შინაარსზე გადასვლა

ჟიულ გრევი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟიულ გრევი
ჟიულ გრევი
ჟიულ გრევი, 1880
საფრანგეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 იანვარი, 1879  2 დეკემბერი, 1887
წინამორბედიპატრის მაკ-მაჰონი
მემკვიდრესადი კარნო

დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 მარტი, 1876  30 იანვარი, 1879
წინამორბედიგასტონ დ’ოდიფრე-პასკიე
მემკვიდრელეონ გამბეტა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 თებერვალი, 1871  2 აპრილი, 1873
წინამორბედიეჟენ შნაიდერი
მემკვიდრელუი ბუფფე

დაბადებული15 აგვისტო, 1807.
მონ-სუ-ვორდე, საფრანგეთი
გარდაცვლილი9 სექტემბერი, 1891.
მონ-სუ-ვორდე, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიაზომიერი რესპუბლიკელები
მეუღლეკორალი გრევი
ნათესავებიალბერტ გრევი (ძმა)
განათლებაპარიზის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

ფრანსუა ჯუდით პოლ გრევი (დ. 15 აგვისტო, 1807 — გ. 9 სექტემბერი, 1891), ცნობილი როგორც ჟიულ გრევი (ფრანგ. Jules Grévy) — ფრანგი იურისტი და პოლიტიკოსი, რომელიც 1879-დან 1887 წლამდე საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. გრევი ზომიერი რესპუბლიკელების (ფრანგ. Républicains modérés) ლიდერი გახლდათ. იმის გათვალისწინებით, რომ გრევის წინამორბედები მონარქისტები იყვნენ, რომლებიც საფრანგეთში მონარქიის აღდგენას უშედეგოდ ცდილობდნენ, გრევი ქვეყნის პირველ ნამდვილ რესპუბლიკელ პრეზიდენტად მიიჩნევა.[1][2]

ისტორიკოს დევიდ ბელის თანახმად, გრევის მმართველობის პერიოდში მის მინისტრთა კაბინეტებში განხეთქილება სუფევდა; მხოლოდ ერთმა მათგანმა შეძლო ერთ წელზე მეტხანს არსებობა. პრეზიდენტი ძირითად ყურადღებას თავდაცვას, შინაგან წესრიგსა და საგარეო ურთიერთობებს უთმობდა.

იურის დეპარტამენტის ერთ-ერთ მცირე ქალაქში დაბადებული გრევი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც, სანამ რესპუბლიკური მოძრაობის აქტივისტი გახდებოდა, იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა. გრევის პოლიტიკური კარიერა 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ დაიწყო: გრევი საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრი გახდა. ასამბლეაში მუშაობისას გრევიმ სახელი გაითქვა ლუი-ნაპოლეონ ბონაპარტესადმი ოპოზიციური განწყობითა და აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვის იდეის მხარდაჭერით. 1851 წელს, ლუი-ნაპოლეონის მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების დროს, გრევი მცირე ხნით დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი პოლიტიკურ ასპარეზს დროებით ჩამოშორდა.

1870 წელს, საფრანგეთის მეორე იმპერიის დამხობისა და რესპუბლიკის აღდგენის შემდეგ, გრევი კვლავ დაუბრუნდა ქვეყნის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. ეროვნულ ასამბლეასა და დეპუტატთა პალატაში მაღალი თანამდებობების დაკავების შემდეგ, 1879 წელს გრევი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს. პრეზიდენტობის პერიოდში გრევიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მრავალწლიანი პოზიცია - გრევიმ პარლამენტის სასარგებლოდ საკუთარი აღმასრულებელი ძალაუფლება შეზღუდა. საგარეო პოლიტიკაში გრევი მშვიდობიანი ურთიერთობების შენარჩუნებისკენ მიისწრაფოდა და კოლონიალიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა.[3]

