რეფორმაცია შოტლანდიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ ნოქსი, მთავარი შოტლანდიელი რეფორმატორი. კათოლიკური ეკლესიისა და მარია სტიუარტის მოსისხლე მტერი

რეფორმაცია შოტლანდიაში (1528-1625)  — ეკლესიური განხეთქილება შოტლანდიელ პროტესტანტებსა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის XVI-XVII საუკუნეებში, რომელიც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ შოტლანდია პროტესტანტულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. პროტესტანტების წინამძღოლები იყნენ – ჯონ ნოქსი, ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი ელისაბედ I და შოტლანდიელი არისტოკრატიის დიდი ნაწილი, ხოლო კათოლიკეთა წინამძღოლები იყვნენ სტიუარტთა დინასტია, გიზების დინასტია და თავად რომის პაპი.

შოტლანდიური რეფორმაციის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმზ V-ის ეპოქა (1528-1559)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმზ V და მისი მეორე მეუღლე, დედოფალი მარია დე გიზი

1528 წელს შოტლანდიის ერთპიროვნული მმართველი ჯეიმზ V ხდება, რომელმაც თავი აარიდა მისი მეზობლის, ჰენრი VIII-ის პოლიტიკას და მის რელიგიურ ცვლილებებს. თუმცა ამის მიუხედავად შოტლანდიელებში უკვე მწიფდებოდა რეფორმაციის იდეა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ყოველ წლიურად თითოეულ კათოლიკურ სახელმწიფოს რომის პაპისათვის 72 000 ოქროს მონეტა უნდა გადაეხადა, რაც შოტლანდიის მსგავსი, ეკონომიკურად დუხჭირ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებისათვის ნამდვილად ძალიან რთული გადასახდელი იყო, ამიტომაც ევროპაში თანდათან იზრდებოდა პროტესტანტთა რიცხვი.

სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით შოტლანდიაში მეფე პროტესტანტებს არ დევნიდა, ვინაიდან იგი არ იყო დაინტერესებული ქვეყანაში სისხლისღვრით, ამის გამო შოტლანდიაში, სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდებოდა ახალი რელიგია. ფულის დაზოგვის მიზნით, არაერთი ძლიერი ფეოდალი გადავიდა პროტესტანტიზმზე, როგორიცაა ანგუსის გრაფი, ჰამილტონის ჰერცოგი, ალბანის ჰერცოგი, მენენსის გრაფი, წმინდა ენდრიუსის სახელობის უნივერსიტეტის მფლობელი და სხვა მრავალი. რა თქმა უნდა პროტესტანტ ხალხს სრულებიდაც არ ხიბლავდათ მათ ქვეყანაში კათოლიკე მეფე, ამიტომაც საზოგადოებაში თანდათან მეფის მიმართაც გაჩნდა უკმაყოფილება.

1541 წელს შოტლანდიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც პროტესტანტიზმი მთელს ქვეყანაში აიკრძალა და მათი დევნა და ხოცვა ნებადართული გახდა. 1542 წელს მეფე ჯეიმზ V ინგლისთან ომის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა, რის გამოც იგი იმავე წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა. ტახტზე ადის მისი ერთადერთი, სულ ერთი კვირის ახალშობილი გოგონა მარია I სტიუარტი.

მარია I სტიუარტის მმართველობა (1542-1567)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არანის რეგენტობა (1542-1554)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია სტიუარტის მცირეწლოვანების გამო შოტლანდიის მართვა დედამისმა, დედა დედოფალმა და ამავდროულად ჯეიმზ V-ის ქვრივმა მარია დე გიზმა დაიწყო. მარია დე გიზი წარმოშობით ფრანგი იყო და გარდა საფრანგეთისა, მას დიდი ძალაუფლება ჰქონდა ლოთარინგიაშიც. ის კათოლიკობის თავგამოდებული დამცველი იყო და მაშინვე პროტესტანტების საშინელი ხოცვა, რბევა და წამება დაიწყო. შოტლანდიელ დიდგვაროვნებს ფრანგი ქალის ასეთი თავგასულობა არ მოსწონდათ, ამიტომაც მარია სტიუარტის რეგენტად პროტესტანტი არანის ლორდი დანიშნეს. არანმა პროტესტანტებს თავისუფლება მიანიჭათ, რის გამოც ინგლისსა და გერმანიაში გადახვეწილი შოტლანდიელი რეფორმატორები კვლავ სამშობლოს დაუბრუნდნენ.

