შინაარსზე გადასვლა

რაჰმონ ნაბიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაჰმონ ნაბიევი
ტაჯ. Раҳмон Набиевич Набиев
ტაჯიკეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 დეკემბერი, 1991 – 7 სექტემბერი, 1992
წინამორბედიკახარ მახკამოვი
მემკვიდრეაკბარშო ისკანდაროვი

ტაჯიკეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 სექტემბერი – 2 დეკემბერი, 1991
წინამორბედიკადრიდინ ასლონოვი
მემკვიდრესაფარალი კენჯაევი

ტაჯიკეთის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 აპრილი, 1982 – 14 დეკემბერი, 1985
წინამორბედიჯაბარ რასულოვი
მემკვიდრეკახარ მახკამოვი

ტაჯიკეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივლისი, 1973 – 20 აპრილი, 1982
წინამორბედიაბდულაჰად კახაროვი
მემკვიდრეკახარ მახკამოვი

დაბადებული5 ოქტომბერი, 1930
შაიჰბურჰონი, ლენინაბადის ოლქი, ტაჯიკეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
გარდაცვლილი11 აპრილი, 1993 (62 წლის)
ხოჯენდი, ლენინაბადის ოლქი, ტაჯიკეთი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
ტაჯიკეთი
ეროვნებატაჯიკი
პოლიტიკური პარტიასაკავშირო კომუნისტური პარტია (1961–1991)
ტაჯიკეთის კომუნისტური პარტია (1991–1993)
მეუღლემაირამ ნაბიევა
შვილებირუსტამი, რაშიდი, მუნავარა
განათლება1) ლენინაბადის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი
2) ტაშკენტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ირიგაციის ინჟინერთა ინსტიტუტი
პროფესიაინჟინერი
საქმიანობაპოლიტიკოსი
რელიგიასუნიტური ისლამი
ჯილდოები
ლენინის ორდენი ოქტომბრის რევოლუციის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი

რაჰმონ ნაბიევი (ტაჯ. Раҳмон Набиев; დ. 5 ოქტომბერი 1930 — გ. 11 აპრილი 1993) — საბჭოთა და ტაჯიკი პარტიული და პოლიტიკური მოღვაწე, ტაჯიკეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1973 წლიდან 1982 წლამდე, ტაჯიკეთის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი 1982 წლიდან 1985 წლამდე, დამოუკიდებელი ტაჯიკეთის პირველი პრეზიდენტი 1991 წლიდან 1992 წლამდე.

დაიბადა ყიშლაყ შაიხბურხონში, რომელიც მდებარეობს ახლანდელი გაფუროვის რაიონის ტერიტორიაზე სოღდის ოლქში უზბეკურ ოჯახში. 1946 წელს მუშაობა დაიწყო კოლმეურნეობაში. ამავე წელს შევიდა ლენინაბადის სოფლის მეურნეობის ტექნიკუმში, რომლის დასრულების შემდეგ, 1949 წელს, სწავლა განაგრძო ტაშკენტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ირიგაციის ინჟინერთა ინსტიტუტში.

1954 წლიდან 1955 წლამდე მუშაობდა ისფისორის რაიონის მანქანა-ტრაქტორთა სადგურში ინჟინრად, ხოლო 1956–1960 წლებში მთავარ ინჟინრად. 1959 წლიდან ხოჯენტის (დღევანდელი გაფუროვის) რაიონის სარემონტო-ტექნიური სადგურის დირექტორია, ტაჯიკეთის სსრ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, რესპუბლიკური გაერთიანების „ტაჯიკსელხოზტექნიკის“ თავჯდომარის მოადგილე.

პოლიტიკური მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წლიდან პარტიულ სამუშაოზეა. 1971–1973 წლებში ტაჯიკეთის სსრ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრია, ხოლო 1973 წლიდან 1982 წლამდე კი ტაჯიკეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 1982 წლიდან იკავებს ტაჯიკეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობას. 1985 წელს გაათავისუფლეს ყველა თანამდებობიდან ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებულების გამო[1].

1986 წლიდან 1991 წლამდე ტაჯიკეთის ბუნების დაცვის საზოგადოების ცენტრალური საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეა. იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს 9-11 მოწვევის დეპუტატი (1974–1989) ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან[2].

1990 წელს აირჩიეს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ხოლო 1991 წლის სექტემბერში გახდა მისი თავმჯდომარე.

