რგოლებიანი ნერპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რგოლებიანი ნერპა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pusa hispida (Schreber, 1775)
სინონიმები
  • Phoca hispida
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41672
გავრცელება

რგოლებიანი ნერპა, რგოლებიანი სელაპი (ლათ. Pusa hispida, Phoca hispida) — ფარფლფეხიანი ძუძუმწოვარი ნამდვილი სელაპების ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 1,6 მეტრამდე, გარშემოწერილობამ შესაძლოა სიგრძის 80%-იც შეადგინოს; მასა 110 კილოგრამამდე. თავი მომრგვალებულია, დინგი მოკლე, ბლაგვი. ფერად მუქი რუხია, აყრია ღია ფერის რგოლები (აქედან სახელწოდება), მუცელი ვერცხლისფერი, თითქმის სულ ლაქების გარეშე, ნაშიერებს ხშირი თეთრი ბეწვი აქვთ. გავრცელებულია ყველა არქტიკულ ზღვასა და წყნარი და ატლანტის ოკეანეების ჩრდილოეთ ნაწილებში, უმთავრესად ნაპირებთან ახლოს ან პაკის ყინულების საზღვრებთან. გამოყოფენ 5 ქვესახეობას, რომელთაგან ორი ლადოგისა და საიმის ტბებში ბინადრობს. იკვებება მცირე ზომის თევზებითა და კიბოსნაირებით. დაახლოებით 60 სანტიმეტრის სიგრძის ნაშიერს ყინულზე შობს, ჩვეულებრივ ხორგებს შორის თოვლის სოროში, ზამთრის ბოლოს და გაზაფხულზე; სქესობრივ სიმწიფეს 5–6 წელში აღწევს. პოპულაციის დიდი ნაწილი არ მიგრირებს და ერთ რაიონში მთელი წლის მანძილზე რჩება. არქტიკული სანაპიროს ყველა მკვიდრი ხალხის სარეწაო ობიექტია, წარმოადგენს ბეწვის ნედლეულის, საჭმლისა და ძაღლების საკვების ერთ-ერთ მთავარ წყაროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]