რაფიელ დანიბეგაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რაფიელ იოსების ძე დანიბეგაშვილი — XVIII-XIX საუკუნეების ქართველი მოგზაური. მისი დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია.

დანიბეგაშვილი ტრადიციულ ვაჭარ-მოგზაურთა წრიდან იყო. მისი გვარის წარმომადგენელებს, თბილისში ჩამოსული იტალიელი მისიონერების მეშვეობით, XVII საუკუნიდან უკვე კათოლიკობა ჰქონდათ მიღებული. დანიბეგაშვილების რამდენიმე თაობა ინდოეთთან ვაჭრობით იყო დაკავებული და ასრულებდა ქართველ მეფეთა დიპლომატიურ დავალებებს. რაფიელ დანიბეგაშვილს ჰქონდა მამული ლურჯ მონასტერთან, ვერეზე.

რაფიელ დანიბეგაშვილმა ხუთჯერ იმოგზაურა ინდოეთში: ორჯერ ერეკლე II-ის (1795-96, 1797-98), ერთხელ კი გიორგი XII-ის დავალებით (1798-1813), ხოლო ამის შემდეგ კიდევ ორჯერ იმოგზაურა ამ ქვეყანაში (1815-20, 1822-27). პირველი ორი მოგზაურობის დროს ის სპეციალურად იყო მივლინებული ინდოეთში ერეკლე II-ის მიერ მდიდარ სომეხ ვაჭრებთან მოსალაპარაკებლად, რომლებიც მხარს უჭერდნენ ერთიანი ქართულ-სომხური სახელმწიფოს შექმნის იდეას. იდეის თანახმად, სახელმწიფოს თავად ერეკლე მე-2 უნდა ჩასდგომოდა სათავეში. მესამე მოგზაურობისას ის 14 წელი ცხოვრობდა ინდოეთში, რამაც საშუალება მისცა დაკვირვებოდა ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო მათი საქმიანობა, ტრადიციები და ყოფა-ცხოვრების წესები. რაფიელმა მესამე მოგზაურობა დაწვრილებით აღწერა და რუსულად თარგმნა 1815 წელს. ჩანაწერები წიგნად გამოსცა მოსკოვში სათაურით „Путешествие в Индию грузинского дворянина Рафаила Данибегова“ (ქართული დედანი დაკარგულია). ნაშრომში მოცემულია ცნობები ინდოეთის ბუნების, მოსახლეობის ზნე-ჩვეულებების, ინდოელებისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების შესახებ. მოგზაურობისას დანიბეგაშვილმა სამჯერ გადაკვეთა ჰიმალაისა და ყარაყორუმის ქედები, ტიბეტის ზეგანი, კაშგარის დაბლობი. რუსეთის მთავრობამ დამსახურებისათვის „გუბერნსკი სეკრეტარის“ ჩინი უბოძა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]