მიუხედავად იმისა, რომ 1885 წელს გრევი მეორე ვადით აირჩიეს, ორი წლის შემდეგ პრეზიდენტის სიძე კორუფციულ სკანდალში გაეხვა. გრევი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო პოლიტიკური მხარდაჭერა და კანდიდატთა რესურსი სრულად ამოეწურა.[4] გრევის თითქმის ცხრაწლიანი პრეზიდენტობა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის განმტკიცების პერიოდად მიიჩნევა.[3]

ადრეული ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრევი დაიბადა 1807 წლის 15 აგვისტოს იურის დეპარტამენტის დასახლება მონ-სუ-ვოდრეში (ფრანგ. Mont-sous-Vaudrey), რესპუბლიკური შეხედულებების მქონე ოჯახში.[5] გრევის ბაბუა, მამის მხრიდან, ნიკოლა გრევი (დ. 1736 — გ. 1812), ფერმერების შვილი იყო; ნიკოლა საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში მონ-სუ-ვოდრეში გადასახლდა, სადაც „ლა გრანჟერის“ (ფრანგ. la Grangerie) მამული შეიძინა. ნიკოლა მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა.[6]

ჟიულ გრევის მშობლები - ფრანსუა გრევი (დ. 1773 — გ. 1857) და ჟანა გაბრიელ პლანე (დ. 1782 — გ. 1855).[6] მამამისი 1792 წელს საფრანგეთის რევოლუციურ არმიას მოხალისედ შეუერთდა, ბატალიონის მეთაურის ჩინამდე დაწინაურდა და რევოლუციურ ომებში იბრძოდა, სანამ კონსულობის პერიოდში მონ-სუ-ვოდრეში არ დაბრუნდა.[7] ფრანსუა მის მამულში კრამიტის ქარხანას ამუშავებდა.

10 წლის ასაკში გრევიმ სწავლა მეზობელ ქალაქ პოლინში დაიწყო, მოგვიანებით კი სწავლა ბეზანსონსა და დოლეში განაგრძო. საბოლოოდ, გრევიმ პარიზის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. 1837 წელს გრევი პარიზის ადვოკატთა კოლეგიის წევრი გახდა[7] და თავი გამოიჩინა პარიზის ადვოკატთა ასოციაციის კონფერენციაზე (ფრანგ. Conférence du barreau de Paris).

ივლისის მონარქიის პერიოდში გრევი მტკიცედ იცავდა რესპუბლიკურ პრინციპებს. ზუსტად ამ დროს, გრევიმ პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო, როგორც ფილიპესა და კინიოს ადვოკატმა; რომლებიც არმან ბარბესის თანამზრახველები იყვნენ 1839 წლის 12 მაისის წარუმატებელ რესპუბლიკურ აჯანყებაში.[7]

მოღვაწეობა საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის პერიოდში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გრევი, როგორც ეროვნული ასამბლეის დეპუტატი, 1848.

1848 წელს საფრანგეთის რევოლუციამ ივლისის მონარქია დაამხო და საფუძველი ჩაუყარა მეორე რესპუბლიკის შექმნას; ამავდროულად, გრევი იურის დეპარტამენტში რესპუბლიკის კომისრად დაინიშნა.[8] 1848 წლის აპრილში გრევი ამავე დეპარტამენტმა დამფუძნებელი ეროვნული ასამბლეის წევრად აირჩია. საკუთარ საარჩევნო დეკლარაციაში გრევი მოითხოვდა „ძლიერ და ლიბერალურ რესპუბლიკას, რომელიც ხალხს თავს სიბრძნითა და ზომიერებით შეაყვარებდა“.[7]

იმავე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუი-ნაპოლეონ ბონაპარტეს მოსალოდნელი გაძლიერების შიშით, გრევიმ სუსტი აღმასრულებელი ხელისუფლების იდეის ადვოკატირება დაიწყო.[3] კონსტიტუციის შემუშავებისას გამართულ დებატებში გრევიმ სახელი გაითქვა პრეზიდენტის საყოველთაო საარჩევნო უფლებით არჩევისადმი წინააღმდეგობით. ამის ნაცვლად, გრევი გამოდიოდა წინადადებით, რომ აღმასრულებელი ძალაუფლება გადაცემოდა „მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტს“, რომელსაც არჩეული ეროვნული ასამბლეა დანიშნავდა და გადააყენებდა.[7] ე.წ. „გრევის შესწორება“ უარყვეს,[8] ხოლო 1848 წლის დეკემბერში საფრანგეთის პრეზიდენტად ბონაპარტე აირჩიეს.

