რადეგუნდა ტურინგიელი
| რადეგუნდა ტურინგიელი | |
|---|---|
| ლათ. Radegunda ці Radegonda | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 518[1] |
| დაბ. ადგილი | ერფურტი |
| გარდ. თარიღი | 13 აგვისტო, 587[2] |
| გარდ. ადგილი | პუატიე[2] |
| დასაფლავებულია | église Sainte-Radegonde de Poitiers |
| მოქალაქეობა | ფრანკთა იმპერია |
| საქმიანობა | პოეტი, მონარქი[2] , მწერალი და მონაზონი |
| განთქმული მოსწავლეები | Agnes of Poitiers |
| მეუღლე | ხლოთარ I[2] |
| მამა | Bertachar[2] [3] |
რადეგუნდა (ლათ. Radegundis; ასევე იწერება როგორც Rhadegund, Radegonde ან Radigund; დაახლ. (დ.13 აგვისტო, 520- 587) — ტურინგიელი პრინცესა და ფრანკთა დედოფალი, რომელმაც დააარსა წმინდა ჯვრის სააბატო პუატიეში. იგი არის რამდენიმე ეკლესიის მფარველი წმინდანი საფრანგეთსა და ინგლისში, ასევე კემბრიჯში არსებული კოლეჯის. (რომლის სრული სახელწოდებაა „წმინდა ქალწულ მარიამის, მახარებელ იოანეს და დიდებული ქალწულის, წმინდა რადეგუნდას კოლეჯი, კემბრიჯთან ახლოს“).
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რადეგუნდა დაიბადა დაახლოებით 520 წელს, ბერტახარის ოჯახში, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ სამი მეფიდან, რომლებიც მართავდნენ თიურინგიას.[4] რადეგუნდას ბიძამ, ჰერმანფრიდმა, ბრძოლაში მოკლა ბერტახარი და რადეგუნდა თავის ოჯახში წაიყვანა. ფრანკთა მეფე თეუდორიხთან გაერთიანების შემდეგ ჰერმანფრიდმა დაამარცხა თავისი მეორე ძმა, ბადერიხიც. თუმცა, თიურინგიის ძალაუფლების სრულად ხელში ჩაგდების შემდეგ ჰერმანფრიდმა დაარღვია შეთანხმება, რომელიც მას ჰქონდა თეუდერიხთან დადებული, და საბოლოოდ მან არ გაუნაწილა მას მმართველობა.
531 წელს თეუდორიხი თიურინგიაში დაბრუნდა თავის ძმა ხლოტარ I-თან (ასევე ცნობილი, როგორც ქლოთარი) ერთად. მათ დაამარცხეს ჰერმანფრიდი და დაიპყრეს მისი სამეფო. ხლოტარ I-მა ასევე საკუთარ თავზე აიღო რადეგუნდას მეურვეობა და წაიყვანა მეროვინგების მიერ მართულ გალიაში.[4] მან ბავშვი რამდენიმე წლით გაგზავნა თავის ვილაში ატიეში, პიკარდიაში, სანამ მასზე დაქორწინდებოდა 540 წელს.[5]
რადეგუნდა ხლოტარ I-ის ექვსი ცოლიდან ან ხარჭიდან ერთ-ერთი იყო (დანარჩენი ხუთი კი იყვნენ: გუნთეუკა, რომელიც მისი ძმის, ხლოდომერის ქვრივი იყო, ხუნსინა, ინეგუნდა, ინეგუნდას და არეგუნდა და ვულდეტრადა, რომელიც ხლოთარის შვილიშვილის, თეუდებალდის ქვრივი იყო). მას ხლოთართან შვილი არ ჰყოლია. რადეგუნდა ცნობილი იყო მოწყალების გაცემით.[6]
545 წლისთვის რადეგუნდას ძმა იყო თიურინგიის სამეფო ოჯახის უკანასკნელი ცოცხალი წარმომადგენელი. ხლოთარმა იგი მოაკვლევინა. ამის შემდეგ რადეგუნდა სამეფო კარიდან გაიქცა, ეკლესიას შეაფარა თავი და ნოიონის ეპისკოპოსი მედარდუსი დაითანხმა, იგი დიაკვნად ეკურთხებინა.[4] მან დააარსა წმინდა ჯვრის მონასტერი (Sainte-Croix) პუატიეში (560), სადაც ზრუნავდა ავადმყოფებზე. გავრცელებული იყო ლეგენდაც, რომ რადეგუნდას გააჩნდა სამკურნალო ძალა.[6]
