შინაარსზე გადასვლა

რენტგენოგრამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გულმკერდის პირდაპირი რენტგენოგრამა

რენტგენოგრამა — შუქმგრძნობიარე მასალაზე (ფოტოფირზე, ფოტოფირფიტაზე) რეგისტრირებული ობიექტის გამოსახულება, რომელიც წარმოიქმნება რენტგენის სხივების ნივთიერებასთან ურთიერთქმედების შედეგად. რენტგენის სხივებით ობიექტის დასხივების დროს შეიძლება მოხდეს რენტგენის სხივების შთანთქმა, არეკვლა ან დიფრაქცია. რენტგენოგრამა, რომელიც იძლევა ობიექტის „საჩრდილობელ“ გამოსახულებას, მიიღება გამოსაკვლევი ობიექტის სხვადასხვა უბნის მიერ რენტგენის სხივების არათანაბარი შთანთქმის შედეგად (აბსორბციული რენტგენოგრამა). მას იყენებენ ბიოლოგიური ობიექტების გამოსაკვლევად (კერძოდ, მედიცინაში), მასალებში და კონსტრუქციებში სხვადასხვა დეფექტის აღმოსაჩენად (დეფექტოსკოპია), არაორგანული მასალების არაერთგვაროვანი შედგენილობის გამოსაკვლევად (პროექციული რენტგენული მიკროსკოპია). დიფრაქციულ რენტგენოგრამას, რომელსაც ღებულობენ კრისტალური მასალით რენტგენის სხივების დიფრაქციული გაბნევის შედეგად, იყენებენ რენტგენული სტრუქტურული ანალიზის ამოცანების გადასაწყვეტად. რენტგენოგრამას, რომელიც აფიქსირებს რენტგენის გამოსხივების ინტენსიურობის განაწილებას გამოსაკვლევი სხეულის ზედაპირიდან სრული გარე არეკვლის შედეგად, იყენებენ რენტგენულ რეფლექტომეტრიაში ზედაპირული ფენებისა და თხელი აფსკების ფიზიკური და გეომეტრიული პარამეტრების შესაფასებლად.