1849 წლის აპრილში გრევი ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.[8] იმავე თვეში გრევიმ პროტესტი გამოთქვა პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც იტალიის დამოუკიდებლობის პირველი ომის ფარგლებში შექმნილი რევოლუციური რომის რესპუბლიკის წინააღმდეგ ექსპედიციის მოწყობას ითვალისწინებდა.[9] მიუხედავად ამისა, ექსპედიცია მაინც განხორციელდა და პაპის მმართველობის აღდგენით დასრულდა.

1851 წელს გამართლდა გრევის ეჭვი იმის შესახებ, რომ ლუი-ნაპოლეონი ძალაუფლების სამუდამოდ შენარჩუნებას (უზურპაციას) აპირებდა: 2 დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად პრეზიდენტმა დიქტატორული უფლებამოსილება ჩაიგდო ხელში, რის დროსაც გრევი დააპატიმრეს და მაზასის ციხეში (ფრანგ. Prison Mazas) მოათავსეს. გრევი მალევე გაათავისუფლეს, თუმცა საფრანგეთის იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ, უკვე იმპერატორ ნაპოლეონ III-ის მმართველობისას, მან პოლიტიკური მოღვაწეობა შეწყვიტა და იურიდიულ საქმიანობას დაუბრუნდა.[8]

მოღვაწეობა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის პერიოდში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრევი პოლიტიკურ კარიერას იმპერიის ბოლო წლებში დაუბრუნდა. 1868 წელს გრევი საკანონმდებლო კორპუსის (ფრანგ. Corps législatif) წევრად აირჩიეს, სადაც გრევიმ მალევე დაიმკვიდრა თავი ლიბერალური ოპოზიციის ლიდერად. ადოლფ ტიერთან და ლეონ გამბეტასთან ერთად, გრევი 1870 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომის გამოცხადებას ეწინააღმდეგებოდა, მოგვიანებით კი პარიზის კომუნის სოციალისტური აჯანყება დაგმო. წლების შემდეგ, 1877 წელს, ტიერის გარდაცვალების შემდეგ, გრევი რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი გახდა.[8]

საფრანგეთ-პრუსიის ომში იმპერიის დამხობის შემდეგ, 1871 წელს, გრევი იურისა და ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტებიდან ახალი მესამე რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლად აირჩიეს.[9] 1871 წლის თებერვლიდან 1873 წლის აპრილამდე[8] გრევის ასამბლეის პრეზიდენტის (თავმჯდომარის) პოსტი ეკავა, თუმცა თანამდებობიდან მემარჯვენე ოპოზიციის ზეწოლის გამო გადადგა; ოპოზიცია გრევის წინა დღის სხდომაზე ერთ-ერთი წევრისთვის წესრიგისკენ მოწოდებასა და შენიშვნის მიცემას საყვედურობდა.

1876 წლის 8 მარტს გრევი დეპუტატთა პალატის პრეზიდენტად დაინიშნა. ამ პოსტზე გრევიმ იმდენად მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა, რომ ლეგიტიმისტი პრეზიდენტის, პატრის მაკ-მაჰონის გადადგომის შემდეგ, რესპუბლიკის პრეზიდენტობის ყველაზე ბუნებრივ კანდიდატად სწორედ გრევი მოიაზრებოდა. 1879 წლის 30 იანვარს რესპუბლიკურმა პარტიებმა გრევი ქვეყნის მმართველად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აირჩიეს.

გრევის პორტრეტი, ლეონ ბონა, 1880.

