რენტგენოლოგია
რენტგენოლოგია — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის რენტგენის სხივების გამოყენებას ადამიანის ორგანიზმის მორფოლოგიური და ფუნქციური მდგომარეობის დასადგენად და ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ.
რენტგენოლოგია ჩამოყალიბდა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. რენტგენის სხივების აღმოჩენის (1895) შემდეგ. XX საუკუნის II ნახევარში, რომლის სწრაფი განვითარება დაკავშირებულია სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევებთან (რენტგენოლოგიური გამოსახულების ელექტრონულოპტიკური გამაძლიერებლის შექმნა, რენტგენოტელევიზია, ვიდეომაგნიტური ჩაწერა). რენტგენოლოგიური კვლევის ძირითადი მეთოდებია რენტგენოსკოპია (გამოსახულება მიიღება ფლუოროსკოპულ ეკრანზე); რენტგენოგრაფია (გამოსახულება მიიღება რენტგენის ფირზე — რენტგენოგრამა); ორგანოების გამოკვლევა ორგანიზმში რენტგენოკონტრასტული საშუალებანის შეყვანის შემდეგ; ტომოგრაფია (ორგანოების შრეობრივი გამოკვლევა); რენტგენოკიმოგრაფია (ორგანოების მოძრაობის შესწავლა; ელექტრორენტგენოგრაფია (სპეციალური დანადგარის საშუალებით გამოსახულება მიიღება საწერ ქაღალდზე); ფლუოროგრაფია (გამოსახულება მიიღება მცირეფორმატიან რენტგენის ფირზე). სამამულო რომლის პიონერები იყვნენ ა. იანოვსკი, ი. თარხნიშვილი, ხ. ჩერკასოვი, ი. როზენბლატი, დ. რეშეტილო, ო. დენი, ს. გრიგორიევი; გ. ზედგენიძის, მ. ნემენოვის, ს. რეინბერგის სახელებთან არის დაკავშირებული სამხედრო-საველე და სამხედრო-საზღვაო რენტგენოლოგიის შექმნა.
ისტორიულად რენტგენოლოგია რადიოლოგიასთან არის დაკავშირებული. ეს ნაწილობრივ აისახა ინსტიტუტების, საზოგადოებების, ჟურნალების, ყრილობების დასახელებაში (რენტგენორადიოლოგიური). პირველი რენტგენოლოგიური კერა რუსეთში ჩაისახა 1896 წელს პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიასა და კლინიკურ ინსტიტუტში. 1918 წელს პეტროგრადში დაარსდა რენტგენოლოგიის, რადიოლოგიისა და კიბოს ინსტიტუტი. შემდეგ ანალოგიური ინსტიტუტები შეიქმნა ხარკოვში, კიევში, მოსკოვში და სხვაგან. 1934 წლიდან დაარსდა ე. წ. რენტგენოლოგიური ცენტრები (შემდგომ რენტგენოლოგიური სადგურები, განყოფილებები და სხვა). რენტგენოლოგიას ასწავლიან სამედ ინსტიტუტების რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრებზე და უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტებზე. 1919 წელს დაარსდა რენტგენოლოგთა და რადიოლოგთა რუსეთის-ასოციაცია. საბჭოთა პერიოდში რენტგენოლოგები გაერთიანებული იყვნენ რენტგენოლოგთა და რადიოლოგთა საკავშირო სამეცნიერო-საზოგადოებაში (1969 წლიდან შედიოდა რადიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოებაში).
საქართველოში მეცნიერული რენტგენოლოგიის ფუძემდებლებად ითვლებიან ა. კვალიაშვილი და გ. ნაზარიშვილი. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტთან დაარსდა რენტგენოლოგიის კათედრა; რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრები არსებობს სამედიცინო ინსტიტუტშიც. 1956 წელს შეიქმნა რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ონკოლოგიურ სამეცნიერო ცენტრს შეუერთდა. სამამულო რენტგენოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს რ. ვეფხვაძემ, ა. ჩაჩავამ, ნ. ქუთათელაძემ, კ. გიორგამემ და სხვ. 1958 წესლ შეიქმნა რენტგენოლოგთა და რადიოლოგთა რესპუბლიკური საზოგადოება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგაძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 362.
|