რაულ ჩილაჩავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაულ ჩილაჩავა
Raul chilachava.jpg
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1948
ჭითაწყარი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა უკრაინის დროშა უკრაინა
განათლება ჟურნალისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესია პოეტი, მთარგმნელი, დიპლომატი
მეუღლე(ები) ია ჩილაჩავა
შვილ(ებ)ი გური (1969);
რაული (1975);
თემური (1976)
მშობლები მამა: შალვა ჩილაჩავა
დედა: ბაბუცა სახელაშვილი

რაულ ჩილაჩავა (დ. 15 მაისი, 1948, სოფ. ჭითაწყარი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, დიპლომატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1948 წლის 15 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში, ექიმის ოჯახში. გაიზარდა ამავე რაიონის სოფელ ძველ აბასთუმანში, სადაც 1965 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1965-1970 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე. 1967 წელს მიავლინეს უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. 1970 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტიცა და სტაჟირებაც. ამავე წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს კიევში.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1962 წლის 8 მარტს ზუგდიდის რაიონულ გაზეთ „მებრძოლში“, ქართული თარგმანების პირველი წიგნი გამოსცა 1970 წელს, საკუთარი ლექსების პირველი უკრაინული წიგნი 1972 წელს, ქართული წიგნი კი 1973 წელს. ჩილაჩავას სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის პოეზია, მხატვრული თარგმანი, ესეისტიკა, პუბლიცისტიკა, კომპარატივისტიკა, ლიტერატურის თეორია, ქართულ-უკრაინულ-ლატვიური ურთიერთობანი. წერს და თარგმნის ოთხ ენაზე – ქართულად, მეგრულად, უკრაინულად და რუსულად. უკრაინულად და რუსულად ნათარგმნი აქვს დავით გურამიშვილის ლექსები, უკრაინულად - ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელის, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვა ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებები, ქართულად - ტარას შევჩენკო, ივან ფრანკო, ლესია უკრაინკა, პავლო ტიჩინა, მიკოლა ბაჟანი და კიდევ სხვა ასზე მეტი უკრაინელი პოეტი.

მისი ინიციატივით, წინასიტყვაობა-ბოლოსიტყვაობით, კომენტარებითა და რედაქტორობით კიევში მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოიცა ქართული ხალხური, კლასიკური და თანამედროვე პოეზიის სქელტანიანი ანთოლოგია „ოქროს ვენახი“, „ქართული მოთხრობის ანთოლოგია“, „ქართული ხალხური ზღაპრები, ანდაზები და სიტყვა-თქმები“, „ვეფხისტყაოსანი“, „დავითიანი“. მის მიერ უკრაინულად თარგმნილი გალაკტიონის ლირიკა უკრაინულმა კრიტიკამ სანიმუშოდ აღიარა. პოეტის საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, რომლებიც დაცულ იქნა შესაბამისად რუსულად და უკრაინულად, ეძღვნება „ვეფხისტყაოსნის“, „დავითიანისა“ და ქართული კლასიკის სხვა ნიმუშთა თარგმნის პრობლემებს, ქართულ-უკრაინულ-რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ცალკე წიგნადაც გამოვიდა კიევში, აკადემიკოსმა ლეონიდ ნოვიჩენკომ შეაფასა, როგორც „ტრაქტატი მხატვრული თარგმანის შესახებ, რომელსაც მომავალი მკვლევარები გვერდს ვერ აუვლიან“.