მთელი პრეზიდენტობის განმავლობაში, გრევი ცდილობდა საკუთარი უფლებამოსილებები მინიმუმამდე დაეყვანა და უპირატესობას ძლიერ საკანონმდებლო ხელისუფლებას ანიჭებდა.[3] 1879 წლის 6 თებერვალს, თანამდებობის დაკავებიდან მალევე, გრევიმ პალატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის როლის საკუთარი ხედვა განმარტა:

„საპარლამენტო რეჟიმის უზენაესი კანონისადმი გულწრფელი მორჩილებით, მე არასოდეს დავუპირისპირდები ერის ნებას, რომელიც გამოხატულია მისი ინსტიტუციური ორგანოების მიერ“.

პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის ამგვარმა ინტერპრეტაციამ დიდი გავლენა მოახდინა მესამე რესპუბლიკის თითქმის ყველა მომდევნო პრეზიდენტზე.[8]

საგარეო პოლიტიკაში გრევი მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებისკენ მიისწრაფოდა, განსაკუთრებით გერმანიის იმპერიასთან. გრევი ეწინააღმდეგებოდა რევანშისტულ მოთხოვნებს, რომლებიც საფრანგეთ-პრუსიის ომში განცდილი კატასტროფული მარცხისთვის შურისძიებას ისახავდა მიზნად; ამასთანავე, გრევი კოლონიური ექსპანსიის წინააღმდეგ გამოდიოდა.[3]

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, გრევის პრეზიდენტობა აღინიშნა ანტიკლერიკალური რეფორმებით, რაც განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ შარლ დე ფრეისინეს მთავრობის პერიოდში გატარდა.[8] 1880 წელს გრევიმ გამოსცა კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც კომუნარების (პარიზის კომუნის მონაწილეების) სასარგებლოდ იქნა მიღებული.[5]

სკანდალი და გადადგომა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1885 წლის 28 დეკემბერს გრევი რესპუბლიკის პრეზიდენტად კიდევ შვიდი წლის ვადით აირჩიეს. თუმცა, ორი წლის შემდეგ, 1887 წლის დეკემბერში, გრევი იძულებული გახდა გადამდგარიყო პოლიტიკური სკანდალის გამო. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ გრევის სიძე, დანიელ ვილსონი, საპატიო ლეგიონის ორდენებით ვაჭრობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად გრევი ამ სქემაში უშუალოდ არ მონაწილეობდა, მას ირიბად ეკისრებოდა პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ვილსონმა ელისეის სასახლეში თავისი გავლენა ბოროტად გამოიყენა.[10]

დეპუტატთა პალატისა და სენატის ზეწოლის შედეგად, გრევი 2 დეკემბერს გადადგა. გრევიმ პალატებს უკანასკნელი გზავნილით მიმართა, სადაც აღნიშნა: „ჩემი მოვალეობა და უფლება იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა კეთილგონიერება და პატრიოტიზმი მავალდებულებს, დათმობაზე წავიდე“.[7] ეს პოლიტიკური მოვლენა პირველი შემთხვევა იყო, რომელმაც საფრანგეთში ანტიმასონური განწყობების ზრდას შეუწყო ხელი.[11]

1888 წელს გრევიმ გამოსცა ორტომეული „პოლიტიკური და სასამართლო სიტყვები“ (ფრანგ. Discours politiques et judiciaires).[3]

გრევის პორტრეტი ბილიარდის თამაშისას, ჟურნალ ინგლ. „Vanity Fair“-ის 1879 წლის 12 ივლისის ნომრიდან; მხატვარი - თეობალდ შარტრანი.

1848 წელს გრევიმ ცოლად შეირთო კორალი ფრასი, ნარბონელი მეტყავის ასული.[8] მათ შეეძინათ ერთი ქალიშვილი, ალისი (დ. 1849 — გ. 1938), რომელიც 1881 წელს დანიელ ვილსონზე დაქორწინდა.[12]

ჟიულ გრევი 1891 წლის 9 სექტემბერს, მშობლიურ ქალაქ მონ-სუ-ვოდრეში, ფილტვების შეშუპებით გარდაიცვალა. სახელმწიფო დაკრძალვა 14 სექტემბერს გაიმართა.

