310 წელს, ბაჯამონტე ტიეპოლოს მეთაურობით მოწყობილი აჯანყების დროს, ნაწილობრივ დაიწვა. 1444 წელს ხიდი ჩაინგრა იმ ხალხის სიმრავლის სიმძიმით, რომელიც ფერარას მარკიზის ქორწილის სანახავად იყო შეკრებილი, ხოლო 1524 წელს კიდევ ერთხელ ჩამოიშალა.
ხიდის ქვით გადაკეთების იდეა პირველად 1503 წელს გაჟღერდა. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში რამდენიმე პროექტი განიხილეს. 1551 წელს ხელისუფლებამ, სხვა საკითხებთან ერთად, რიალტოს ხიდის განახლებისთვის პროექტების წარდგენა მოითხოვა. გეგმები ცნობილმა არქიტექტორებმა, მათ შორის იაკოპო სანსოვინომ, ანდრეა პალადიომ და ვინოლამ წარადგინეს, თუმცა ყველა მათგანი ითვალისწინებდა კლასიკურ მიდგომას რამდენიმე თაღით, რაც არსებულ სიტუაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს. ხიდის დიზაინერად მიქელანჯელოს კანდიდატურაც კი განიხილებოდა.
სხვა სახელწოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდს რობერტ ბრაუნინგის პოემაში „გალუპის ტოკატა“ „შაილოკის ხიდი“ ეწოდება. სავარაუდოდ, იმის გამოა, რომ შაილოკი ამ ხიდს ახსენებს „ვენეციელი ვაჭრის“ პირველი მოქმედების მესამე სცენაში, როდესაც ანტონიოს (ვენეციელ ვაჭარს) მიმართავს: „ხშირად და ბევრჯერ, რიალტოზე გილანძღივარ მე“.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღამის ხედი
- გონდოლიერები რიალტოს ხიდთან ახლოს, დიდ არხზე, გონდოლების რიგის გვერდით გადიან
- წმინდა მარკოზის რელიეფის დეტალი ხიდზე
- ხიდის ხედი XVI საუკუნის უსათაურო იტალიური გრავიურიდან
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rialto Bridge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 November 2019. ციტირების თარიღი: 14 Nov 2019
- ↑ Dupré, Judith (2017). Bridges: A History of the World's Most Spectacular Spans. New York: Hachette/Black Dog & Leventhal Press. ISBN 978-0-316-47380-4.
- ↑ Povoledo, Elisabetta (30 March 2017). „3 Are Held on Suspicion of Plot to Attack Rialto Bridge in Venice“. The New York Times. ციტირების თარიღი: 31 March 2017. ციტატა: „The Italian police announced on Thursday that they had dismantled a suspected jihadist cell whose members had discussed blowing up the Rialto Bridge, one of the top tourist attractions in Venice“
- ↑ Molmenti, Pompeo (13 October 1906). Venice: Its Individual Growth from the Earliest Beginnings to the Fall of the Republic. Chicago: A.C. McClurg & Co., გვ. 29.