რეჯებ ნიჟარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეჯებ დედიაღის ძე ნიჟარაძე, რეჯებ-ბეგ ნიჟარაძე (დ. 1873 — გ. 1937) — ქართველი იურისტი და საზოგადო მოღვაწე, ქართველ მაჰმადიანთა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი.

დაიბადა ქობულეთის მხარის მემამულის დედე-აღას (ნიჟარაძე) ოჯახში. 1888 წელს ილია ჭავჭავაძის დახმარებით გახდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი პირველი მოსწავლე სამუსლიმანო საქართველოდან. უმაღლესი განათლება ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო. იურისტად მუშაობდა თბილისსა და ბაქოში. აქ მან მონაწილეობა მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს სექციის, ქართული დაწყებითი 2-კლასიანი სკოლის, სამკითხველოს, წიგნის მაღაზიისა და გაზეთ „მარცვალის“ დაარსებაში. 1911 წელს გადასახლდა ბათუმში, სადაც არჩეული იყო ქალაქის საბჭოს წევრად (ხმოსნად) და ქალაქის მმართველობის წევრად. ზრუნავდა მაჰმადიანი ქართველების განათლებასა და მათ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციაზე. I მსოფლიო ომის ბოლოს იყო სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრი, 1918 წელს — სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელი საქართველოს ეროვნულ საბჭოში, ქობულეთის მაზრის უფროსი. თურქეთთან ურთიერთობის საკითხზე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან კონფლიქტი მოუხდა, რის გამოც ერთი პერიოდი დაპატიმრებული იყო.

1921 წლის მარტში საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში ჩადგა. იყო ბათუმის რევოლუციური კომიტეტის წევრი, შემდეგ აჭარის ასსრ იუსტიციის სახალხო კომისარი; მონაწილეობდა აჭარის პირველი კონსტიტუციის და კანონმდებლობის შედგენაში. 1924 წელს აირჩიეს აჭარის ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარედ. 1930-იან წლებში იყო აჭარის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე. 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1956 წელს. 2019 წელს მისი სახელი მიენიჭა ერთ-ერთ ქუჩას ბათუმში.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კომახიძე მ. საბჭოთა ადვოკატურის 50 წელი. თბ., 1974;
  • სურმანიძე რ. ტრაგედია ბათუმში (1937-1938 წლები). თბ., 2014;
  • მისირელი გ. გუარი ესე, რომელ არს ნიჟარაძე. თბ., 2005;
  • შარაძე გ. მემედ აბაშიძე 1873-1937. თბ.-ბათუმი, 1995;
  • წულუკიძე ვ. განათლების ისტორიისათვის აჭარაში. ბათუმი, 2002;
  • სურმანიძე რ. თავადაზნაურობა და მათი ოჯახები ბათუმის ოლქში 1912 წ. თბ., 2016.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]