რახათ-ლუხუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარდისწყლითა და შაქრის ფქვილით დაფარული რახათ-ლუხუმი

რახათ-ლუხუმი (თურქ. Rahat Locum), ან უბრალოდ ლუქუმი (თურქ. Lokum) — თურქული საკონდიტრო ნაწარმო, რომელიც მზადდება სახამებლისა და შაქრისაგან. ძირითადი სახეობები ასევე მზადდება ფინიკის, თხილის ან ნიგვზისგანაც. მას ასევე ხშირად არომატიზირებენ ვარდისწყლით, ასევე ფორთოხლის, ან ლიმონის წვენით. როგორც წესი, ეს საკონდიტრო ნაწარმო პატარა კუბიკების სახითაა ხოლმე წარმოდგენილი, ზედ შაქრის, ან სხვა ტკბილი ფხვნილით, რათა ხელში აღებისას არ გასრიალდეს. არომატის გასაძლიერებლად პიტნასა და დარიჩინსაც იყენებენ.

მისი შექმნის ზუსტი თარიღი და პირობები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ოსმალეთის იმპერიაში მისი აქტიური წარმოება XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რახათ-ლუხუმის რამდენიმე სახეობა თურქულ დახლზე

რახათ-ლუხუმის შექმნის ზუსტი ისტორია ჯერჯერობით დადგენილი არაა. ივარაუდება, რომ თურქულში სიტყვა ლუქუმი არაბული ალ-ლუქუმიდან შევიდა, რომელსაც თურქული დიალექტის გამო რახათ-ალ-ხუქუმს (არაბ. رَاحَة الْحُلْقُوم), რაც პირდაპირ ითარგმნება, როგორც „ყელის კომფორტი“.

კომპანია Hacı Bekir-ის მტკიცებით, 1777 წელს თურქი კონდიტერი, სახელად ჰაჯი ბექირ ეფენდი მშობლიური ქალაქიდან, კასთამონუდან კონსტანტინოპოლში გადავიდა და აქ თავისი საკონდიტრო მაღაზია გახსნა. იგი ტკბილეულ ლუქუმის სხვადასხვა ვარიაციებზე მუშაობდა, რა დროსაც შექმნა მისი უნიკალური სახე, რომელიც სახამებლითა და შაქრით მზადდება, რომელსაც უწოდა რახათ-ლუხუმი. მისმა შთამომავლებმა მისი ორიგინალი რეცეპტებით საოჯახო ბიზნესი შექმნეს, რომელიც დღემდე მუშაობს და იგი უკვე მეხუთე თაობას გადაეცა მემკვიდრეობით.

ტკბილეულის ისტორიკოსი ტიმ რიჩარდსონი კი ეჭვქვეშ აყენებს ჰაჯი ბექირის ამბავს და ამტკიცებს, რომ თურქებმა ეს ისტორია თავიანთი პოპულარიზებისათვის მოიგონეს. მისი განცხადებით „კონკრეტული სახელები და თარიღები ხშირად შეცდომით ასოცირდება ამა თუ იმ ტკბილეულის გამოგონებასთან, განსაკუთრებით კი კომერციული მიზნები უწყობს ასეთი ისტორიების შექმნას ხელს“. ვინაიდან არაბულ და ირანულ სამზარეულოში საუკუნეებით ადრე უკვე არსებობდა მსგავსი რეცეპტები, ბევრი მიიჩნევს, რომ რახათ-ლუხუმი სულაც არაა თურქული ტკბილეული, უბრალოდ, მსოფლიომ იგი თურქებისაგან გაიცნო. ამასთან, Oxford Companion to Food აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რახათ-ლუხუმის გამოგონებას ხშირად მიაწერენ ბექირ ეფენდის, ამის დამადასტურებელი ისტორიული მტკიცებულებები არ არსებობს.

მსოფლიოს გარშემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე სახის თურქული რახათ-ლუხუმი

ბულგარეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულგარეთში თურქული რახათ-ლუხუმი ერთ-ერთი პოპულარული ტკბილეულია და ცნობილია ლოქუმის სახელით. მიიჩნევა, რომ ბულგარეშთი იგი ოსმალეთის იმპერიის ბატონობისას გავრცელდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს მტკიცებით აქ მას ოსმალთა გამოჩენამდეც იცნობდნენ. ბულგარელებს რახათ-ლუხუმის მწარმოებელი რამდენიმე ბრენდი აქვთ. აქ განსაკუთრებით პოპულარულია თეთრი ნიგვზისა და ვარდისწყლის რახათ-ლუხუმი.

საბერძნეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუმინული რახათ-ლუხუმი

სხვა ქვეყნების მსგავსად, საბერძნეთშიც რახათ-ლუხუმი ოსმალთა ბატონობის დროს შევიდა, თუმცა XIX საუკუნიდან ბერძნებისათვის იგი განსაკუთრებულ დელიკატესად იქცა. განსაკუთრებული პოპულარობით სალონიკში, კუნძულ სიროსსა და პატრასში სარგებლობს. ბერძნები ყავასთან ორცხობილისა და შოკოლადის ნაცვლად, ტრადიციულად რახათ-ლუხუმს მიირთმევენ. საბერძნეთში მრავალი არომატის მქონე ლუქუმს ამზადებენ. მეტიც, მისი შთაგონებითაა შექმნილი ბერძნული ტკბილეული, სახელად აკანესი.

რუმინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქული რახათ-ლუხუმის ვარიაცია გამომშრალი გარგრითა და თხილით

რუმინეთში ეს ტკბილეული რახათ-ლუხუმის სახელითაა ცნობილი, თუმცა ხშირად ამ სახელწოდებას ამოკლებენ და უბრალოდ რახათს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ რუმინულ ენაში სიტყვა რახათი, ითარგმნება, როგორც ხაფანგი. რუმინელი ენათმეცნიერების განმარტებით, ეს სიტყვა რუმინულში XVII-XVIII საუკუნეში შევიდა, ვინაიდან ოსმალები დამპყრობლები იყვნენ და ის თურქული ტკბილეული იყო, რუმინელები მას „ხაფანგ ლუქუმს“ უწოდებდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულება შეიცვალა, ენაში კვლავ ასე მოიხსენიება. ამასთან, რახათ-ლუხუმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკბილეულია რუმინეთში და როგორც წესი, მას ხშირად ნამცხვრის მაგივრად მიირთმევენ.

ალბანეთი და ყოფილი იუოგსლავიის ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში (სერბეთი, ხორვატია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სლოვენია, მონტენეგრო და მაკედონია), ისევე როგორც ალბანეთში, ეს თურქული ტკბილეული ცნობილია რახათ-ლუხუმის, ლუქუმის, ან რათლუქის სახელით. იგი ბალკანეთში ოსმალთა ბატონობის პერიოდში გავრცელდა და დღემდე არ კარგავს პოპულარობას. ჩვეულებრივ, დღეს მას ძირითადად ყავასთან მიირთმევენ. ყველაზე პოპულარული მაინც ვარდისწყლისა და კაკლის რახათ-ლუხუმია.

ჩრდილოეთი ამერიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რახათ-ლუხუმის სახეობა, კაიმაკ-ლუხუმი

1964 წელს ლოს-ანჯელესში Nory Candy-ის კომპანიამ გახსნა რახათ-ლუხუმის საწარმო და მაღაზია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ხილის, ეგზოტიკური არომატის მქონე რახათ-ლუხუმს. ასევე აღსანიშნავია, რომ 1930 წელს აშშ-ში ორმა სომეხმა ემიგრანტმა დააარსა საკუთარი კომპანია და დაიწყეს რახათ-ლუხუმის წარმოება. 1984 წელს მათ გამოუშვეს მარწყვის, ჟოლოს, ფორთოხლის, მოცვის, ატმისა და ანანასის არომატის მქონე ლუქუმი.

რაც შეეხება კანადას, აქ კომპანია Nestlé აწარმოებს რძიანი შოკოლადისაგან მომზადებულ რახათ-ლუხუმს, რომელიც მთელს ქვეყანაში იყიდება.

ბრაზილია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რახათ-ლუხუმი ბრაზილიაში ცნობილია, როგორც მანჟარ-ტურკუ, დელიცია-ტურკა, ბალა-დე-გომა-სირია და ბალა-დე-გომა-არაბე. ისევე, როგორც ახლოაღმოსავლური სხვა კერძები, რახათ-ლუხუმი ლათინურ ამერიკაში არაბმა იმიგრანტებმა ჩაიტანეს.

ბრიტანეთი და მისი დომინიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებულ სამეფოში რახათ-ლუხუმი უფრო ცნობილია, როგორც Fry's Turkish Delight, რომელიც იყიდება დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ახალ ზელანდიასა და კანადაში. როგორც წესი იგი რძიანი შოკოლადითაა დაფარული და შიგნით ვარდისწყლის არომატი აქვს. 2010 წლიდან მისი მწარმოებელი ძირითადი ქარხანა ბრიტანეთიდან პოლონეთში გადავიდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Rahät Loukoum by Serge Lutens Les Salons du Palais Royal Shiseido (1998)". Basenotes Fragrance Directory. Retrieved 2014-08-01.
  • Strickland, Cara (3 August 2016). "Why Was Turkish Delight C.S. Lewis's Guilty Pleasure?". JSTOR Daily.
  • Reilly, Susan (2006-02-17). "Turkish Delight Sales Jump After Narnia Chronicles". Retrieved 2014-08-01.
  • Davidson, Alan (21 August 2014). The Oxford Companion to Food. OUP Oxford. ISBN 9780191040726 – via Google Books.
  • Roufs, Timothy G.; Roufs, Kathleen Smyth (2014). Sweet Treats around the World: An Encyclopedia of Food and Culture. ABC-CLIO. pp. 343–346. ISBN 978-1-61069-220-5.
  • Brown, Jonathan. "The Lion, the Witch & the Turkish Delight", The Independent, London, 5 December 2005. Retrieved on 5 December 2005.