რემონტნოეს კვართის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რემონტნოეს კვართის ეკლესია
რემონტნოეს კვართის ეკლესია — რუსეთი
რემონტნოეს კვართის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა რემონტნოე
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნის 50-60-იანი წლები

რემონტნოეს კვართის ეკლესია (რუს. Покровская церковь) — ყოფილი მართლმადიდებლური ტაძარი რემონტნოეს რაიონის სოფელ რემონტნოეში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1849 წელს ახალგადმოსახლებული მოსახლეობის შეკრებაზე სტანიცა რემონტნოეში შეიქმნა სოფლის თემი და მიიღეს გადაწყვეტილება აეშენებინათ სამლოცველო. ასტრახანის სასულიერო კონსისტერიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 1850 წელს სამლოცველო ააგეს და აკურთხეს ღვთისმშობლის კვართის სახელზე. 1851 წლის სექტემბერში სამლოცველო დაიწვა.

ამავე წლის ბოლოს სტანიცის მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება აეშენებინათ ახალი ეკლესია. 1852 წელს დამწვარ სამლოცველოსთან ახლოს ააგეს და გახსნეს სამლოცველო სახლი. 1853 წელს ეკლესია აკურთხა მღვდელმა ვასილი დილიგენსკიმ.

სამი წლის შემდეგ ეკლესია გადაეცა სტანიცა ტორგოვუიუს, ხოლო სტანიცა რემონტნოეს მოსახლეობამ გადაწყვიტა აეშენებინა ახალი ეკლესია. ღვთისმშობლის კვართის ეკლესია ააშენეს XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანი წლების დასაწყისში. ეკლესიის შტატი შედგებოდა სამი ადამიანისაგან, მღვდელი, დიაკვანი და მეფსალმუნე. 1873 წელს კვართის ეკლესიაში გაიხსნა ოლქში პირველი საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

1891 წელს კვართის ეკლესიის მახლობლად ააშენეს და აკურთხეს ვაჟთა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. ვაჟთა სკოლის გვერდით 1892 წელს ააშენეს ქალთა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. აქვე მდებარეობდა სახალხო სასოფლო სკოლა.

1895 წელს კვართის ეკლესიას ჩაუტარეს რემონტი და მიაშენეს ორი საკურთხეველი. ამის შემდეგ კვართის ეკლესიას გარდა მთავარი საკურთხევლისა, რომელიც ნაკურთხი იყო ღვთისმშობლის კვართის სახელზე, ჰქონდა ორი საკურთხეველი: ჩრდილოეთისა - მოციქულთასწორი კონსტანტინესა და დედამისის, მოციქულთასწორის ელენეს სახელზე და სამხრეთისა - მიტროფანე ვორონეჟელის სახელზე. ეკლესიის ახალი საკურთხევლები აკურთხა მღვდელმა იოანე ნიგროვსკიმ. ეკლესიის ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები შეიძინეს მოსახლეობის მიერ შეწირული თანხებით. ხატები ეკლესიისათვის დაწერა მოსკოველმა ხელოსანმა სემიონ შვარიოვმა.

1920 წელს რუსეთში გამოცხადდა ყალმუხი ხალხის ავტონომიური ოლქი, სადაც შევიდა სოფელი რემონტნოეც. 1921 წელს რემონტნოეს მიენიჭა ქალაქის სტატუსი. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო გახდა რემონტნოეს საქალაქო საბჭო. 1923 წელს რემონტნოე კვლავ სოფელი გახდა.

საბჭოთა პერიოდში დაიწყო ეკლესიის დევნა, თუმცა კვართის ეკლესია განაგრძობდა ფუქციონირებას. ღვთისმსახურება მასში გრძელდებოდა 1934 წლამდე, რის შემდეგაც ეკლესია ოფიციალურად დახურეს. 1936 წელს ეკლესიის შენობა დაანგრიეს. მის ადგილზე ააშენეს კაფე „Огонёк“. დანგრეული ეკლესიის სახსოვრად კულტურის სახლთან დადგეს სამახსოვრო თაღი მოოქროვილი გუმბათით და მართლმადიდებლური ჯვრით[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]