რაკეტული საწვავი
რაკეტული საწვავი — ნივთიერება ან ნივთიერებათა ერთობლითობა, რომელსაც იყენებენ რაკეტული ძრავების ენერგიისა და მუშა სხეულების წყაროდ.
ცნობილია ქიმიური და არაქიმიური რაკეტული საწვავი: ქიმიური რაკეტული საწვავით მომუშავე ძრავებისათვის საჭირო ენერგია გამოიყოფა ქიმიური რეაქციების შედეგად. ამ დროს წარმოქმნილი აირადი პროდუქტები წარმოადგენენ მუშა სხეულებს, რომლებიც უზრუნველყოფენ რაკეტულ ძრავას საქშენში თბური ენერგიის გარდაქმნას ძრავას საქშენიდან გამომავალი ნაკადის კინეტიკურ ენერგიად. არა ქიმიური რაკეტულ საწვავზე მომუშავე ძრავებისათვის შიგაბირთვული გარდაქმნების ენერგია ან ელექტრული ენერგია გადაეცემა სპეციალურ ნივთიერებებს — სხეულებს და მათ წყაროს.
ქიმიური რაკეტული საწვავის ძირითადი ენერგეტიკული მახასიათებელი (კუთრი წევა — წევა, როცა საწვავის ხარჯია 1 კგ/წმ) განისაზღვრება ჟანგვის, დაშლის ან რეკომბინაციის რეაქციების სითბოს რაოდენობით და რვაქციის პროდუქტების ქიმიური შედგენილობით.
კომპონენტების შემცველობის მიხედვით რაკეტული საწვავი არის ერთ-, ორ-, სამ- და მრავალ- კომპონენტიანი. კომპონენტების აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით — თხევადი, მყარი, ჰიბრიდული, ფსევდოთხევადი, ჟელეს მსგავსი და ა. შ. აგრეგატული მდგომარეობა განსაზღვრავს რაკეტულ ძრავას კონსტრუქციას, მის ხასიათსა და გამოყენების რაციონალურ უბანს. განსაკუთრებით ფართოდ იყენებენ თხევადსა და მყარ რაკეტულ საწვავს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 296.