რახელი
რახელი | |
---|---|
რეიჩელი და იაკობი, უილიამ დაისი | |
დაიბადა | არაუადრეს ძვ. წ. 1870 და არაუგვიანეს ძვ. წ. 1590 |
გარდაიცვალა |
არაუადრეს ძვ. წ. 1770 და არაუგვიანეს ძვ. წ. 1490 ქანაანი |
დასაფლავებულია | Rachel's Tomb |
ხსენების დღე | 15 იანვარი |
მოღვაწეობა | homemaker[1] |
ენა | Canaanite |
ეროვნება | Hebrews |
მეუღლე | იაკობი[2] |
შვილ(ებ)ი | იოსები[3] და ბენიამინი[4] |
რახელი (ებრ. רָחֵל, რახელ, არაბ. راحیل, რაჰილ, ძვ. ქართ. რაქელი) — ბიბლიური პატრიარქის, იაკობის ერთ-ერთი ცოლი, იოსების და ბენიამინის დედა. რაქელი იყო იაკობის ბიძაშვილი, რებეკას ძმის შვილი, ასევე იაკობის პირველი ცოლის, ლეას უმცროსი და.
ბიბლიური ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაკობთან შეხვედრა და ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავის ძმას, ესავს რომ არ მოეკლა, იაკობი ძვ. წ. 1781 წელს ხარანში, ფადან-არამში, „აღმოსავლელთა ქვეყანაში“ გაიქცა (დბ. 28:5; 29:1). რახელი, რომელიც „ტანადაც ლამაზი იყო და პირისახეც ლამაზი ჰქონდა“, მამამისის, ლაბანის ცხვრის ფარას მწყემსავდა. იაკობს ის ხარანის სიახლოვეს ჭასთან შეხვდა. იაკობი კარგად მიიღეს ბიძის სახლში. ერთი თვის შემდეგ ის დასთანხმდა ლაბანს, რომ შვიდ წელს იმსახურებდა რახელისთვის, რომელიც შეუყვარდა. მისი სიყვარული იაკობს შვიდი წლის მანძილზე არ განელებია და „მისთვის ეს დრო რამდენიმე დღესავით იყო“. მაგრამ ქორწილის ღამეს ბიძამისმა რახელის ნაცვლად მას თავისი უფროსი ქალიშვილი, ლეა მიუყვანა, რომელიც, როგორც ჩანს, მამას შეუერთდა ამ მზაკვრობაში. მეორე დილას, როცა იაკობმა ლაბანი მის მოტყუებაში დაადანაშაულა, ლაბანმა ადგილობრივი წეს-ჩვეულებით იმართლა თავი. იაკობი დათანხმდა, რომ ქორწილის სრულ კვირას ლეასთან გაატარებდა, შემდეგ რახელს მოიყვანდა და კიდევ შვიდ წელს იმსახურებდა ლაბანისთვის (დბ. 29:4—28).
რახელის უშვილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რახელი კარგი ცოლი იყო და იაკობს ის ლეაზე მეტად უყვარდა. დამცირებული მდგომარეობის გამო ღმერთმა ლეას მიმართ მოწყალება გამოავლინა და ოთხი ვაჟით აკურთხა; რახელს კი შვილი არ უჩნდებოდა (დბ. 29:29—35). რახელს შურდა თავისი დის და უშვილობამ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, რადგან იმ დროს ეს ქალისთვის ძალიან დამამცირებელი იყო. თავისი გაღიზიანებითა და მოუთმენლობით მან მოსიყვარულე ქმარიც კი განარისხა. მან იაკობს თავისი მხევალი მისცა, რომ მისგან ჰყოლოდა შვილები (როგორც სარამ მისცა აბრაამს თავისი მონა აგარი). შედეგად დაიბადა ორი ბიჭი, რომლებიც რახელის შვილებად ითვლებოდნენ. ლეასა და მის მხევალს კიდევ ოთხი ვაჟი შეეძინათ, ვიდრე რახელის ოცნება ასრულდებოდა და პირმშო, იოსები ეყოლებოდა (დბ. 30:1—24).
ქანაანში წასვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაკობი უკვე მზად იყო ხარანიდან გასამგზავრებლად, მაგრამ მისმა სიმამრმა დაიყოლია, რომ კიდევ დარჩენილიყო. იაკობმა მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დატოვა ხარანი უფლის მითითებით. ლაბანის ორპირობის გამო იაკობმა არ შეატყობინა მას, რომ მიდიოდა და ამაში ლეაც და რახელიც ეთანხმებოდნენ ქმარს. წასვლამდე რახელმა მამას მოჰპარა თერაფიმი, როგორც ჩანს, გარკვეული სახის გამოსახულებები. მოგვიანებით, როცა ლაბანი დაეწია მათ და უთხრა, რომ გაქურდეს (როგორც ჩანს, ეს ყველაზე მეტად აწუხებდა), იაკობმა, რომელმაც არ იცოდა რახელის დანაშაულის შესახებ, დაგმო ეს საქციელი და თქვა, რომ სიკვდილით დაესაჯათ ის, ვისაც ნაქურდალს უპოვიდნენ. ლაბანმა რახელის კარავშიც დაიწყო ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა, რადგან რახელს თერაფიმი საუნაგირე კალათაში ჰქონდა დამალული და ზედ იჯდა, მამას კი უთხრა, რომ მენსტრუაციის გამო თავს სუსტად გრძნობდა და ვერ ადგებოდა (დბ. 30:25—30; 31:4—35, 38).
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავის ძმასთან, ესავთან შეხვედრის დროს იაკობმა ცხადყო, რომ რახელი ყველაზე მეტად უყვარდა, რადგან ის და მისი ერთადერთი ვაჟი ბოლოში დააყენა. უეჭველია, ის ფიქრობდა, რომ ესავის თავდასხმის შემთხვევაში ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილი იქნებოდა (დბ. 33:1—3, 7). იაკობი გარკვეულ ხანს სუქოთში გაჩერდა, შემდეგ — შექემში, ბოლოს კი — ბეთელში. ამის შემდეგ ის სამხრეთისკენ გაემართა. ბეთელსა და ბეთლემს შორის გზაზე რახელი მეორე ვაჟის, ბენიამინის, მშობიარობას გადაჰყვა. ის იქვე დამარხეს და მის სამარხზე იაკობმა სვეტი აღმართა (დბ. 33:17, 18; 35:1, 16—20).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://books.google.fr/books?id=mufWAgAAQBAJ&pg=PA53&lpg=PA53&dq=leah+bible+occupation&source=bl&ots=b3D1LEV_Pr&sig=ACfU3U1MY3drXZ-s9ZWq2no4tby0cnEhkQ&hl=fr&sa=X&ved=2ahUKEwiknNLouLP5AhVN0IUKHfBZAQ4Q6AF6BAgoEAM#v=onepage&q=leah%20bible%20occupation&f=false
- ↑ 28 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
- ↑ 24 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
- ↑ 18 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken