იცხაკ რაბინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რაბინი, იცხაკ)
იცხაკ რაბინი
יִצְחָק רַבִּין
იცხაკ რაბინი יִצְחָק רַבִּין
ისრაელის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ივლისი, 1992 – 4 ნოემბერი, 1995
წინამორბედიიცხაკ შამირი
მემკვიდრეშიმონ პერესი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 ივნისი, 1974 – 22 აპრილი, 1977
წინამორბედიგოლდა მეირი
მემკვიდრემენახემ ბეგინი

დაბადებული1 მარტი, 1922
იერუსალიმი
გარდაცვლილი4 ნოემბერი, 1995
თელ-ავივი
რელიგიაიუდაიზმი

იცხაკ რაბინი (ებრ. יצחק רבין; დ. 1 მარტი, 1922, იერუსალიმი — გ. 4 ნოემბერი, 1995, თელ-ავივი) — ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გენერალი. ისრაელის მე-5 და მე-11 პრემიერ-მინისტრი. 1994 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

რაბინი 27 წლის განმავლობაში მსახურობდა, როგორც ჯარისკაცი. თავდაპირველად ის აქტიურად ჩაება ელიტური საბრძოლო დანაყოფის, პალმახის, მოქმედებებსა და ოპერაციებში, რომელიც მიზნად ისახავდა ისრაელის სახელმწიფოს დაცვას ისრაელ-არაბეთის ომების მიმდინარეობისას. ასევე, იგი დაინიშნა გენერალური შტაბის უფროსად 6 დღიანი ომის დროს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისრაელის გამარჯვებაში.

რაბინი მსახურობდა ისრაელის ელჩად შეერთებულ შტატებში 1968-1973 წლებში, აშშ-ისრაელის ურთიერთობების გაღრმავების პერიოდში. 1974 წელს იკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და მალევე ხელს აწერს „სინას“ ხელშეკრულებას, რომლითაც ისრაელის შეიარაღებული თავდაცვის ძალებთან ერთად ახორციელებს ორგანიზებულ ოპერაციას ტერორისტების წინააღმდეგ უგანდაში. რაბინს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება მოუწია პირველი პალესტინური პროტესტის პერიოდშიც, რომელიც მიმართული იყო ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. 1992 წელს, უკვე ხელმეორედ აირჩიეს პრემიერ-მინისტრად, რათა ხელი შეეწყო პლატფორმის წარმატებით განხორციელებისათვის, რომელიც ისრაელ-პალესტინის ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარებას ისახავდა მიზნად. პალესტინასთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებების შემდეგ იცხაკ რაბინი და პალესტინის რამდენიმე ლიდერი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. 1995 წელს, ის მოკლულ იქნა ექსტრემისტ იგალ ამირის მიერ, რომელიც აქტიურად გმობდა და ეწინააღმდეგებოდა სამშვიდობო ხელშეკრულებების მიღწევის პროცესს ისრაელსა და პალესტინას შორის, თუმცა საბოლოო ჯამში, იცხაკ რაბინი დღესდღეობით ისრაელ-პალესტინური მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენს.

