რემიგიუსი
რემიგიუსი (ფრანგ. Remi, ლათ. Remigius; დ. დაახლ. 437 — გ. 13 იანვარი, 533) — რეიმსის ეპისკოპოსი 459 წლიდან, ფრანკების მოციქული.
ითვლება, რომ სწორედ მან მოაქცია სალიკი ფრანკები ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, 498 წლის 25 დეკემბერს მონათლა მეროვინგების დინასტიის პირველი მეფე ხლოდვიგ I 3000 ჯარისკაცთან და თანამოაზრესთან ერთად. ეს ფაქტი არის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი ევროპული ქრისტიანობის ისტორიაში. სწორედ მაშინ გახდა რეიმსის საკათედრო ტაძარი ადგილი, სადაც მომავალში საფრანგეთის ყველა მეფე და იმპერატორი გვირგვინს იდგამდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა რემიგიუსი დაიბადა დაახლოებით 437 წელს ლაონის ეპარქიაში. ითვლება, რომ იგი წარმოშობით მდიდარი გალო-რომაული ოჯახიდანაა, მისი მამა იყო ლაონის გრაფი ემილი, ხოლო დედა იყო წმინდა სელინი, სუასონის ეპისკოპოსის ქალიშვილი. რემიგიუსმა სასულიერო განათლება მიიღო რეიმსში და მალე გახდა ცნობილი თავისი სწავლითა და სიწმინდით. 22 წლის ასაკში აირჩიეს რეიმსის ეპისკოპოსად.
წმინდა რემიგიუსის სახელთან დაკავშირებულია სუასონის თასის ლეგენდა. სწორედ რემიგიუსმა და ხლოდვიგის ცოლმა, კლოტილდამ შეძლეს დაერწმუნებინათ ხლოდვიგი და მიეღო ქრისტიანობა. ჯერ კიდევ მონათვლამდე, ხლოდვიგმა უხვად დააჯილდოვა როგორც თავად ეპისკოპოსი, ასევე რეიმსის ქრისტიანი მაცხოვრებლები. 496 წელს ტოლბიაკის ბრძოლაში ალემანებზე გამარჯვების შემდეგ, მეფემ სთხოვა რეიმსის ეპისკოპოსს მოენათლა იგი და მისი 3000 ჯარისკაცი (გრიგოლ ტურელის მიხედვით), რაც მოხდა 498 წლის 25 დეკემბერს (ეს თარიღი საკმაოდ პირობითია; უფრო ზუსტი იქნება იმის თქმა, რომ ეს მოვლენა მოხდა 496-დან 500 წლებს შორის.).
მეფემ გულუხვად დააჯილდოვა რემიგიუსი. „Gallia Christiana“-ს ავტორები ამბობენ, რომ ფრანკებმაც გაუკეთეს საჩუქრები წმინდა რემიგიუსს და ეპისკოპოსმა ყველაფერი გადასცა რეიმსის საკათედრო ტაძარს.
წმინდა რემიგიუსი გარდაიცვალა 533 წელს დადაკრძალეს რეიმსის საკათედრო ტაძარში, საიდანაც რეიმსის ეპისკოპოსმა გინკმარმა ბრძანა მისი ნაწილები ეპერნეში გადაეტანათ ვიკინგების დარბევის პერიოდში. 1099 წელს სიწმინდეები გადაასვენეს წმინდა რემიგიუსის სააბატოში.