ლორდი არანი პროინგლისური პოლიტიკის გამტარებელი იყო, რის გამოც მან დადო გრინვინჩის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც დედოფალი მარია სტიუარტი ცოლად უნდა გაჰყოლოდა ინგლისის ტახტის მემკვიდრე — ედუარდ ტიუდორს. მარია დე გიზმა რა თქმა უნდა იცოდა, რომ თუ ეს ქორწინება შედგებოდა შოტლანდია ინგლისის ნაწილი გახდებოდა და ამავდროულად პროტესტანტიზმზე მოექცეოდა. 1547 წელს დედა დედოფალმა ფარულად დაამყარა კავშირი საფრანგეთს მეფე ანრი II-სთან და მარია სტიუარტი მის ვაჟზე, საფრანგეთის დოფინ ფრანსუა დე ვალუაზე დანიშნა. ამ ფაქტის გამჟღავების შემდგომ განრისხებულმა ჰენრი VIII-მ შოტლანდია ააოხრა და ამასთან მარია სტიუარტის მოტაცებაც სურდა, თუმცა მარია დე გიზმა ეს წინასწარ გათვალა და დედოფალი საგულდაგულოდ გადამალა ინჩმეხის მონასტერში, ღვთისმოშიშ მონაზვნებთან. ამრიგად, 1548 წელს დედოფალი მარია სტიუარტი თავის ოთხ ფრეილინთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა, შოტლანდიაში კი ფრანგული არმია ჩავიდა და ინგლისელები განდევნა.

მარია დე გიზის რეგენტობა (1554-1560)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია სტიუარტი საფრანგეთში

1554 წელს მარია დე გიზმა მოახერხა ლორდი არანისათვის რეგენტის ტიტულის ჩამორთმევა და შოტლანდიის რეგენტი თავად გახდა. მარია დე გიზის შოტლანდიაში რეგენტობა ხასიათდება ფრანგული გავლენის ზრდით. მარია დე გიზმა საფრანგეთიდან თავდაცვის მიზნით გამოიხმო ათასობით ფრანგი ჯარისკაცი და თითქმის ყველა შოტლანდიურ ციხე-სიმაგრეში განალაგა.

1558 წლის 24 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მარია სტიუარტი და საფრანგეთის დოფინი ფრანსუა დე ვალუა დაქორწინდნენ. საქორწინო კონტრაქტის საიდუმლო მუხლის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ მარია სტიუარტი ისე გარდაიცვლებოდა, რომ შვილი არ ეყოლებოდა, შოტლანდია ავტომატურად გადადიოდა საფრანგეთის მეფის განკარგულებაში. ამ ამბავმა შოტლანდიური არისტოკრატიის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც აჯანყებამდე მიიყვანა საქმე, რომელსაც მარია დე გიზი ძლივს გადაურჩა ცოცხალი. ამ ორი პირობის გათვალისწინებით შოტლანდია ორად გაიხლიჩა. მდგომარეობას უფრო ართულებდა მარია სტიუარტის პრეტენზია ინგლისის ტახტზე, რომელზეც ელისაბედ I იჯდა. ამან უიმედოდ და უაზროდ გააფუჭა ინგლისთან ურთიერთობა.

პირველი რეფორმაციული კრიზისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1559 წლის 10 ივლისს საფრანგეთის მეფე ანრი II გარდაიცვალა და ტახტზე ფრანსუა II ადის მარიამ სტიუარტთან ეთად. შოტლანდიის ყველაზე ძლიერმა და წარჩინებულმა ლორდებმა 1559 წლის მაისში, შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში მოაწყვეს დიდი აჯანყება. ისინი მოითხოვდნენ, რომ ფრანგებს დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ შოტლანდია და ტახტიდან გადამდგარიყო მარია დე გიზი. მარია დე გიზი სასწრაფოდ გაიქცა ედინბურგიდან და თავი დუნბარიის ციხესიმაგრეს შეაფარა და საფრანგეთში მყოფ შვილს სასწრაფო დახმარება სთხოვა. მარია სტიუარტმა და ფრანსუა II-მ სასწრაფოდ გაგზავნეს დიდი ჯარები შოტლანდიაში აჯანყების ჩასახშობად.