ბავშვობა და ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ იერუსალიმში 1922 წლის 1 მარტს, სიონისტების ოჯახში, რომლებსაც ებრაელთა ემიგრაციის მესამე ტალღის დროს ევროპიდან პალესტინაში გადასახლება მოუწიათ. მამა ადრეული წლებიდან გაწევრიანებული იყო მარქსისტულ-სიონისტურ პარტიაში და დედაც ძალზედ აქტიურად იყო დაინტერესებული სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური პროცესებით, რომელიც მაშინ მიმდინარეობდა, იყო სიონისტ ქალთა ლიდერი, ერკვეოდა სოფლის მეურნეობის საკითხებშიც, რაც კარგად გამოიყენა იმის მიზეზად, რომ რამდენჯერმე ჩასულიყო პალესტინასა და იერუსალიმში და გაცნობოდა იქ არსებულ სიტუაციას. რაბინი სწავლობდა კადურის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, სადაც ის გამოირჩეოდა საკუთარი აკადემიური მოსწრებითა და სამაგალითო პიროვნული თვისებებით. თავდაპირველად, მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა საირიგაციო სისტემები და ზოგადად ამ სფეროსთან დაკავშირებული ყველა ასპექტი, თუმცა ამის პარალელურად, სამხედრო სფეროსადმი ინტერესი მასში გაძლიერდა 1938 წლის არაბთა აჯანყებების გაუარესების ფონზე. რაბინს და სხვა კადურის სკოლის დაინტერესებულ ახალგაზრდებს სამხედრო საქმეებში გარკვეულ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებდა სერჟანტი, პოლიტიკოსი და ისრაელის შეიარაღებული ძალების მაშინდელი გენერალი იგალ ალონი. 1940 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე, რაბინმა არ მიატოვა საკუთარი პროფესია, დაფინანსებით ჩააბარა კალიფორნიის უნივერსიტეტში და ამავდროულად ის რჩებოდა ერთ-ერთ აქტიურ მებრძოლად პალესტინის საკითხებში.

საწყისი ნაბიჯები სამხედრო კარიერაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს, ჩრდილოეთ ისრაელში პრაქტიკული სამხედრო წვრთნების შემდეგ, იცხაკ რაბინი უერთდება ახლად ფორმირებულ ელიტურ საბრძოლო დანაყოფს-პალმახს, რომელიც იბრძოდა პალესტინის მანდატისათვის. მას ხელმძღვანელობდა აწ უკვე ზემოხსენებული სერჟანტი იგალ ალონი. ისინი გადიოდნენ წვრთნებს სხვადასხვა მცირე ზომის ოპერაციებში და არ იქცეოდნენ შესამჩნევად, რადგან ეს გამოიწვევდა დამატებით სახიფათო სცენარებს, გარკვეულ დროს ატარებდნენ ასევე მიწათმოქმედებაშიც, დადიოდნენ ყოველდღიური ტანსაცმლით, უნიფორმის გარეშე და ასევე ერიდებოდნენ საკუთარი საქმიანობის გაზიარებას საზოგადოების სხვა ჯგუფებისათვის. 1943 წელს რაბინი გახდა კომანდორი, რომელიც აქტიურად წვრთნიდა საკუთარ დანაყოფს და ასწავლიდა თანამედროვე ომისა და ელვისებური შეტევების ტაქტიკებს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პალმახსა და ბრიტანეთის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაიძაბა, განსაკუთრებით ებრაელთა ემიგრაციის საკითხთან დაკავშირებით. 1945 წელს კი რაბინი დაინიშნა პასუხისმგებელ პირად, რომელსაც ევალებოდა იძულებით ემიგრირებული ებრაელების სპეციალური ბანაკებიდან განთავისუფლება. ამის გამო, ის და რამდენიმე ხელშემწყობი პირი დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ხუთი თვით პატიმრობაში ამყოფა, ხოლო განთავისუფლების შემდეგ კი, 1947 წელს დაინიშნა პალმახის ელიტური დანაყოფის კომანდორად და ასევე მთავარ ოფიცრად ოპერაციების განხორციელების დროს.

ქორწინება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს, არაბეთ-ისრაელის ომი დროს, იცხაკ რაბინი დაქორწინდა ლეა შლუზბერგზე, თელ-ავივში. როდესაც ლეამ სკოლა დაამთავრა ის შეუერთდა პალმახის იმ ჯგუფს, რომელსაც რაბინი მეთაურობდა, ამავდროულად მუშაობდა პალმახის ჟურნალისტ-რეპორტიორად. ისინი თავდაპირველად ცხოვრობდნენ ლეას მშობლებთან ერთად, ხოლო მას შემდეგ, რაც სამხედრო საცხოვრებელი ერგოთ, უკვე ცალკე ცხოვრობდნენ თავიანთ შვილებთან ერთად. ჰყავდათ ორი შვილი. რაბინი იყო არარელიგიური პიროვნება, რომელზეც ამერიკელმა დიპლომატმა დენის როსმა თქვა,