რადეგუნდა ცხოვრობდა არლელი კესარიუსის მიერ დაწესებული „წესდებით ქალწულებისთვის“ (Rule for Virgins), რომელიც მან კესარიუსის დისშვილისგან, კესარია უმცროსისგან მიიღო. ამ წესების მიხედვით, მონაზვნები უნდა ყოფილიყვნენ წიგნიერები, ყოველდღე წაეკითხათ წმინდა წერილი, გადაეწერათ ხელნაწერები და ტრადიციულ საქმიანობას დაუფლებოდნენ, მაგალითად ქსოვასა და კერვას.[7] ეს წესი იმდენად მკაცრი იყო, რომ Sainte-Croix-ის მონაზვნებს რადეგუნდას დაკრძალვაზე დასწრებაც კი ეკრძალებოდათ.
მისი მონასტერი ატარებდა ჭეშმარიტი ჯვრის ნაწილს, რომელიც რადეგუნდამ მიიღო იუსტინე II-ისგან. მიუხედავად იმისა, რომ პუატიეს ეპისკოპოსმა მაროვეუსმა უარი თქვა მისი მონასტერში განთავსებაზე, რადეგუნდას თხოვნით, მეფე სიგებერტმა პუატიეში გაგზავნა ტურის ეპისკოპოსი ეუფრონიუსი, რომელმაც რელიქვია იქ დააბრძანა. ამ მოვლენის აღსანიშნავად, ვენანციუს ფორტუნატუსმა დაწერა რამდენიმე ჰიმნი, მათ შორის ცნობილი Vexilla Regis, რომელიც დღემდე სრულდება დიდ პარასკევს, ბზობის კვირას და ჯვართამაღლების დღესასწაულზე.
რადეგუნდა, ახლო მეგობარი იყო ჟუნიან მერისელის, რომელთან ერთადაც, გადმოცემის თანახმად სავარაუდოდ, 587 წლის, 13 აგვისტოს გარდაიცვალა.[8]
ასკეტიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რადეგუნდა ცნობილი იყო თავისი ასკეტური ცხოვრების წესით და მას ხშირად აღწერდნენ როგორც „ექსტრემალურ ასკეტს“. [9][10] იგი იცავდა მკაცრად ვეგანურ დიეტას,[11] უარს ამბობდა ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტზე. ის ჭამდა მხოლოდ პარკოსნებსა და მწვანე ბოსტნეულს, თუმცა უარს ამბობდა ხილზე, თევზსა და კვერცხზე.[9]
რადეგუნდა ასევე უარს ამბობდა ღვინოზე, თაფლუჭასა და ლუდზე. დიდი მარხვის პერიოდში ის არ ჭამდა პურს, ზეთსა და მარილს და სვამდა მხოლოდ მცირე რაოდენობის წყალს.[9] ის არ ითვალისწინებდა სხვათა გაფრთხილებებს, რომ ასეთი მკაცრი ასკეტიზმი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო.[9] რადეგუნდა თავის ყელსა და მკლავებზე ატარებდა სამ რკინის რგოლს, რამაც მისი კანი მნიშვნელოვნად დააზიანა. ერთ შემთხვევაში მან გააცხელა სპილენძის ჯვარი და მიიდო სხეულზე.[10]
ლიტერატურული კავშირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოეტი ვენანციუს ფორტუნატუსი და ეპისკოპოსი, აგიოგრაფი და ისტორიკოსი გრიგოლ ტურელი იყვნენ რადეგუნდას ახლო მეგობრები, რომლებმაც მასზე მრავალი ტექსტი შექმნეს.[12] თავად რადეგუნდა წერდა ლათინურ ლექსებს ფორტუნატუსისთვის, თუმცა მისი ხელნაწერები დაკარგულია. სავარაუდოა, რომ მათი ურთიერთობა მეგობრობაზე იყო დაფუძნებული. არსებობს ორი პოემა, რომლებიც დაწერილია რადეგუნდას სახელით: De Excidio Thoringiae და Ad Artachin. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოსაზრება, თითქოს მათი ავტორი ვენანციუს ფორტუნატუსი იყო, თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ მათი ავტორი თავად რადეგუნდა უნდა იყოს.[13]
რადეგუნდას შესახებ კიდევ ერთი ბიოგრაფია დაწერა მონაზონმა ბაუდოვინიამ, რომელიც აღწერს მონასტერში მომხდარ ამბოხებას, რასაც გრიგოლ ტურელიც ახსენებს.
რადეგუნდას დაკრძალვა, რომელსაც დაესწრნენ ვენანციუს ფორტუნატუსი და გრიგოლ ტურელი, მისი გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ გაიმართა. იგი დაკრძალეს იმ ადგილზე, სადაც მოგვიანებით აშენდა წმინდა რადეგუნდას ეკლესია პუატიეში. მისი საფლავი დღემდე ამ ეკლესიის კრიპტაშია, რომელიც მისი თაყვანისცემის ცენტრია. 1260-იან წლებში ეკლესიაში დაამზადეს ვიტრაჟები, რომლებიც რადეგუნდას ცხოვრებას ასახავდა. ეს ვიტრაჟები მოგვიანებით ძირითადად ჰუგენოტებმა გაანადგურეს.
1896 წელს, თავის წიგნში „ქალი სამონასტრო ცხოვრების პირობებში: თავი წმინდანთა ისტორიასა და მონასტრულ ცხოვრებაზე ახ.წ. 500-დან 1500 წლამდე“, ლინა ეკენშტაინმა თანამედროვე მკითხველების ყურადღება მიაპყრო მონაზონთა ამბოხებაზე, რომელიც პუატიეში, რადეგუნდას გარდაცვალების შემდეგ მოხდა. ამ დროს, ორი წლის განმავლობაში მონაზვნები უარს ამბობდნენ ახალი აბატის მიღებაზე, რომელიც მამაკაცთა იერარქიამ დანიშნა.[14]
ატრიბუტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რადეგუნდა, როგორც წესი, გამოსახულია „სამეფო სამოსით, გვირგვინითა და სკიპტრით“, ხოლო მის სიახლოვეს ხშირად არიან „მგლები და გარეული ცხოველები“, რომლებიც მის თანდასწრებით მოთვინიერებულნი არიან. ასევე, მისი სიმბოლოებია „სამწყემსო კვერთხი და წიგნი, შვრიის ყანა, თეთრი თავსაბურავი, ტუნიკა ლილიებით (fleurs-de-lys), მოსასხამი ციხესიმაგრეებით.“[15]
რადეგუნდას სახელის მატარებელი ადგილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ინგლისში რადეგუნდას სახელობისაა ხუთი სამრევლო ეკლესია. მას ეკუთვნოდა სამლოცველო ძველ წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში, ასევე გლოსტერის, ლიჩფილდისა და ექსეტერის საკათედრო ტაძრებში. მისი პატივსაცემად 1191 წელს დაარსდა წმინდა რადეგუნდას სააბატო დოვერთან ახლოს. ასევე მის სახელზე იყო ლონგლიტის პრიორი, უილტშირში. იგი არის კემბრიჯის ჯიზუს-კოლეჯის მფარველი წმინდანი, რომელიც დაარსდა XII საუკუნის წმინდა მარიამისა და წმინდა რადეგუნდას პრიორის ადგილზე.
