შინაარსზე გადასვლა

რაშიდ ბეიბუთოვის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რაშიდ ბეჰბუდოვის ქუჩა (აზერბ. Rəşid Behbudov küçəsi) — აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მდებარე ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა. აღნიშნული ქუჩის სიგრძეა 2,16 კილომეტრი. იგი იწყება ბაქოს საბაიილის რაიონის სამხრეთ ბოლოდან, გრძელდება ჩრდილოეთით და მთავრდება ბაკიხანოვის ქუჩის გადაკვეთასთან.

ქუჩას დაარსების დღიდან რამდენიმე სახელი ჰქონდა, მათ შორის: ბუდაგოვსკაია, კასპიური, ლეიტენანტი შმიდტი, დღეს კი მას აზერბაიჯანელი ცნობილი მომღერალ-ტენორისა და მსახიობის რაშიდ ბეჰბუდოვის პატივსაცემად მისი სახელი მიენიჭა. ის იყო წარმოშობით აზერბაიჯანელი მომღერალი, დაბადებული 1915 წელს ტიფლისში. მომღერლის სიმღერის რეპერტუარი ძალიან ფართო იყო. მის ძირითად ადგილს აზერბაიჯანული კომპოზიტორების, აზერბაიჯანული ხალხური სიმღერების ნამუშევრები იკავებდა. მან რამდენიმე მხატვრულ ფილმში ითამაშა. იგი იყო ეროვნებათა საბჭოს დეპუტატი სსრკ-ს უმაღლეს საბჭოში ნახიჩევანის ავტონომიური რესპულიკიდან. რაშიდ ბეჰბუდოვი 1989 წლის 9 ივნისს მოსკოვში გარდაიცვალა წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ. იგი ბაქოში ღირსების ხეივანზეა დაკრძალული.

გარდა აღნიშნული ქუჩისა 1996 და 2005 წლებში რაშიდ ბეიბუთოვის პატივსაცემად გამოვიდა საფოსტო მარკები.

2016 წლის ივნისში ბაქოში სახელმწიფო სიმღერის თეატრის შენობის წინ დადგეს ბეჰბუდოვის ძეგლი. სკულპტურის ავტორი ფუად სალაევია.

რაშიდ ბეჰბუდოვის ქუჩაზე განთავსებულია არაერთი ისტორიული და მნიშვნელოვანი აზერბაიჯანული არქიტექტურის შენობები, მათ შორის:

ბაქოს II მუსიკალური სკოლა, რაშიდ ბეჰბუდოვის სახელობის; რაშიდ ბეჰბუდოვის სახელობის აზერბაიჯანის სიმღერის სახელმწიფო თეატრი; ბაქოს VIII საშუალო სკოლა; აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი; აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო (ყოფილი შაჰრიარის სახელობის კულტურის სახლი და ძერჟინსკის სახელობის კულტურის სასახლე); მუსიკალური ხელოვნების მუზეუმი; ჯაზ ცენტრი; აკვა პარკი; აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტი; აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი; რაშიდ ბეჰბუდოვის ძეგლი; 26 კომისრის მემორიალი

გარდა ამისა,რაშიდ ბეჰბუდოვის ქუჩაზე საკმაოდ ბევრი რევოლუციამდელი არქიტექტურული ნაგებობაა. აქ ასევე განთავსებულია არაერთი ბრენდული ტანსაცმლის ბუტიკი, საიუველირო მაღაზიები და ძვირადღირებული რესტორნები.

ქუჩასთან მდებარე უახლოესი მეტროსადგური სახილის სადგურია. რაშიდ ბეჰბუდოვის ქუჩა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]