1559 წლის ბოლოს საფრანგეთმა კვლავ განაახლა კონტროლი შოტლანდიაში და რეგენტად ისევ მარია დე გიზი დასვეს.  მალე შოტლანდიელმა დიდებულებმა დაიწყეს ახალი დამხმარის ძებნა და იპოვნეს კიდეც ინგლისის დედოფალი ელისაბედ I ტიუდორი.  ელისაბედი განაწყენებული იყო მარია სტიუარტზე და  უნდოდა შოტლანდიის დაპყრობა ისევე როგორც ნებისმიერ ინგლისის მმართველს. ელისაბედი ეხმარებოდა შოტლანდიელებს ინტრიგების მოწყობაში მარია დე გიზის წინააღმდეგ. ამის გამო მარია სტიუარტმა თავისი ნათესაური კავშირის გამო ინგლისის ტახტზე პრეტენზია კვლავ გამოთქვა. მარიას უამრავი ინგლისელი კათოლიკე უჭერდა მხარს ხოლო ელისაბედს კი შოტლანდიელი პროტესტანტები.

1560 წლის იანვარში ინგლისური ფლოტის ბლოკდა შევიდა შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგის პორტ ლეიტში. ინგლისური ფლოტი მოიცავდა 6000 ჯარისკაცს და 3000 მხედარს. მიუხედავად ინგლისელთა სიმრავლისა ფრანგული არმია უფრო კარგად იყო ორგანიზებული და უფრო უკეთეს პოზიციაზეც იდგა. მაგრამ ამას დაემთხვა საფრანგეთის შიდა არეულობები და ეკონომიკური გაჭირვება. ამიტომაც ედინბურგში მყოფ ფრანგების ჯარს მხოლოდ შოტლანდიელთა მცირე ამალა ეხმარებოდა.  საფრანგეთში არანაკლებ რთული სიტუაცია იყო ამიტომაც ფრანსუა თავის დაცვაზე უფრო ფიქრობდა ვიდრე ედინბურგის დახმარებაზე. 1560 წლის 6 ივლისს ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას რომლის მიხედვითაც საფრანგეთის ჯარები სამუდამოდ ტოვებდნენ შოტლანდიას.  თუმცა მმართველად მაინც მარია დე გიზი და მარია სტიუარტი რჩებოდნენ.  მალე გათამამებულმა შოტლანდიის პროტესტანტებმა დედოფალ მარია სტიუარტს და ფრანსუა II დე ვალუას მოსთხოვეს ხელის მოწერა საბუთზე რომლის მიხედვითაც შოტლანდია პროტესტანტულად ცხადდებოდა. თუმცა მათ ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს და შოტლანდია კვლავ კათოლიკედ რჩებოდა. 1560 წლის 11 ივლისს მარია დე გიზი გარდაიცვალა, 44 წლის ასაკში.

მარია სტიუარტის დაბრუნება და შიდა არეულობები (1560-1567)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია სტიუარტი და მისი ვაჟი ჯეიმზ VI

1560 წლის 5 დეკემბერს ფრანსუა II გარდაიცვალა, რის გამოც 1561 წელს მარია სტიუარტი შოტლანდიაში დაბრუნდა. მას სამშობლოში იმაზე ბევრად რთული ვითარება დახვდა ვიდრე თავად ფიქრობდა. მისი ხელშეწყობით სიტუაცია შედარებით დაცხრა ვინაიდან მან პროტესტანტებს გარკვეული უფლებები მიანიჭათ. თუმცა პროტესტანტიზმის მეთაური ჯონ ნოქსი კატეგორიულად მოითხოვდა დედოფლისგან ან პროტესტანტიზმის მიღებას, ან ტახტიდან გადადგომას. სწორედ ამიტომ დედოფალსა და ბერს შორის ურთიერთობა თავიდანვე საშინლად დაიძაბა. მარია სტიუარტის სულ რაღაც 6 წლიანი მმართველობა უამრავი არეულობითა და ქაოსით იყო სავსე.

ის ცდილობდა პოლიტიკური ქორწინებით კვლავ ჩაეხშო პროტესტანტები და ამ მიზნით ის განიხილავდა შვედეთის მეფეზე და ესპანეთის ტახტის მემკვიდრეზე ქორწინებას, თუმცა ის ელისაბემა გააფრთხილა, რომ თუკი ის ვინმე კათოლიკე მონარქს გაჰყვებოდა, ამას ომის გამოცხადებად ჩათვლიდა და შოტლანდიას ააოხრებდა. იქიდან გამომდინარე, რომ მას ზურგს საფრანგეთი აღარ უმაგრებდა შეშინდა და ორივე ქორწინება ჩაშალა. თუმცა 1565 წელს ის ცოლად გაჰყვა მისსავე პროტესტანტ მამიდაშვილ ჰენრი სტიუარტს, რომელიც დარნლეის, ალბანისა და როსის მმართველი იყო. თუმცა ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება მალევე გაჩნდა. 1566 წელს კი მარიამ ვაჟი გააჩინა, რომელსაც მამის პატივსაცემად ჯეიმზი დაარქვა. ამ პერიოდისათვის დედოფალს ბოთველის ლორდი უყვარდება რაც ხალხში და არისტოკრატიაში დიდი განხილვის სფერო და უკმაყოფილების მიზეზი ხდება. 1567 წელს კი დედოფალმა ჰენრი ბოთველს მოაკვლევინა და მალევე მას გაჰყვა ცოლად. ამან არა მხოლოდ შოტლანდიელების გაოცება და განრისხება გამოიწვია, არამედ მთელი ევროპის მონარქებისა, რომლებიც მოუწოდებდნენ ბოთველს გაჰყროდა და თავისი ღირსება აღედგინა. ამას ურჩევდნენ ფილიპე II, შარლ IX, ეკატერინე მედიჩი, ელისაბედ I და ერიკ XIV-ც.