ვიკიციტატა
„რაბინი არის ყველაზე სეკულარული ებრაელი, ვისაც აქამდე ისრაელში შევხვედრივარ“

ოპერაციული ქმედებები ისრაელის თავდაცვის ძალებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის არაბეთ-ისრაელის ომის დროს რაბინმა ოპერაციები ჩაატარა იერუსალიმში და ეგვიპტურ არმიას ებრძოდა ნეგევში. თავდაპირველად ის იყო ჰარელის ბრიგადის, იგივე სამხრეთ იერუსალიმის მხარის კომანდორი, ხელმძღვანელობდა სხვა სამხედრო დანაყოფებსაც, მოგვიანებით შეითავსა შეფის თანამდებობა და სამხრეთის ფრონტზე მოუწია ძალიან ბერვი საომარი მოქმედებების წარმართვა, როგორებიც იყო მაგალითად „იოვი“-სა და „ჰორევი“-ს ოპერაციები ნეგევის უდაბნოში. 1949 წლიდან რაბინი შედიოდა დელეგაციაში, რომელიც აწარმოებდა სამხედრო მოლაპარაკებებს ეგვიპტესთან, რუდის კუნძულზე, დღევანდელი საბერძნეთის განაპირა ტერიტორიაზე. საბოლოო ჯამში, მიაღწიეს შეთანხმებას დემობილიზაციის თაობაზე და ამის შემდეგ, რაბინი გახლდათ პალმახის დანაყოფის ყველაზე გავლენიანი პიროვნება, რომელიც რჩებოდა ისრაელის თავდაცვის ძალებში. აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ მის პოლიტიკურ შეხედულებებსაც, რომ ის იყო მემარცხენე სოციალისტური იდეების მიმდევარი, ემხრობოდა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ისრაელის იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს, დევიდ-ბენ გურიონს, რის გამოც რაბინს და მის ზოგიერთ თანამოაზრე სამხედრო პირს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კარიერული წინსვლის პრობლემები შეექმნათ სხვადასხვა სახელმწიფოებრივ სფეროში. მაგრამ 1963 წლიდან, ისრაელის ახალმა პრემიერ-მინისტრმა რაბინი დანიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების შეფად, მას ებარა მთელი სამხედრო სფერო და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, პრემიერ-მინისტრი თვალდახუჭული ენდობოდა და მას საკუთარ მარჯენა ხელად მიიჩნევდა.

1967 წელს, რაბინის მეთაურობით ისრაელის არმიამ გამარჯვება მოიპოვა 6 დღიან ომში ეგვიპტესთან, იორდანიასთნ და სირიასთან. სწორედ ამ ომის შემდგომ შეიძლება ითქვას, რომ მან მიაღწია მნიშვნელოვან კარიერულ წარმატებას შეიარაღებულ ძალებში და ამაღლდა მისი რეპუტაცია, როგორც „ბატონი სახელად - ეროვნული უსაფრთხოება“(Mr. National Security).

ელჩობა და შრომის მინისტრის პოსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს, როდესაც იცხაკ რაბინი შეიარაღებულ ძალებში მსახურების შემდგომ პენსიაზე გავიდა, დაინიშნა სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერტებულ შტატებში, სადაც მან 5 წელი იმსახურა. სწორედ ამ პერიოდში გახდა ამერიკა ისრაელის მთავარი იარაღმიმწოდებელი სახელმწიფო, რომელზეც არანაირი ემბარგო და სხვა დამატებითი ხასიათის შემზღუდველი ფაქტორები არ მოქმედებდა. რაბინი წარმატებულად ართმევდა თავს იმ მისიას, რასაც ისრაელში ტერიტორიული სტატუ-ქვოს მხარდაჭერა ერქვა ვაშინგტონის მხრიდან. 1973 წლის ბოლოს კი არჩეულ იქნა ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს, ქნესეტის, შრომითი პარტიის წევრად, ხოლო მალევე, ერთ წელში კი დაინიშნა შრომის მინისტრად.

