შინაარსზე გადასვლა

რეანიმატოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეანიმატოლოგია (რეანიმაცია და ძვ. ბერძნ. λόγος [lógos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ტერმინალური მდგომარეობის პროფილაქტიკის, ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების ჩაქრობისა და აღდეგენის ძირითად კანონზომიერებებს. რეანიმატოლოგიის თეორიული საფუძველია აგონიის, ე. წ. კლინიკური სიკვდილისა და დაკარგული ან შეცვლილი სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენის პროცესების პათოლოგიური ფიზიოლოგია. ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენის პრაქტიკული მეთოდების კომპლექსს აერთიანებს ცნება „რეანიმაცია".

მომაკვდავი ადამიანის გაცოცხლების ცდები ცნობილია უძველესი დროიდან, როლდესაც სუნთქვისა და გულის მუშაობის აღსადგენად მიმართავდნენ სხვადასხვა გამღიაზიანებელ საშუალებას (სითბო, ტკივილი), სისხლის გამოშვებას, გულის გარეგან მასაჟს, ხელოვნური სუნთქვას (პირით-პირში) და სხვა. XVII საუკუნის დასასრულიდან დაიწყო ორგანიზმის კვდომისა და მისი ცხოიველმოქმედების აღდგენის პროცესების კანონზომიერებათა შესწავლა.

რეანიმატოლოგია, როგორც მედიცინის დამოუკიდებელი სამეცნიერო-პრაქტიკული დარგი, ჩაისახა XX საუკუნის შუა წლეებში. ამას ხელი შეუწყო შოკის არსისა და II მსოფლიო ომის პერიოდში დაჭრილთა სუნთქვის უკმარისობის შესწავლამ, 50-იანი წლების დასაწყისში ევროპაში პოლიომიელიტის ეპიდემიების დროს სუნთქვითი უკმარისობის საწინააღმდეგო ზომების შემუშავებამ, პათოლოგიური ფიზიოლოგიის გულმკერდის ქირურგიული თერაპიის, ტრაანსპლანტოლოგიის, ანესთეზიოლოგიის, ფარმაკოლოგიისა და მედიცინის სხვა დარგების განვითარებამ. რომლის განვითარება დაკავშირებულისა აგრეთვე თანამედროვე ტექნიკური მიღწევებთან (ელექტრონული სასიგნალო აპარატაურის, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის აღმადგენი, სისხლის წიდისაგან გამწმენდი და სხვა აპარატების შექმნა) და სხვა.

რეანიმატოლოგია შეისწავლის გულ-სისხლძარღვთა, ცენტრალური ნერვული, სუნთქვისა და სხვა სისტემების ფუნქციებს, რომლის პრობლემებია სიცოცხლიდან ბიოლოგიურ სიკვდილში გარდამავალი და გაცოცხლების პერიოდებში მოფთხდარი შეუქცევადი ცვლილებების კრიტერიუმების შესწავლა; ტერმინალური მდგომარეობის მკურნალობისა და პროფილაქტიკური, აგრეთვე პოსტრეანიმაციული პერიოდის მკურნალობის რაციონალური და სრულყოფილი მეთოდების დამუშავება; კლინიკური სიკვდილის გახანგრძლივების (ანუ ბიოლოგიური სიკვდილის დაყოვნების) ახალი გზების ძიება, რისთვისაც იყენებენ ჰიპოთერმიას, ჰიპერბარულ ოქსიგენაციას, ხელოვნურ სუნთქვას, დამხმარე სისხლის მიმოქცევას, ახალ ფარმაკოლოგიურ პრეპარატებს და სხვა. რეანიმატოლოგია თავის მეთოდებს იყენებს არა მარტო ორგანიზმის ტრავმის შედეგად განვითარებული დარღვევების, აგრეთვე მოწამვლის ან ოპერაციის შემდგომი გართულებების დროს, არამედ ყველა იმ დაავადებისას, რომელიც შეიძლება ავადმყოფის სიცოცხლის საშიშროების უშუალო მიზეზი გახდეს.