ამჟამად არის ას ოცზე მეტი გამოცემის ავტორი. რაულ ჩილაჩავას ბოლო წლების გამოცემებიდან აღსანიშნავია ლექსების ორი ათასგვერდიანი ტომი „შნო“ („ინტელექტი“, 2012) და „ბედის ფორმულა“ („კალმოსანი“, 2018), „ლატვიასთან მიახლოება ანუ ელჩის აღსარება“ (რუსულად. Bonmark, 2011, რიგა), „ასი ლექსი“ (‘ინტელექტი“, 2012), „პესიმისტის ჩანაწერები ანუ ბავშვობაში დაბრუნება“ („ზელტა რუდენს“, რიგა, 2010), „ლავრენტი ბერიას ვაჟი მოგვითხრობს“ („არტანუჯი“, 2012), „ამბასადორი“ („უკრაინსკი პისმენნიკ“ - „ინფორმაციას ინფოცენტრს“, კიევი-რიგა, 2012), „ეული ვარსკვლავის შუქი“ (ლექსები ორ ტომად უკრაინულ ენაზე, „უკრაინსკი პისმენნიკ“, 2012), „მაიდანზე, ეკლესიის ახლოს“ (ქრონიკა-რეპორტაჟი კიევიდან. „კოლორი“, 2014), „ადიდებს კობზარს საქართველო“ (ქართველი მწერლები შევჩენკოს შესახებ. თარგმანი. ლვოვი, „სვიტ“, 2011), თარგმანთა საავტორო ანთოლოგიები „ასი უკრაინელი პოეტი“ (‘ინტელექტი“, 2014) და “Terra Mariana” (ლატვიური ხალხური, კლასიკური და თანამედროვე პოეზია, ასევე ავტორის ლექსები და მოთხრობა ლატვიაზე. „ინტელექტი“, 2017). 2015-2017 წლებში უკრაინულად გამოსცა აკაკი წერეთლის „რჩეული პროზა“, კონდრატე თათარიშვილის (უიარაღოს) „მამელუკი“, მანანა მენაბდის „და დრო გადიოდა“ (იგავები), გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ , გურამ ოდიშარიას მოთხრობების კრებული „სოხუმში მოსალოდნელია წვიმა“ (ყველა „ანეტა ანტონენკოს გამომცემლობა“, ლვოვი), გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა“ („უკრაინსკი პისმენნიკ“). ქართულად თარგმნა და გამოსცა ცნობილი უკრაინელი მწერლის იური ანდრუხოვიჩის პოსტმოდერნისტული რომანი „მოსკოვიადა“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2017).

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1970 წელს, უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედიის დირექტორმა მიკოლა ბაჟანმა მიიწვია რედაქტორად; მერე მუშაობდა უკრაინულ პრესაში ჟურნალისტად, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნინერსიტეტში ლექტორად, 1992 წლიდან 2005 წლამდე იყო უკრაინის ეროვნებებისა და მიგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარალელურად კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტსა და სხვა რამდენიმე წამყვან უმაღლეს სასწავლებელში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას, კიევის კულტურისა და ხელოვნების ხელმძღვანელ კადრთა სახელმწიფო აკადემიაში ხელმძღვანელობდა უკრაინული და მსოფლიო ლიტერატურის კათედრას, სათავეში ედგა დავით გურამიშვილის სახელობის საქართველო-უკრაინის კულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ასოციაციას. 2005-2010 წლებში იყო უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში.

რაულ ჩილაჩავა არის საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს, უკრაინის და ლატვიის მწერალთა ეროვნული კავშირების წევრი, მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაულ ჩილაჩავა არის საქართველოს კომკავშირის, გალაკტიონ ტაბიძის, გრიგორი სკოვოროდას, ნიკოლაი გოგოლის, მიკოლა კულიშის, მაქსიმ რილსკის, ვლადიმერ ვინიჩენკოს, ალექსანდრე ჩაკის, მავრიკ ვულფსონის, ერნსტ ჰემინგუეის სახელობის პრემიების ლაურეატი, ფრანც კაფკას სახელობის საერთაშორისო ოქროს მედლისა და ციცერონის სახელობის საერთაშორისო პრიზის მფლობელი; დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“ (საქართველო), ორდენით „დამსახურებისათვის“ (უკრაინა), „სამი ვარსკვლავის“ ორდენით (ლატვია), უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა მემატიანე ნესტორის სახელობის ორდენით, წმინდა სტანისლავის სახელობის საერთაშორისო ორდენებით „კომანდორის ჯვარი“ და „ოფიცრის ჯვარი“, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საპატიო სიგელით, უკრაინის უზენაესი რადის საპატიო სიგელით „უკრაინელი ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, თბილისის მერიის სიგელითა და მედლით „ქართული კულტურის ამაგდარი“, ასევე სხვა ჯილდოები.

ჰყავს მეუღლე ია ჩილაჩავა, ფილოლოგი და კულტუროლოგი, ორი ვაჟიშვილი რაული (1975) და თემური (1976) — ჟურნალისტები, მუშაობენ უკრაინის ტელევიზიის მეხუთე არხზე წამყვანებად. უფროსი ვაჟიშვილი გური (1969) დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]