პრემიერ-მინისტრობა პირველი ვადით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წელს, გოლდა მეიერი ტოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს და მის ნაცვლად თანამდებობაზე ინიშნება იცხაკ რაბინი. აქვე აღვნიშნოთ, რომ პოსტზე საქმიანობის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ეკონომიკური სიძლიერე, სოციალური პროგრამების ხელშეწყობა და შეიარაღებული ძალების განვითარება. დაკომპლექტდა კოალიციური მთავრობა, რომელშიც შედიოდა სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლი პარტია „რატზ“-ი, დამოუკიდებელი ლიბერალები და სხვა. რელიგიურ ნიადაგზე შექმნილ პარტიებს საწყის ეტაპზე არ ქონდათ გაერთიანებაში შესვლის უფლება, მაგრამ 1974 წლის ზაფხულზე კოალიციას შეუერთდა „ეროვნულ-რელიგიური“ პარტიაც.

საქმიანობის საწყის ეტაპზე რაბინმა გააფორმა „სინას“ ხელშეკრულება ეგვიპტესთან, 1975 წლის 4 სექტემბერს, რითაც ხაზი გაუსვეს იმას, რომ საჭირო იყო კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება და არა სამხედრო მოქმედებებითა და საშუალებებით, თუმცა შეთანხმების მიღწევას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჰენრი კისინჯერმა, კერძოდ, მან თამამად განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის რეგიონული პოლიტიკა და დიპლომატიური მიმართულებები შეიცვლებოდა ისრაელთან მიმართებაში. ამ შეთანხმებით მოხდა მხარეების მიერ სამხედრო შენაერთების დემილიტარიზაცია, ტერიტორიების გაყოფა, მაგალითად შემდეგნაირად, რომ ისრაელს შეეძლო საკუთარი ზედამხედველობის განხორციელება სუეცის არხზე, გარდა ამისა, აშშ ხელშეკრულების საფუძველზე ისრაელს დაჰპირდა, რომ დიდი რაოდენობით მატერიალურ დახმარებას გაუწევდა. სამშვიდობო მოლაპარაკებათა სერიები მოიცავდა ასევე 1978 წლის „კემპ-დევიდი“-სა და 1979 წლის ეგვიპტესთან სამშვიდობო ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურებს. იცხაკ რაბინმა მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაატარა ასევე უგანდაში პალესტინელი შეიარაღებული მებრძოლებისა და ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, მათ გვერდს უმაგრებდა ასევე გერმანიის რევოლუციური ჯგუფებიც, რომლებსაც თვითმფრინავით ჩვეულებრივი მოქალაქეები, მგზავრები ჰყავდათ გატაცებული, მაგრამ საბედნიეროდ, რაბინის ბრძანებით ისრაელის თავდაცვის ძალებმა მყისი და ეფექტიანი დისტანციური დაზვერვა განახორციელეს, რომლითაც საბოლოო ჯამში წარმატებით მოახერხეს მშვიდობიანი მოქალაქეების ამ დესტრუქციული ძალებისგან დახსნა.

ამ ყველაფრის შემდგომ, 1977 წელს, იმართება შეხვედრები რაბინსა და ამერიკის პრეზიდენტ ჯიმი კარტერს შორის, თუმცა დადგა გარკვეული გაუგებრობის პერიოდი, რაც გამოწვეული იყო შემდეგი ფაქტით, რომ ამავე წელს ისრაელის ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტმა გამოაქვეყნა იცხაკ რაბინის ანგარიშები, რომელიც გახსნილი იყო აშშ-ს ეროვნულ ბანკში ისრაელის სავალუტო კანონის დარღვევით, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებისათვის აკრძალული იყო უცხოური საბანკო ანგარიშების შენარჩუნება იმ კონკრეტული პერიოდისათვის, რაბინს კი გამოუაშკარავეს ორი ასეთი შემთხვევა, დააკისრეს გარკვეული რაოდენობის ფულადი ჯარიმები. ამ ფაქტმა მის კარიერაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია. მუშათა პარტია არჩევნებში დამარცხდა. რაბინი ჯერ გადადგა პარტიული ლიდერობიდან, ხოლო 1977 წლის 8 აპრილს კი დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც. ის საკუთარ საქმიანობას განაგრძობდა მხოლოდ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

