რამაზ ხალვაში
რამაზ ხალვაში | |
---|---|
პროფესორი რამაზ ხალვაში | |
დაბადების თარიღი |
22 აპრილი, 1970 სოფ. ხიხაძირი, ხულოს რაიონი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი |
შვილ(ებ)ი | მირიანი, რევაზი |
მშობლები |
მამა: რევაზ ხალვაში დედა: შუშანა ბოლქვაძე |
ჯილდოები |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია[1] ტბელ აბუსერისძის პრემია |
საიტი | http://digiarchive.bsu.edu.ge/ |
რამაზ ხალვაში (დ. 22 აპრილი, 1970, სოფ. ხიხაძირი) — ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა და საშუალო განათლება მიიღო ისტორიულ სოფელ ხიხაძირში. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1995 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 2006 წლიდან ხელმძღვანელობს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო, ქართული ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო და ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს. 2019 წლიდან არის ბსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე[2].
სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკვალიფიკაციო ნაშრომები დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფ. რევაზ სირაძის ხელმძღვანელობით:
- საკანდიდატო დისერტაცია: „სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისნი“ და ქართული ლიტერატურული ტრადიცია“ (1998);
- სადოქტორო დისერტაცია: „ტბელ აბუსერისძის ცხოვრება და მოღვაწობა“ (2006).
პირველი გამოკვლევა დაბეჭდა 1992 წელს. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ავტორია წიგნებისა: „ტბელ აბუსერისძის სახისმეტყველება“ (1998), „გალობანი მწვალებელთა შეჩუენებისანი“ (2003)[3], „ანდრია პირველწოდებული საქართველოში“ (2011)[4]. მისი რედაქციით და წინასიტყვაობით დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ სრული რედაქციის ბილინგვური გამოცემა (2014)[5]. თანაავტორია წიგნებისა „კლარჯეთი“ (2016)[6], რომლის ავტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, და „ტაო“ (2020)[7].
არის დიგიტალური ჰუმანიტარიის ერთ-ერთი პიონერი ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში. 2012 წელს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორებთან იოსტ გიპერტთან და მანანა თანდაშვილთან ერთად დააარსა ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში. უძღვება დიგიტალური ჰუმანიტარიის ცენტრს (2016 წლიდან) და ლინგვოკულტუროლოგიურ დიგიტალურ არქივს (2019 წლიდან)[8] ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მასვე ეკუთვნის სახელმძღვანელო „დიგიტალური ჰუმანიტარიის შესავალი“ (2018)[9].
2013 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი „ფილოლოგიური მაცნე“ [10].
საზოგადოებრივი მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1996-1998 წლებში ხელმძღვანელობდა გაზეთ „რეზონანსის“ აჭარის ბიუროს. მისი ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა საეკლესიო დღესასწაულ „ტბელობას“ (2006) და „ვეფხისტყაოსნის“ საერთაშორისო ფესტივალს (2019)[11].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ / ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, 2018, 11 ივლისი
- ↑ [ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდი / https://bsu.edu.ge/sub-8/cv/38/index.html]
- ↑ / ხალვაში რ., ტბელ აბუსერისძის „გალობანი მწვალებელთა შეჩუენებისანი“, თბილისი, 2003. ISBN: 9994074407
- ↑ / ხალვაში რ., ანდრია პირველწოდებული საქართველოში, ბათუმი, 2011. ISBN: 9789994080397
- ↑ / ვეფხისტყაოსანი, სრული რედაქცია, დედნის კრიტიკული ტექსტი და რუსული თარგმანი ა. ხალვაშისა, გამომცემლობა „ქართული წიგნი“, თბ., 2014. ISBN: 978-9941-9409-5-8
- ↑ / კლარჯეთი, თბ., 2016. ISBN: 978-9941-0-8969-5
- ↑ / ტაო, თბ., 2020, გვ. 114-197. ISBN: 978-9941-25-828-2
- ↑ / M.Tandaschwili, R. Khalvashi, Kh. Beridze, M. Khakhutaishvili, N. Tsetskhladze, Batumi Linguocultural Digital Archive (Contemporary Technological Achievements for the Database Arrangement of the Folklore Resources) // International Journal of Multilingual Education, 10, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-06. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
- ↑ / ხალვაში რ., შესავალი დიგიტალურ ჰუმანიტარიაში, ბათუმი, 2018. ISBN: 9789941462603
- ↑ / „ფილოლოგიური მაცნე“
- ↑ [ვეფხისტყაოსნის პირველი საერთაშორისო ფესტივალი / https://www.bsu.edu.ge/main/page/12087/index.html]