ჟოზეფ საიდუ მომო
| ჟოზეფ საიდუ მომო | |
|---|---|
| ინგლ. Joseph Saidu Momoh | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 26 იანვარი, 1937[1] [2] [3] |
| დაბადების ადგილი | Binkolo |
| გარდაცვალების თარიღი | 3 აგვისტო, 2003[1] [3] (66 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | კონაკრი |
| მოქალაქეობა |
|
| მეუღლე/ები | Hannah Momoh |
ჟოზეფ საიდუ მომო (დ. 26 იანვარი, 1937 — გ. 3 აგვისტო, 2003) — სიერა-ლეონეს პოლიტიკოსი და სამხედრო ოფიცერი, რომელიც სიერა-ლეონეს მეორე პრეზიდენტის თანამდებობას 1985 წლის ნოემბრიდან 1992 წლის 29 აპრილამდე იკავებდა.[4]
მომო ეთნიკური ჯგუფის, ლიმბას წარმომადგენელი იყო. სანამ 1958 წელს სამხედრო სამსახურში შევიდოდა, მან მცირე ხნით სამოქალაქო სამსახურში დაიწყო კარიერა. სიაკა სტივენზის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მომო 1971 წელს შეიარაღებული ძალების სარდლად დაინიშნა, 1983 წელს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა, ხოლო 1985 წელს ქვეყნის ერთადერთი ლეგალური პარტიის, „All People's Congress“-ის (APC) გენერალური მდივანი გახდა.
სტივენზი იმავე წელს გადადგა და მისი მემკვიდრე მომო გახდა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც იგი ერთადერთი კანდიდატი იყო. მან მემკვიდრეობით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა მიიღო, თუმცა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საგარეო პოლიტიკაში მას დადებითი ურთიერთობები ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. 1991 წელს ამბოხებულთა ჯგუფმა, „რევოლუციურმა გაერთიანებულმა ფრონტმა“ (RUF), მისი ჩამოგდების მიზნით, სიერა-ლეონეს სამოქალაქო ომი წამოიწყო. იმავე წლის ბოლოს მან შემოიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც მრავალპარტიულ სისტემას უშვებდა. მიუხედავად ამისა, მომდევნო წელს იგი ჩამოაგდეს სამხედრო გადატრიალების შედეგად, რომელსაც ვალენტინ შტრასერი ხელმძღვანელობდა. შტრასერმა მოტივად დაასახელა გაუცემელი ხელფასები და RUF-ის წინააღმდეგ მებრძოლი ფრონტისპირელი ჯარისკაცების ცუდი ლოგისტიკური მომარაგება. მომო ემიგრაციაში გვინეაში გაიქცა, სადაც 2003 წელს, ომის დასრულებიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟოზეფ საიდუ მომო დაიბადა 1937 წლის 26 იანვარს, ბინკოლოში, ბომბალის რაიონში, ბრიტანეთის სიერა-ლეონეს ჩრდილოეთ პროვინციაში, ეთნიკური ჯგუფის, ლიმბას წარმომადგენელთა ოჯახში.[4] 1940-იანი წლების დასაწყისში მისი ოჯახი საცხოვრებლად ფრიტაუნში გადავიდა და საბოლოოდ უილბერფორსში დასახლდა.[4] მისი ოჯახის წევრები ქრისტიანები იყვნენ.[4]
1951 წლიდან 1955 წლამდე იგი დასავლეთ აფრიკის მეთოდისტურ კოლეგიურ სკოლაში სწავლობდა.[4] მომო ძალიან ათლეტური იყო და უყვარდა ჩოგბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის თამაში.[4] იგი ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა მაკენის „Young Stars FC“-სა და „Blackpool FC“-ში.[4]