ტაჯიკეთის პრეზიდენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 24 ნოემბერს ტაჯიკეთის სსრ-ში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გამარჯვებას რაჰმონ ნაბიევმა მიაღწია და მიიღო ხმების 56,92 %[3]. მისი მთავარი კონკურენტი იყო დავლათ ხუდონაზაროვი, რომელმაც მიიღო ხმების 30 %[4]. ოპოზიციამ ხელისუფლება დაადანაშაულა არჩევნების გაყალბებაში[4]. 21 დეკემბერს რაჰმონ ნაბიევმა ხელი მოაწერა ალმა-ათაში დსთ-ის შექმნის ხელშეკრულებას. 1992 წლის 2 მარტს მისი პრეზიდენტობის პერიოდში ტაჯიკეთი გახდა გაეროს სრულუფლებიანი წევრი. 1992 წელს რაჰმონ ნაბიევმა ხელი მოაწერა კოლექტრიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ხელშეკრულებას.

ტაჯიკეთის სამოქალაქო ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი[5]. მისი დაწყების მიზეზი გახდა დუშანბეს ოპოზიციონერი მერის დაპატიმრება. თავდაპირველად, ხალხი ითხოვდა „დემოკრატიულ“ რეფორმებს, ახალი კონსტიტუციის მიღებას და გენერალ მამადაიოზ ნავჯუვანოვის დაბრუნებას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც არაკანონიერად იყო გათავისუფლებული[5]. პრეზიდენტმა ნაბიევმა და პარლამენტის სპიკერმა კანჯაევმა აღადგინეს იგი თანამდებობაზე. მალევე დაიწყო მოძრაობა სპიკერის, მთელი პარლამენტისა და შემდეგ პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. დუშანბეში დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები მთავარ მოედანზე. მალევე მოედნის მეორე მხარეზე დაიწყო პროსამთავრობო მიტინგი, რომლის წევრებიც მხარს უჭერდნენ პრეზიდენტ ნაბიევს. ორივე მხარე იყო შეიარაღებული, რასაც მოჰყვა არეულობა ქალაქში. ოპოზიციამ აიღო პრეზიდენტის სასახლე. 11 მაისს ოპოზიციის გავლენით ნაბიევი დათანხმდა კოალიციური მთავრობის შექმნაზე.

აგვისტოში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. დუშანბეში დაიწყო ისლამისტების გამოსვლა. 1992 წლის 7 სექტემბერს დუშანბეს აეროპორტიდან ნაბიევი ცდილობდა ხოჯენდში გაფრენას. იგი შეაჩერა ხალხის მასამ, რომელიც ძირითადად კრიმინალური ელემენტებისაგან შედგებოდა. ამავე დღეს ნაბიევმა ხელი მოაწერა გადადგომის განცხადებას.

რაჰმონ ნაბიევი გარდაიცვალა 1993 წლის 11 აპრილს ხოჯენდში, საკუთარ სახლში, ოფიციალური ვერსიით ინფარქტის შედეგად[6]. ნათესავები არ გამორიცხავდნენ მკვლელობის ვერსიას[7].

დაკრძალეს ხოჯენდში. დამკრძალავ კომისიას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი აბდულმალიქ აბდულაჯანოვი. ნაბიევის სახელი ეწოდება ქუჩებს, სკოლებს და სხვადასხვა დაწესებულებებს ტაჯიკეთში.

იყო დაოჯახებული, მისი ქვრივია მაირამ ნაბიევა[7]. ჰყავდათ სამი შვილი რუსტამი, რაშიდი და მუნავარა. უფროსი შვილი რაშიდი გარდაიცვალა 1997 წელს, ქალიშვილი მუნავარა — ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატია[7].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. От Гафурова до Рахмона: Взгляд на заслуги пяти руководителей Таджикистана
  2. Список депутатов Верховного Совета СССР 11 созыва. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტირების თარიღი: 2021-03-31.
  3. „НАБИЕВ Рахмон Набиевич“. Centrasia.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-03. ციტირების თარიღი: 2021-09-01.
  4. 4.0 4.1 Евтушик Е. Бывший первый коммунист Таджикистана стал президентом, Журнал Коммерсантъ
  5. 5.0 5.1 Таджикистан: конфликт власти и народа. Уроки истории. Centrasia.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-10. ციტირების თარიღი: 2021-09-01.
  6. „Как хоронили лидеров стран СНГ“. Газета «Коммерсантъ». 25.04.2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. 7.0 7.1 7.2 Откровения супруги первого президента. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-25. ციტირების თარიღი: 2021-01-16.