რალფ აბერნატი
რალფ დევიდ აბერნატი (ინგლ. Ralph David Abernathy; დ. 11 მარტი, 1926, ლინდენი, ალაბამა, აშშ, — გ. 17 აპრილი, 1990, ატლანტა, ჯორჯია, აშშ) — ამერიკელი ბაპტისტი პასტორი, სამოქალაქო უფლებების დამცველი აქტივისტი.
განათლება ალაბამას შტატის უნივერსიტეტსა და ატლანტას უნივერსიტეტში მიიღო. 1948 წელს დაადგინეს ბაპტისტ მღვდელმსახურად, ხოლო 1951 წელს გახდა ბაპტისტური ეკლესიის პასტორი მონტგომერიში. აქვე გაიცნო მარტინ ლუთერ კინგი. 1955-1956 წლებში კინგის და აბერნატის ორგანიზებით მოეწყო ქალაქის ავტობუსების სისტემის არაძალადობრივი ბოიკოტი, რამაც დასაბამი დაუდო შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობას. 1957 წელს მათ დააფუძნეს უფლებადამცველი ორგანიზაცია „სამხრეთის ქრისტიან ლიდერთა კონფერენცია“, რომლის პრეზიდენტიც გახდა აბერნატი კინგის მკვლელობის შემდეგ 1968 წელს. 1977 წელს ის ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ჩამოშორდა და განაგრძო პასტორად მოღვაწეობა ატლანტაში. გარდაიცვალა 1990 წელს. ავტორია ავტობიოგრაფიული შინაარსის წიგნისა „და ეცემოდა კედლები...“ (And the Walls Came Tumbling Down, 1989).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რალფ აბერნატი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)