მან განათლება სამთავრობო მოხელეთა სკოლაში, ტექნიკურ ინსტიტუტში დაასრულა.[4]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამოქალაქო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1956 წელს მომო მუშაობდა მესამე თანრიგის კლერკად სიერა-ლეონეს სამოქალაქო სამსახურში.[4] მან ეს თანამდებობა 1958 წელს დატოვა, რათა შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებულიყო.[4]
სამხედრო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მომოს სამხედრო კარიერა 1958 წელს დაიწყო, როდესაც იგი რიგითად ჩაირიცხა დასავლეთ აფრიკის სამეფო სასაზღვრო ძალებში (RWAFF).[4] მან გაიარა მომზადება განის ოფიცერთა რეგულარულ სკოლასა და ნიგერიის სამხედრო სასწავლებელში.[4] ამის შემდეგ იგი გაემგზავრა გაერთიანებულ სამეფოში, რათა ესწავლა ჰაითის ქვეითთა სკოლასა და ოლდერშოტის მონსის ოფიცერ-კურსანტთა სკოლაში.[4]
1963 წელს მას სიერა-ლეონეს სამეფო სამხედრო ძალების მეორე ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.[4] მოგვიანებით იგი მაიორის რანგზე ავიდა და ჩაიბარა მუას ყაზარმების სარდლობა კაილაჰუნში.[4]
1969 წელს მომო გახდა ვიცე-პოლკოვნიკი და პირველი ბატალიონის მეთაური.[4] ერთი წლის შემდეგ კი პოლკოვნიკის წოდება მიიღო.[4]
ბრიგადის გენერალ ჯონ ამადუ ბანგურას მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 1971 წელს პრეზიდენტმა სიაკა სტივენზმა მომო შეიარაღებული ძალების სარდლის მოადგილედ დანიშნა.[4] 1971 წლის ნოემბერში მომომ ბანგურა შეცვალა შეიარაღებული ძალების სარდლის თანამდებობაზე.[4]
1974 წელს იგი დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად კაბინეტის წევრის სტატუსით.[4] 1983 წელს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.[4]
სიერა-ლეონეს პრეზიდენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1985 წელს მომო გახდა APC-ის გენერალური მდივანი და ხელმძღვანელი.[4] იმავე წელს იგი პრეზიდენტ სიაკა სტივენზის მემკვიდრე გახდა, მას შემდეგ რაც ერთადერთი კანდიდატი იყო ერთპარტიულ არჩევნებში, რომელიც 1985 წლის 8 ოქტომბერს რეფერენდუმის სახით ჩატარდა.[4]
მომო სიერა-ლეონეს მეორე პრეზიდენტი გახდა და ამ თანამდებობას 1985 წლის 28 ნოემბრიდან 1992 წლის 29 აპრილამდე იკავებდა.
მმართველობის დასაწყისში მომომ საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა გამოაცხადა, რითაც სიერა-ლეონეს ეკონომიკაზე უფრო დიდი კონტროლი მოიპოვა, თუმცა მას დიქტატორად არ მიიჩნევდნენ. პირიქით, ხალხი მას ზედმეტად სუსტ და სახელმწიფო საქმეების მიმართ უყურადღებო ლიდერად თვლიდა, რომელიც თავის ცნობილ კორუმპირებულ მრჩევლებს საშუალებას აძლევდა, კულისებიდან ემართათ პროცესები.
მომომ წინამორბედისგან მემკვიდრეობით დაშლის პირას მყოფი ეკონომიკა მიიღო და მან ვერ შეძლო ამ პროცესის შეჩერება. ქვეყნის ვალუტა გაუფასურდა. პრეზიდენტ მომოს დროს სიერა-ლეონე იმ ნიშნულამდე მივიდა, როდესაც ქვეყანას ბენზინისა და საწვავის იმპორტის საშუალება აღარ ჰქონდა, რის გამოც სახელმწიფო თვეობით ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა.
