შინაარსზე გადასვლა

რეგინა ზბარსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგინა ზბარსკაია
დაბადების სახელი რეგინა კოლესნიკოვა
დაბადების თარიღი 27 სექტემბერი 1935
ვოლოგდალენინგრადის ოლქი, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 15 ნოემბერი1987 (52 წლის)
მოსკოვი სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა მოდელი
სიმაღლე 170 სმ.
მეუღლე(ები) ლევ ზბარსკი

რეგინა ნიკოლაევნა ზბარსკაია (დ. 27 სექტემბერი, 1935, ვოლოგდა (სხვა წყაროს მიხედვით — ლენინგრადის ოლქი) ― გ. 15 ნოემბერი, 1987 , მოსკოვი) — საბჭოთა მოდელი. მსოფლიოში ცნობილი გახდა 1960-იანი წლების დასაწყისში. დიდი პოპულარობა მოიპოვა პარიზში, სადაც უწოდეს "კრემლის ყველაზე ლამაზი იარაღი", მოგვიანებით "საბჭოთა სოფი ლორენი" შეარქვეს.[1][2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგინასა და მისი მშობლების დაბადების ადგილის შესახებ ორი ვერსია არსებობს. ისინი, ვინც რეგინას პირადად იცნობდნენ, ამტკიცებდნენ, რომ იგი დაიბადა ვოლოგდაში, სადაც მისი დედა, დარია ტიხონოვნა კოლესნიკოვა ექიმად მუშაობდა, ხოლო მამა, ნიკოლაი დემენტიევიჩ კოლესნიკოვი, გადამდგარი ოფიცერი იყო. სხვა ვერსიით, რომელიც არ არის დადასტურებული სერიოზული წყაროებით, რეგინას მამა იყო იუგოსლავიიდან, თავად რეგინა დაიბადა ლენინგრადში; მშობლები ცირკის ტანმოვარჯიშეები იყვნენ და როდესაც მათი ქალიშვილი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, ცირკის გუმბათის ქვეშ ილეთის შესრულების დროს სასიკვდილოდ დაიმტრვნენ, რის შემდეგაც გოგონა ბავშვთა სახლში აღმოჩნდა.

1953 წელს ჩვიდმეტი წლის რეგინა კოლესნიკოვა ჩავიდა მოსკოვში და ჩაირიცხა ს.ა. გერასიმოვის სახელობის სრულიად რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში (ВГИК) ეკონომიკის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში რეგინა ხშირად ჩნდებოდა "ბოჰემურ" წვეულებებზე, სადაც ერთ დღეს შენიშნა მაშინდელმა ცნობილმა დიზაინერმა ვერა არალოვამ. სწორედ ამ შეხვედრიდან დაიწყო რეგინას სამოდელო კარიერა. არალოვამ რეგინას საკუთარ ჩვენებებში მონაწილეობით  მსოფლიოს აჩვენა, რომ მოდა საბჭოთა კავშირშიც არსებობდა. ფრანგულმა ჟურნალმა Paris Match-მა მას უწოდა "კრემლის ყველაზე ლამაზი იარაღი".  როდესაც ვიაჩესლავ ზაიცევმა ზბარსკაიას „პაჟის“ ვარცხნილობა გაუკეთა, მისგან შექმნა "იტალიელი ლამაზმანის" იმიჯი, რეგინა დასავლურ პრესაში "საბჭოთა სოფი ლორენად" მონათლეს.

1958 წელს რეგინამ იტალიელი მომღერლის  — სილვანას როლი შეასრულა ფილმში „მეზღვაური კომეტიდან“, რომელიც იმავე წელს გამოვიდა. (ფილმის ტიტრებში წერია, როგორც რ. კოლესნიკოვა).[4][5]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგინას ერთადერთი ქმარი იყო მოსკოველი მხატვარი ფელიქს-ლევ ზბარსკი, მეცნიერ ბორის ზბარსკის ვაჟი. ისინი დაქორწინდნენ 1960-იანი წლების დასაწყისში. 1967 წელს რეგინა დაორსულდა, მაგრამ ლევ ზბარსკის არ სურდა შვილები, ამის გამო მან  გადაწყვიტა აბორტი გაეკეთებინა, რის შემდეგაც ცდილობდა დანაშაულის გრძნობის ჩახშობას ანტიდეპრესანტებით. ამ დროს ფელიქს-ლევ ზბარსკი გატაცებული იყო მსახიობი მარიანა ვერტინსკაიათი, შემდეგ კი წავიდა ლუდმილა მაკსაკოვასთან, რომელთანაც 1970 წელს ვაჟი შეეძინა.

ამ მოვლენების შემდეგ, რეგინა მძიმე დეპრესიის ნიშნებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა.