პრემიერ-მინისტრობა მეორე ვადით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს რაბინი აირჩიეს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარედ და ამავე წელს პარტიულ არჩევნებში მოახერხა დაემარცხებინა არსებული ხელისუფლება. ეს იყო დრო, როდესაც ხანგრძლივი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში, რაბინმა პირველად მოახერხა და ჩამოაყალიბა მემარცხენე ლეიბორისტული პარტია, რომელსაც მხარდაჭერას აღუთქვამდა ასევე სოციალ-დემოკრატიული და მწვანეთა პარტიები, თითქმის ყველა მემარცხე და ასევე ულტრაორთოდოქსული რელიგიური პარტიაც. სწორედ 1992 წლიდან ბრუნდება რაბინი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეორე ვადით და შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისათვის მას უკვე შედარებით უკეთესად აქვს გააზრებული ისრაელის სახელმწიფოებრივი მიზნები და ინტერესები და ზოგადად, ის სიტუაცია, რომელიც მიმდინარეობდა ისრაელ-პალესტინის საკითხთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც 1993 წელს ჰეზბოლამ შეტევები მიიტანა ჩრდილოეთ ისრაელზე, რაბინს მოუწია გარკვეული საპასუხო სამხედრო ქმედებების განხორციელება, მაგრამ საბოლოო ჯამში, პალესტინელ მეთაურებთან გააფორმა ოსლოს ხელშეკრულება, რომლითაც მათ მიანიჭა უფლება ღაზას სექტორის, იორდანიისა და ჩრდილოეთ მკვდარი ზღვის სანაპიროების კონტროლისა. გარდა ამისა, პალესტინის ე.წ. გათავისუფლების ორგანიზაციის მეთაურმა, იასერ არაფატმა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ კონფლიქტის პერიოდში პალესტინის მხრიდან, აღიარა ისრაელის დამოუკიდებლობა და რაბინმაც ცნო პალესტინის დროებითი შეზღუდული ხელისუფლება, რომელსაც სათავეში იასერ არაფატი ედგა. შეთანხმების გაფორმებას ეჭვის თვალით უყურებდა ისრაელის მოსახლეობა და გარკვეულწილად, არ იყვნენ მომხრე მასში გაწერილი ვალდებულებებისა, თვლიდნენ, რომ ისრაელს ამით შეეზღუდებოდა სუვერენიტეტი, მოაწყვეს რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა, მაგრამ იცხაკ რაბინმა კარგად გათვალა ისიც, რომ ამ ხელშეკრულებით ისევ და ისევ მისი მოსახლეობის კეთლდღეობას შეინარჩუნებდა იმ საფრთხის აღკვეთის კუთხით, რასაც ერქვა მაშინდელი ისლამური ტერორიზმის განხორციელება ისრაელის ტერიტორიაზე. იქედან გამომდინარე, რომ რაბინი პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენდა, მალევე მოახერხა ამ ბერკეტით ოპოზიციური პარტიების მხრიდან წაქეზებული საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა და მშვიდობის შენარჩუნება. 1994 წელს კი დამატებით გაფორმდა ისრაელ-იორდანული სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ამ ორ მხარეს შორის სხვადასხვა სახელმწიფოებრივ სფეროში თანამშრომლობას.