მომომ მემკვიდრეობით მიიღო სისტემა, რომელიც სავსე იყო კორუფციითა და იმ არასტაბილურობით, რაც კორუფციას მოჰყვება ხოლმე. მომომ გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები სიერა-ლეონეს მთავრობის შიგნით მექრთამეობის, ნეპოტიზმის, მითვისების, გავლენით ვაჭრობისა და გამოძალვის აღმოსაფხვრელად. საერთაშორისო დამკვირვებლები ამ მცდელობებში მას მეტწილად წარმატებულად მიიჩნევდნენ. ამან განაპირობა მისი კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერთან და ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან. მრჩევლები მათ მოუწოდებდნენ, შეხვედროდნენ მომოს და მასთან კარგი პარტნიორობა დაემყარებინათ, რათა მოეხერხებინათ სიერა-ლეონეს გამოსვლა იმ არასტაბილურობიდან, რომელშიც ქვეყანა 1970-იანი და 1980-იანი წლების დიდი ნაწილის განმავლობაში იმყოფებოდა. ორივე ლიდერმა გაზარდა დახმარება სიერა-ლეონესთვის და გააძლიერა სამთავრობო თანამშრომლობა თავიანთ ადმინისტრაციებსა და მომოს მთავრობას შორის 1987 წლისა და 1988 წლის დასაწყისის განმავლობაში.[5]
1987 წლის სასამართლო პროცესი სახელმწიფო ღალატის მუხლით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1987 წლის 23 მარტს პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთქმულთა ჯგუფი მომოს მკვლელობასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. ეს განცხადება მოჰყვა ფრიტაუნში ერთ-ერთი სახლის ჩხრეკას, რომლის დროსაც იარაღის საცავი, მათ შორის სარაკეტო დანადგარები აღმოაჩინეს.[6]
სიერა-ლეონეს პოლიციის გენერალურმა ინსპექტორმა, ჯეიმს ბამბეი კამარამ, გასცა ბრძანება დაეკავებინათ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფრენსის მინა, ჯ.მ.ტ. კაიკაი, ჯამილ საჰიდ მოჰამედი და თხუთმეტი სხვა პირი.[6][7]
მინა მომოს პირადი მეგობარი იყო და მიუხედავად იმისა, რომ თავად მომოს არ სჯეროდა მინას მონაწილეობისა ამ შეთქმულებაში, მას არ სურდა ინსპექტორ კამარასთვის წინააღმდეგობის გაწევა.[4] მომო მინას დასაცავად პროცესებში არ ჩარეულა.[7]
ღალატის საქმეზე სასამართლო პროცესი ხუთ თვეს, 1987 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდა, სანამ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოიტანეს.[6] ყოფილი პირველი ვიცე-პრეზიდენტი და კიდევ 17 პირი სახელმწიფო ღალატში ცნეს დამნაშავედ და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.[6] ჯამილ საჰიდ მოჰამედმა ლიბანში გაქცევით უშველა თავს, სადაც ემიგრაციაში დარჩა.[7] განაჩენი სისრულეში მოიყვანეს მომოს მიერ ხელმოწერილი ორდერების საფუძველზე.[7] საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფი ნორვეგიიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან, ალჟირიდან და სამხრეთ კორეიდან ერთხმად დაეთანხმა იმას, რომ სასამართლო პროცესი სამართლიანი იყო და მას პოლიტიკური მოტივები არ ჰქონია.[7]
1991 წლის სპარსეთის ყურის ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მომოს ხელმძღვანელობით, სიერა-ლეონე შეუერთდა იმ სახელმწიფოთა კოალიციას, რომელიც სადამ ჰუსეინის მიერ ქუვეითის ოკუპაციას ეწინააღმდეგებოდა.[8]
SCIPA ჯგუფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]SCIPA ჯგუფი იყო ისრაელის წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია ნირ გუაზის ხელმძღვანელობით, რომელიც სიერა-ლეონეში 1989 წელს გამოჩნდა.[9] SCIPA-მ მომოს კეთილგანწყობა მთავრობისთვის სესხების მიცემითა და სიერა-ლეონესთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობის შექმნით მოიპოვა.[9] 1989 წლის შობის ღამეს მომომ გუაზი დააპატიმრა, ეკონომიკურ დივერსიაში დასდო ბრალი და სიერა-ლეონედან მისი დეპორტაცია მოახდინა.[9]
1991 წლის სექტემბერში, სიერა-ლეონეს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, მომომ შემოიღო ახალი კონსტიტუცია, რომელმაც გააუქმა 1978 წელს დამყარებული ერთპარტიული მმართველობა და დააფუძნა მრავალპარტიული დემოკრატია. მან ასევე დიდი როლი ითამაშა ტრაიბალიზმის (ტომობრივი დაპირისპირების) აღმოფხვრაში. ეს ნაბიჯები მას მიულოცეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჯონ მეიჯერმა და ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომლებმაც ეს რეფორმები შეაფასეს, როგორც „მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიზაციისკენ“ და „აუცილებელი წინსვლა“. მომომ აღნიშნა, რომ ჯონ მეიჯერმა დაამტკიცა, რომ იყო „სიერა-ლეონეს ნამდვილი მეგობარი“, ხოლო ჯორჯ ბუშს „მსოფლიოს დიდებული ლიდერი“ უწოდა.[5]
სამხედრო გადატრიალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამწუხაროდ, მომოს მცდელობები რეფორმების გატარების შესახებ ზედმეტად გვიანი აღმოჩნდა სიერა-ლეონეს ქაოსისგან გადასარჩენად. იგი 1992 წლის აპრილში ჩამოაგდეს სამხედრო გადატრიალების შედეგად, რომელიც მოაწყო 25 წლის არმიის კაპიტანმა, ვალენტინ შტრასერმა.