საბჭოთა არალეგალი მზვერავი ვიტალი შლიკოვი თავის ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ იგი ცხოვრობდა ზბარსკაიასთან ერთი წლის განმავლობაში მის ბინაში, უფრო მეტიც, იმ პერიოდში, როდესაც ის ჯერ კიდევ ოფიციალურად  დაქორწინებული იყო, მაგრამ აღარ ცხოვრობდა ქმართან. სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა რეგინას თვითმკვლელობის ერთ-ერთი მცდელობა (ფრჩხილის მაკრატლით მიიყენა თვითდაზიანებები). სუიციდის მცდელობის მთავარ მიზეზად შლიკოვმა დაასახელა ყველაზე ძლიერი სტრესი მას შემდეგ, რაც კაგებე-ს  მოდელის გადაბირების მცდელობა ჰქონდა შანტაჟის გამოყენებით. ასევე თავის მოგონებებში მან კატეგორიულად უარყო სხვადასხვა წყაროებში გამოთქმული ვარაუდი იმის შესახებ, რომ რეგინა თანამშრომლობდა უშიშროების კომიტეტთან და სხვადასხვა გზით ეხმარებოდა დეპარტამენტს საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში.[6]

საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ზბარსკაია, მოდელების სახლის დირექტორის მოადგილის, ელენა სტეპანოვნა- ვორობეის დახმარებით, პოდიუმზე დაბრუნდა. მისი შემდეგი რომანის გმირი ახალგაზრდა იუგოსლავიელი ჟურნალისტი გახლდათ, რომელმაც რეგინა საკუთარი პოპულარობისთვის გამოიყენა. მალე მისი ავტორობით გამოიცა წიგნი გერმანულ ენაზე "ასი ღამე რეგინა ზბარსკაიასთან", სადაც ნათლად იყო აღწერილი ეროტიკული სცენები, ასევე ინფორმაცია ზბარსკაიას სავარაუდო კავშირების შესახებ ცენტრალური კომიტეტის წევრებთან და კომპრომატები სხვა მოდელებზე.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური სკანდალის შემდეგ ზბარსკაიამ სამჯერ სცადა თვითმკვლელობა, მესამე მცდელობა წარმატებით დასრულდა —მოდელი საძილე აბებით მოწამლული გარდაიცვალა 1987 წლის ნოემბერში 52 წლის ასაკში.

ასევე არსებობს ვერსია, რომ რეგინა ზბარსკაია გარდაიცვალა სახლში და არა საავადმყოფოში. ამ ვერსიით, ის ბინაში ტელეფონის ყურმილით ხელში გარდაცვლილი იპოვეს. კოლეგები მოდელების სახლიდან მის დაკრძალვაზე არ მივიდნენ, ცხედარი კრემირებული იყო. მისი გარდაცვალების გარემოებები საიდუმლოდ დარჩა, ხოლო დაკრძალვის ადგილი უცნობია. ერთი ვერსიით, იგი დაკრძალეს ვოლოგდაში მამისა და მამიდის გვერდით.

ვიაჩესლავ ზაიცევმა ინტერვიუში  ჟურნალ „ოგონიოკ“-თან მის შესახებ განაცხადა:

"რეგინა ზბარსკაია არა მხოლოდ განსაცვიფრებელი სილამაზით გამოირჩეოდა, არამედ ჭკვიანიც იყო. მას ტრაგიკული ბედი ჰქონდა. მაგრამ მე მას ყოველთვის ვაღმერთებდი. მივიყვანე მოდის სახლში, როგორც „ტიპური ფიგურა“  —  მოდელი, რომელზეც კეთდებოდა სინჯები. იგი დამლაგებლადაც მუშაობდა. მე მას ყველანაირად ვუჭერდი მხარს ბოლომდე."

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რეგინა ზბარსკაიას გარდაცვალების ამბავი მოთხრობილია გადაცემების ციკლის "გამოძიებას ატარებდნენ ..." 305 გამოშვებაში;
  • თოქ-შოუს "მოდით ვილაპარაკოთ" ერთ-ერთი გამოშვება თითქმის მთლიანად რეგინა ზბარსკაიას მიეძღვნა;
  • გადაცემა „სილამაზე საბჭოურად.  მოდელის ბედი „ ტელეარხზე „ისტორია“ მიეძღვნა რეგინა ზბარსკაიას;
  • 2015 წელი — კინოკომპანიებმა FILM.UA-მ და Shpil-მა გადაიღეს თორმეტსერიანი ფსევდობიოგრაფიული მხატვრული ფილმი „წითელი დედოფალი“ რეგინა ზბარსკაიას ბიოგრაფიის მიხედვით (ქსენია ლუკიანჩიკოვა ასრულებს მის როლს). სერიალის პრემიერა  შედგა 2015 წლის 5 ოქტომბერს უკრაინაში ტელეარხ „ინტერზე“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Regina Zbarskaya — Russian Sophia Loren (ინგლ.)
  2. КГБ и мода: как жили и чем кончили звезды подиума СССР. (რუს.)Москва 24 (19 მაისი 2014). ციტირების თარიღი: 16 აპრილი 2021.
  3. Марина Чернова. КРАСНАЯ КОРОЛЕВА დაარქივებული 2019-06-23 საიტზე Wayback Machine. . газета Премьер (№12 (960) от 29 მარტი 2016).
  4. Топ-модель советской эпохи: Регина Збарская დაარქივებული 2020-02-20 საიტზე Wayback Machine. (რუს.)
  5. Исидор Анненский (რეჟისორი). Матрос с "Кометы" [ფილმი].(რუს.) Мосфильм. (1958).
  6. Леонид Млечин (автор). Документальное кино Леонида Млечина "Признания нелегала" [სატელევიზიო გადაცემა]. ТВ Центр. (2018).(რუს.)