გრევი არასის მასონთა ლოჟის, ფრანგ. „La Constante Amitié“-ს წევრი იყო;[13] გრევის მასონური საქმიანობა განუყოფელი იყო მისი პოლიტიკისგან,[11] განსაკუთრებით ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევისთვის ბრძოლაში, რამაც მესამე რესპუბლიკის დასაწყისი და მაკ-მაჰონის გადადგომა დააჩქარა.

პირად ცხოვრებაში გრევი ბილიარდის აზარტული მოთამაშე გახლდათ; ამ ამპლუაში გრევი 1879 წელს ჟურნალ ინგლ. „Vanity Fair“-ში გამოქვეყნებულ პორტრეტზეც კი გამოსახეს.

მარსელ პრუსტის ეპოპეაში „დაკარგული დროის ძიებაში“ (ინგლ. „In Search of Lost Time“), გრევი მოხსენიებულია სვანის ერთ-ერთ მასპინძლად ვახშამზე.[14]

გრევის პატივსაცემად იასამნის ერთ-ერთ სახეობას ეწოდა ლათ. Syringa vulgaris „President Grévy“.[15] ასევე, გრევის სახელს ატარებს ზებრის ერთ-ერთი სახეობა - გრევის ზებრა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Bell, David, et al. eds. Biographical dictionary of French political leaders since 1870 (1990) pp 189–190.
  • Palmer, Michael. "Daniel Wilson and the decorations scandal of 1887." Modern & Contemporary France 1.2 (1993): 139-150. online
  • Sorlin, Pierre. "La société politique sous Jules Grévy." Annales. Histoire, Sciences Sociales Vol. 24. No. 2. 1969.
  1. Bennett, Heather Marlene (2013). Long Live the Revolutions: Fighting for France's Political Future in the Long Wake of the Commune, 1871–1880, Publicly Accessible Penn Dissertations. University of Pennsylvania, გვ. 263. 
  2. „Jules Grevy“. World Presidents DB. 2017.
  3. 1 2 3 4 5 6 „Jules Grévy“. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 26 May 2021.
  4. David Bell, et al. eds. Biographical dictionary of French Political Leaders Since 1870 (1990). pp. 189–190.
  5. 1 2 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Un président franc-comtois, Jules Grévy. ციტირების თარიღი: 28 May 2021.
  6. 1 2 Anceau, Eric (1995). „GRÉVY Jules Philippe Louis Albert 1823–1899“, რედ. Jean Marie Mayeur: Les immortels du Sénat, 1875–1918: les cent seize inamovibles de la Troisième République (fr). Publications de la Sorbonne. ISBN 978-2-85944-273-6. 
  7. 1 2 3 4 5 6 (1891) Dictionnaire des parlementaires français (fr). Paris, გვ. 254–257. 
  8. 1 2 3 4 5 6 7 8 9 Jules Grévy 1879 - 1887 (15 November 2018). ციტირების თარიღი: 26 May 2021.
  9. 1 2 Johnson, Alfred S., ed. (1892). „Necrology - September“. The Cyclopedic Review of Current History. Detroit: The Evening News Association. 1: 465.
  10. Rochefort, Henri. "The Adventures of My Life, vol. 2" pp315-318
  11. 1 2 Dictionnaire universel de la Franc-Maçonnerie (Marc de Jode, Monique Cara and Jean-Marc Cara, ed. Larousse, 2011)
  12. Palmer, Michael B. (2021). The Daniel Wilsons in France, 1819–1919. Routledge, გვ. 236. ISBN 9781000225921. 
  13. Dictionnaire de la Franc-Maçonnerie (Daniel Ligou, Presses Universitaires de France, 2006)
  14. Proust, Marcel (1992). Swann's way, C. K. Scott-Moncrieff, New York: Modern Library, გვ. 304–5. ISBN 0-679-60005-1. OCLC 26211992. 
  15. Syringa vulgaris 'President Grevy' (Lilac). ციტირების თარიღი: 2022-01-05