1992 წლის აპრილში ახალგაზრდა ჯარისკაცთა ჯგუფი ფრიტაუნისკენ ფრონტის ხაზიდან დაიძრა, სადაც ისინი ფოდე სანკოს ხელმძღვანელობით მოქმედ „რევოლუციურ გაერთიანებულ ფრონტს“ (RUF) ებრძოდნენ.[10] საშინელი სამუშაო პირობებით, გაუცემელი ხელფასებითა და მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის არარსებობით განრისხებულებმა, მათ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.[10]
1992 წლის 29 აპრილს ჯარისკაცებმა, კაპიტან ვალენტინ სტრასერის მეთაურობით, რადიოს საშუალებით სამხედრო გადატრიალების შესახებ გამოაცხადეს.[10]
მომო გვინეაში გაიქცა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.[10]
ემიგრაცია და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეზობელი გვინეის პრეზიდენტმა, ლანსანა კონტემ, მომოს პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.[11] იგი დასახლდა სასახლეში, რომელიც კონაკრიში, ნონგო ტადის რაიონში მდებარეობდა.[11] მომო 2003 წლის 2 აგვისტოს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლები მან გვინეის სამხედრო მთავრობის სტუმრის სტატუსით გაატარა. ირონიულია, რომ მისი მთავარი მტერი, ფოდე სანკო, სულ რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1971 წელს მომო გახდა ბრიტანეთის იმპერიის უმაღლესი ორდენის (OBE) ოფიცერი.[4] 1974 წელს პრეზიდენტმა სიაკა სტივენსმა იგი როკელის ორდენის ოფიცრის ხარისხით დააჯილდოვა.[4]
სიერა-ლეონე: როკელის ორდენი (1974)[4]
გაერთიანებული სამეფო: ბრიტანეთის იმპერიის ორდენი (1971)[4]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Reno, William. Corruption and State Politics in Sierra Leone (New York: Cambridge University Press), 1995.
- Tuchscherer, Konrad. “Joseph Saidu Momoh,” Encyclopedia of Modern Dictators, ed. by Frank J. Coppa (New York: Peter Lang), 2006, pp. 189–191.
- Tuchscherer, Konrad. “Joseph Saidu Momoh: A Legacy of Missed Opportunity,” Awoko (Freetown, Sierra Leone), 25 July 2003, p. 7.
- Tuchscherer, Konrad. “Joseph Saidu Momoh: Human Rights,” Daily Observer (Banjul, The Gambia), 14 August 2003, p. 12.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- News about his release, IRIN November 1999
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1996.
- 1 2 Munzinger Personen
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 Jalloh, Alusine (2018). Muslim Fula business elites and politics in Sierra Leone. Rochester, NY: University of Rochester Press, გვ. 176. ISBN 9781580461146. OCLC 1006316899.
- 1 2 Limiting Administrative Corruption in Sierra Leone by Sahr John Kpundeh - The Journal of Modern African Studies - Vol. 32, No. 1 (Mar., 1994), pp. 139-157 (19 pages)
- 1 2 3 4 Former Vice President Convicted Of Treason, Sentenced To Death. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-29. ციტირების თარიღი: 2018-07-09
- 1 2 3 4 5 Berewa, Solomon E. (December 2011). A New Perspective on Governance, Leadership, Conflict and Nation Building in Sierra Leone. AuthorHouse. ISBN 9781467888868.
- ↑ Gulf War Fast Facts (16 September 2013).
- 1 2 3 Pham, John-Peter (2005). Child Soldiers, Adult Interests: The Global Dimensions of the Sierra Leonean Tragedy. Nova Publishers. ISBN 9781594546716.
- 1 2 3 4 Mansaray, Ibrahim Sourie. (2013) Was the 1992 coup a blessing or a curse for Sierra Leone?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-17. ციტირების თარიღი: 2018-06-17
- 1 2 On Ex-President Momoh's will. Wife reveals it all (2005-12-24). ციტირების თარიღი: 2018-06-18