კემბრიჯში არსებული წმინდა რადეგუნდას პაბი მის სახელს ატარებს. უაიტის კუნძულზე ასევე მდებარეობს წმინდა რადეგუნდას დასასვენებელი და საკონფერენციო ცენტრი.
საფრანგეთში ბევრი ადგილია, რომელსაც Sainte-Radegonde ჰქვია.
ავსტრიაში ორი ადგილი ატარებს წმინდა რადეგუნდას სახელს: Sankt Radegund ზემო ავსტრიაში, რომელიც მდებარეობს ბრაუნაუ-ამ-ინის რაიონში, ინფირტელის დასავლეთ ნაწილში, ზალცახის მდინარესთან, ბავარიის საზღვართან. მეორეა Sankt Radegund bei Graz, მუნიციპალიტეტი გრაცი-უმგებუნგის რაიონში, ავსტრიის შტირიის მხარეში.
მიულბერგის ციხესიმაგრის ნანგრევებთან ახლოს, რომლის წარმოშობა თარიღდება 704 წლით, გერმანიაში, თიურინგიის მხარეში, მდებარეობს წმინდა რადეგუნდას სამლოცველოს საძირკველი, რომელიც დღესაც ვიზიტორთათვის ხელმისაწვდომია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cox, Eugene L (1974). The Eagles of Savoy. Princeton, NJ.: Princeton University Press. ISBN 0691052166.
- Hilton, Lisa (2008). Queens Consort, England's Medieval Queens. Great Britain: Weidenfeld & Nichelson, გვ. 206–207. ISBN 978-0-7538-2611-9.
- Pollock, M.A. (2015). Scotland, England and France after the Loss of Normandy, 1204-1296: 'Auld Amitie'. The Boydell Press.
- Sanders, I.J. (1951). „The Texts of the Peace of Paris, 1259“. The English Historical Review. Oxford University Press. 66 (258): 81–97. doi:10.1093/ehr/lxvi.cclviii.81.
- Howell, Margaret (2001). Eleanor of Provence: Queenship in Thirteenth-Century England. Blackwell Publishers.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118743430 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Settipani C. La Préhistoire des Capétiens: Première partie : Mérovingiens, Carolingiens et Robertiens — Villeneuve-d'Ascq: 1993. — P. 70–71. — ISBN 978-2-9501509-3-6
- ↑ Lundy D. R. The Peerage
- ↑ 4.0 4.1 4.2 "St. Radegund", Jesus College, Cambridge დაარქივებული 2013-03-18 საიტზე Wayback Machine.
- ↑ "Radegund of Thuringia", Epistolae, Columbia University
- ↑ 6.0 6.1 McNamara, Jo Ann et al, "St. Radigund", Sainted Women of the Dark Ages. (Durham and London: Duke University Press, 1992), pp. 70–86. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 12 November 2006
- ↑ "St Radegund" the nunnery and its history rediscovered", Jesus College Cambridge
- ↑ Quelques saints du Poitou et d'ailleurs (n.d.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2009. ციტირების თარიღი: 7 May 2009
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 Effros, Bonnie. (2002). Creating Community with Food and Drink in Merovingian Gaul. Palgrave Macmillan. pp. 49-50. ISBN 978-0-312-22736-4
- ↑ 10.0 10.1 Muir, Elizabeth Gillan. (2019). Women's History of the Christian Church: Two Thousand Years of Female Leadership. University of Toronto Press. p. 46. ISBN 978-1-4875-9385-8
- ↑ Mathisen, Ralph; Shanzer, Danuta (2017) Society and Culture in Late Antique Gaul. Revisiting the Sources. Taylor and Francis, გვ. 235. ISBN 978-1-351-89921-5. OCLC 993683411.
- ↑ Curtin, D. P. (August 2010) Life of St. Radegund. ISBN 9781088109267.
- ↑ Stevenson, p. 88
- ↑ Woman under Monasticism, book review, jstor, Retrieved 2 July 2018
- ↑ Francis Bond, Dedications and patron saints of English churches: ecclesiastical symbolism; saints and their emblems, 1914, p. 328