რეაქტიული ძრავა
რეაქტიული ძრავა — ძრავა, რომელიც მოძრაობისათვის აუცილებელი წევის ძალის წარმოსაქმნელად პირველად ენერგიას გარდაქმნის მუშა სხეულის რეაქტიული ჭავლის კინეტიკურ ენერგიად. ძრავას საქშენიდან მუშა სხეულის გამოდინების შედეგად იქმნება რეაქტიული ძალა ჭავლის რეაქციის (უკუცემის) სახით. ეს ძალა გადააადგილებს სივრცეში ძრავას და მასთან კონსტრუქციულად დაკავშირებულ აპარატს ჭავლის გამოდინების საწინააღმდეგო მიმართულებით. რეაქტიული ჭავლის კინეტიკურ ენერგიად რეაქტიულ ძრავაში შეიძლება გარდაიქმნას ენერგიის სხვადასხვა სახეობა (ქიმიური, ბირთვული, ელექტრული, მზისა). რეაქტიული ძრავა (პირდაპირი რეაქციის ძრავა) მოიცავს საკუთრივ ძრავას მაძრავთან ერთად. თანამედროვე რეაქტიულ ძრავაში პირველად ენერგიად უფრო ხშირად ქიმიურ ენერგიას იყენებენ. ამ შემთხვევაში მუშა სხეული წარმოადგენს, გავარვარებულ აირებს — ქიმიურ სათბობის წვის პროდუქტებს. რეაქტიული ძრავის მუშაობის დროს დამწვარ ნივთიერებათა ქიმიური ენერგია გარდაიქმნება წვის პროდუქტების სითბურ ენერგიად, ხოლო ცხელი აირების სითბური ენერგია – რეაქტიული ჭავლის (და, მაშასადამე, ძრავათი აღჭჯურვილი აპარატის) წინსვლითი მოძრაობის მექანიკურ ენერგიად. ნებისმიერი რეაქტიული ძრავის მთავარი ნაწილია წვის კამერა, რომელშიც წარმოიქმნება მუშა სხეული. კამერის ბოლო ნაწილს, რომლის დანიშნულებაა მუშა სხეულის აჩქარება და რეაქტიული ჭავლის მიღება, რეაქტიულ საქშენს უწოდებენ.
გარემოს გამოყენების თვალსაზრისით განასხვავებენ რეაქტიული ძრავების 2 ძირითად კლასს: ჰაერრეაქტიულ ძრავებსა (ჰრძ) და რაკეტულ ძრავებს (რძ). პირველი კლასის რეაქტიული ძრავები (ჰრძ) მუშა სხეულის ძირითად მასას (ატმოსფერულ ჰაერს) გარემოდან იღებენ, მეორე კლასისა (რძ) კი მუშა სხეულის ყველა კომპონენტითაა აღჭჯურვილი, რაც აუცილებელია მათ კოსმოსში სამუშაოდ. არსებობს აგრეთვე კომბინირებული რძ-ები, რომლებიც 2 ძირითადი ტიპის ერთობლიობაა.
რეაქტიული მოძრაობის პრინციპი ცნობილი იყო დაახლოებით I საუკუნეში ახ. წ. (ე. წ. ჰერონის სფერო). მყარსაწვავიანი რაკეტული ძრავები (დენთის რაკეტები) პირველად ჩინეთში გამოჩნდა ახ. წ. X საუკუნეში; ასეული წლების მანძილზე იყენებდნენ მათ ჯერ აღმოსავლეთში, მერე კი ევროპაში საფეიერვერკო, სასიგნალო და საბრძოლო მიზნებისათვის. 1903 წლიდან თხევადსაწვავიანი რაკეტული ძრავების (თრძ) შექმნაზე მუშაობდა კ. ციოლკოვსკი. პირველი საბჭოთა თრმ-ები (ორმ, ორმ-1, ორმ-2) შეიქმნა ვ. გლუშკოს ხელმძღვანელობით (1930-1931).
რეაქტიული ძრავების გამოყენების სფერო მეტად ფართოა, უმთავრესად კი საფრენ აპარატებში (სამოქალაქო, სამხედრო და კოსმოსური თვითმფრინავები, შვეულმფრენები და სხვა) იყენებენ. რეაქტიული ძრავების ძირითადი მახასიათებლებია: რეაქტიული წევა, კუთრი იმპულსი (ან საწვავის კუთრი ხარჯი), ძრავას კუთრი მასა. რეაქტიული ძრავების მრავალი ტიპისათვის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია გაბარიტები და რესურსი. არსებული რეაქტიული ძრავების წევა მერყეობს კნ-ის ნაწილებიდან ასეულ კნ-მდე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 322.