ჟოზეფ დელილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჟოზეფ დელილი
კავკასიის ჟოზეფ დელილისეული რუკა

ჟოზეფ-ნიკოლა დელილი (ფრანგ. Joseph-Nicolas Delisle; დ. 4 აპრილი, 1688, პარიზი, — გ. 11 სექტემბერი, 1768, იქვე) — ფრანგი ასტრონომი და გეოგრაფი.

1712-1726 წლებში მუშაობდა ლუქსემბურგის სასახლისა და სამეფო ობსერვატორიებში. 1727-1747 წლებში რუსეთის საიმპერატორო კარის მიწვევით მოღვაწეობდა მეცნიერებათა აკადემიაში პეტერბურგში. იქ ყოფნისას დელილი შეხვდა ვახტანგ VI-ს და ბაქარს. მისი წინადადებით, რუსეთის საგარეო კოლეგიის პროფესორმა გ. კერმა ლათინურად თარგმნა ულუღბეგის ასტრონომიული თხზულება „ზიჯი“. ამასთან დაკავშირებით შეისწავლა აღნიშნული ძეგლის ვახტანგისეული თარგმანის ხელნაწერი. 1736 წელს დელილი გაეცნო პეტერბურგში დიპლომატიური მისიით ჩასულ კახეთის სამეფოს წარმომადგენელს როსებს, რომლის დახმარებითაც შეადგინა კახეთის სამეფოს სქემატური რუკა (დაცულია სანქტ-პეტერბურგში,რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში „დელილის პორტფელი“). 1738 წელს ბაქარმა დელილს გადასცა ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი რუკები, რომლებიც გეოგრაფიულ დეპარტამენტში თარგმნეს და გაამრავლეს. 1740 წელს პეტერბურგში ჩასული ვახუშტი დაინტერესდა საქართველო-კავკასიის იმ ქართული რუკების მდგომარეობით, რომლებიც ამ დეპარტამენტში ითარგმნებოდა.

1747 წელს დელილი დაბრუნდა საფრანგეთში, სადაც საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ასტონომად დაინიშნა. 1761 წლამდე ასწავლიდა „კოლეჟ-დე-ფრანსში“. სხვა მონაპოვართან ერთად მან თან წაიღო საქართველოსა და კავკასიის რუკები. გამოსცა ვახუშტისეული თბილისის გეგმა. 1766 წელს პარიზში გამოაქვეყნა რუსეთიდან წაღებული სხვა რუკები შესავალ წერილთან ერთად. მეცნიერის ფონდი დაცულია საფრანგეთის საზღვაო სამინისტროს არქივში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]