შინაარსზე გადასვლა

რაჰიბ მამედოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაჰიბ მამედოვი
ეროვნება აზერბაიჯანელი
დაბადების თარიღი 25 აგვისტო, 1967(1967-08-25)
დაბადების ადგილი მაჰრიზლი, აღდამი, აზერბაიჯანის სსრ
გარდაცვალების თარიღი 2 თებერვალი, 1987 (19 წლის)
გარდაცვალების ადგილი ხობი, საქართველოს სსრ
კუთვნილება საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ-ის შეიარაღებული ძალები
ჯილდოები წითელი ვარსკვლავის ორდენი

რაჰიბ მამედოვი (აზერ. Rahib Gülmalı oğlu Məmmədov; 25 აგვისტო, 1967, მაჰრიზლი, აღდამი, აზერბაიჯანის სსრ2 თებერვალი, 1987, ხობი, საქართველოს სსრ) — აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი.

რაჰიბ მამედოვი დაიბადა 1967 წლის 25 აგვისტოს, აღდამის რაიონის სოფელ მაჰრიზლიში. 1984 წელს დაამთავრა სოფელ მაჰრიზლის საშუალო სკოლა, რის შემდეგაც ჩააბარა ქალაქ აღდამში მდებარე სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციისა და მექანიზაციის ტექნიკუმში. ტექნიკუმში ერთწლიანი სწავლების შემდეგ, 1985 წლის ნოემბერში სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო სამსახურს ის საქართველოში, ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ნაწილში გადიოდა.[1]

რაჰიბ მამედოვი, 20 წლის ასაკში, 1987 წელს სამხედრო სამსახურში ყოფნისას, ხობის რაიონის ჭალადიდის თემში მომხდარი ბუნებრივი სტიქიის (წყალდიდობა) დროს, 28 ადგილობრივის გადარჩენისას დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ, მას საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 1987 წლის 22 ივლისს წითელი ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვეს.

მამადოვმა წყალდიდობის დროს ჭალადიდში 28 ადგილობრივის სიცოცხლე იხსნა.[2]

  • ბაქოში, ხათაის რაიონში არსებობს რაჰიბ მამედოვის სახელობის ქუჩა.[3]
  • საშუალო სკოლაში, სადაც მამედოვი სწავლობდა, მისი სახელობის მუზეუმი შეიქმნა.
  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მამედოვის ძეგლია აღმართული. ძეგლს 2012 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა. ძეგლზე ინგლისურ და ქართული ენებზე დატანილია შემდეგი ტექსტი:
ვიკიციტატა
„რაჰიბ მამმადოვმა 1987 წელს, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, სტიქიის სამაშველო ღონისძიებების დროს, გადაარჩინა 28 ადგილობრივი მცხოვრები და გმირულად დაიღუპა. გარდაცვალების შემდგომ დაჯილდოვდა მაღალი სახელმწიფო ჯილდოთი.“
  • 1997 წელს, რაჰიბ მამედოვის ხსოვნას მიეძღვნა გარდაბანში ჩატარებული საერთაშორისო ბოქსის ტურნირი.