გარდა ამისა, მისმა ამგვარმა საქციელმა დედოფლის წინააღმდეგ აამხედრა როგორც პროტესტანტი, ისე კათოლიკე შოტლანდიელები. 1567 წლის 15 დეკემბერს მარიასა და ბოთველის არმია დაუპირისპირდა მთელი შოტლანდიური არისტოკრატიის გაერთიანებულ ჯარს. ამ ბრძოლაში მარია და ბოთველი დამარცხდნენ, რის გამოც ბოთველი დანიაში გაიქცა, ხოლო მარია ინგლისში. ამრიგად დედოფალი ტახტიდან ჩამოაგდეს და ტახტზე მისი ვაჟი ჯეიმზ VI დასვეს, რომელიც პროტესტანტი იყო. მის რეგენტად კი ასევე პროტესტანტი მარიას ნახევარძმა დაინიშნა. ამრიგად შოტლანდია პროტესტანტული სახელმწიფო გახდა, დედოფალი მარია კი ელისაბედ I-მა დაატყვევა.

ჯეიმზ VI-ის მმართველობა (1567-1625)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმზ VI

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას პროტესტანტი მმართველები ჰყავდა, არეულობა მაინც გრძელდებოდა. ხალხს არ სურდა მარია სტიუარტის ვაჟის მეფობა, რის გამოც სამოქალაქო ომი დაიწყო. პროტესტანტები ჯეიმზის გადადგომასა და კათოლიკებისაგან ქვეყნის დაცლას მოითხოვდნენ. უკვე ედინბურგის სასახლესთან მისული ბრბო სამეფო არმიამ ძლივს დაარბია. 1573 წელს მიღებულ იქნა ახალი კანონმდებლობა, რომელიც გულისხმობდა შოტლანდიის ახალ რელიგიაზე გადასვლასა და პროტესტანტიზმის გამარჯვებას. 1587 წელს ღალატის ბრალდებით ელისაბედ I-მა მარია სტიუარტს თავი მოჰკვეთა. იმის გამო, რომ ელისაბედს ჯეიმზთან უთანხმოება თავიდან აეცილებინა, ის თავის მემკვიდრედ გამოაცხადა.

ჯეიმზის პოლიტიკა მართალია არ კრძალავდა, თუმცა იგი ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის დამოუკიდებლობას და მის საქმეებში ჩარევას ცდილობდა. ჯეიმზმა შემოიღო შოტლანდიაში კალვინიზმი და მოახდინა საეკლესიო საკუთრების სეკულარიზაცია, გაანაწილა რა კონფისკებული მიწების უმეტესი ნაწილი თავადაზნაურებს შორის. შოტლანდიურმა ეკლესიამ, რომელმაც მიიღო პრესვიტერიანული ეკლესიის სახელწოდება, ჟენევისგან ისესხა კალვინიზმის მკაცრი რეჟიმი და ძალზედ მაღლა დააყენა სასულიერო წოდება, რომელიც ეკლესიას მართავდა თავის სინოდებზე. შოტლანდიურ რეფორმაციულ მოძრაობაში თავადაზნაურობის მონაწილეობის შედეგად, შოტლანდიის ეკლესიის რესპუბლიკური ორგანიზაცია გამოირჩეოდა არისტოკრატიული ხასიათითაც.

1603 წელს ჯეიმზი ინგლისისა და ირლანდიის მეფე ხდება თუმცა, შოტლანდიაში სიტუაცია მაინც საკმაოდ დაძაბულია. უამრავი ბრძოლისა და სისხლისღვრის შემდგომ შოტლანდია პროტესტანტულ სამეფოდ დარჩა. 1625 წლამდე კონფლიქტები გრძელდებოდა, თუმცა შოტლანდიის რეფორმაცია საბოლოოდ 1625 წელს დასრულდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]