განხორციელებული პოლიტიკური რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაბინმა მნიშვნელოვნად შეცვალა ისრაელის ეკონომიკური სისტემა, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებიც. მან გადაუხვია ვექტორი ქვეყნის ტრადიციული სოციალური ეკონომიკიდან და გააფართოვა ბიზნესის პრივატიზაციის ხარისხი. მისმა გუნდმა შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც უცხოური ქვეყნის საწარმოებს პირდებოდა ეფექტურ საინვესტიციო პირობებს, როგორიცაა მაგალითად, მთავრობის დაფინანსებით გარკვეულ დონზეზე ინვესტორების მიერ ჩადებული ინვესტიციების გაორმაგება და სხვა. სწორედ ამ სფერომ გამოიწვია მაღალ-ტექნოლოგიური წარმოების პროგრესი ისრაელში, რომლითაც ის ერთ-ერთი ლიდერი გახდა მსოფლიოში და შესაბამისად გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკაც. 1995 წელს გატარდა კანონი ეროვნული ჯანდაცვის უზრუნველყოფის შესახებ. სამედიცინო პერსონალს ხელფასები გაუორმაგდა და ისრაელის პერიფერიულ რეგიონებში მასწავლებლების ხელფასებიც 70%-ით გაიზარდა. რაბინის მოღვაწეობის პერიოდში დაიწყო ისრაელის მთავარი გზატკეცილისა და „ბენ გურიონი“-ს აეროპორტის მშენებლობა, რამაც შესაბამისად გამოიწვია სამუშაო ადგილებისა და დასაქმებულთა რიცხვის ზრდა.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის ოსლოს სამშვიდობო ხელშეკრულებების გათვალისწინებით, რომლებიც მიიღეს ნორვეგიელი დიპლომატების ნაწილობრივი შუამავლობით იმ ქალაქში, რომელიც მშვიდობის სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ ისტორიის განმავლობაში, შეთანხმდნენ რა მშვიდობის ჩარჩოზე, რომლითაც გადაჭრეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა შუა-აღმოსავლეთში - ისრაელის პრემიერ მინისტრმა რაბინმა, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა პერესმა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ლიდერმა არაფატმა ერთობლივად მოიპოვეს 1994 წლის ნობელის პრიზი.

მკვლელობა და შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

25 წლის ექსტრემისტ ახალგაზრდა სტუდენტს, იგალ ამირს სამშვიდობო ხელშეკრულებების მიმდინარეობისას თვეების განმავლობაში სურდა რაბინის მოკვლა, მაგრამ ამისათვის ის საჭირო მომენტს ელოდებოდა. მისი მოკვლის მთავარ მიზეზს სწორედ ოსლოს ხელშეკრულებები წარმოადგენდა, რადგან ამირი მიიჩნევდა, რომ ამით რაბინი თითქოს ცდილობდა არაბებისათვის ისრაელის ტერიტორიის გადაცემას და მას მოღალატედ, მტრად აღიქვამდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ პირზე არც რაბინის დაცვას და მით უმეტეს უსაფრთხოების სამსახურს არანაირი ინფორმაცია აქამდე არ გააჩნდა. საბოლოოდ 1995 წლის 4 ნოემბერს, თელ-ავივში, შუა აღმოსავლეთის თემების განხილვის დასრულებისთანავე, იგალ ამირმა დრო იხელთა, რაბინს ჩაუსაფრდა და ცეცხლსასროლი იარაღით ორი ღრმა ჭრილობა მიაყენა. რაბინი მალევე გადაიყვანეს იჩილოვის საავადმყოფოში, თუმცა გადაყვანიდან რამდენიმე წუთში ის გარდაიცვალა. იცხაკ რაბინის მკვლელობის შემდეგ, მისი ქალიშვილი, დალია რაბინ-პელოსოფი, ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში და 1999 წელს აირჩიეს ქნესეტის წევრად და წარმოადგენდა ისრაელის ცენტრისტულ პარტიას. 2001 წლიდან კი ის განაგრძობდა საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკვე თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. ის ხელმძღვანელობს ასევე იცხაკ რაბინის სახელობის ცენტრს და ამით ცდილობს მისი სახელის უკვდავყოფას სიცოცხლის დასრულების შემდეგაც. გარდა ამისა, სახელმწიფო დონეზე ხშირად იმართება იცხაკ რაბინისადმი მიძღვნილი სპეციალური ღონისძიებები და ცერემონიები, რომელზეც შეკრებილი ხალხი შემდეგი ლოზუნგებითა და საამაყო სიმბოლური ფრაზებით გამოდის, როგორებიცაა მაგალითად „იცხაკ რაბინი - მშვიდობის მცველი“, „მშვიდობიანი თაობა“, „არასდროს დაგვავიწყდები“ და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]