ჟიჟკოვის ატრიუმი
| ჟიჟკოვის ატრიუმი | |
|---|---|
|
გაგა მუმლაძის ფოტო | |
| ზოგადი ინფორმაცია | |
| შენობის ტიპი | კულტურული |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები ჩეხეთი | ქვეყნის დროშა2 | name = ჩეხეთი | variant = | size = }} |
| ქალაქი | პრაღა |
| დასრულდა | 1719 |
| საიტი | |
| https://atriumzizkov.cz/ | |
ჟიჟკოვის ატრიუმი (ჩეხ. Atrium Žižkov) — საზოგადოებრივი და კულტურული სივრცე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის ჟიჟკოვის უბანში. ის ჩაიკოვსკის ქუჩის №12-ში მდებარე ბაროკოს სტილის ეკლესიის — წმინდა ჯვრის ამაღლების ყოფილ ტაძარშია განთავსებული.
იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საგამოფენო სივრცე იყო „ნორმალიზაციის“ პერიოდში, სადაც იმართებოდა იმ დროს აკრძალული მხატვრების გამოფენები.[1]
როგორც საგამოფენო დარბაზი, ის უწყვეტად ფუნქციონირებს 1984 წლის აპრილიდან და დღეს წარმოადგენს კულტურულ ცენტრს, რომლის შემადგენლობაშიც შედის კაფე და შიდა ეზოში არსებული ყველასთვის ხელმისაწვდომი ბაღი.[2]

გაგა მუმლაძის ფოტო
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ მიწის ნაკვეთზე თავდაპირველად ნოვე-მნესტოს (ახალი ქალაქი) ჭირით გარდაცვლილთა სასაფლაო მდებარეობდა. სასაფლაო ეკლესიის გარეშე ფუნქციონირებდა ჭირის ბოლო ეპიდემიამდე, რომელმაც პრაღა 1713–1716 წლებში მოიცვა.
1717–1719 წლებში ნოვე-მნესტოს მერმა იან ფრანტიშეკ კრუსიუსმა აქ ააშენა ბაროკოს სტილის, შავ ჭირს შეწირულებისადმი მიძღვნილი წმინდა ჯვრის ამაღლების ტაძარი, რომელიც 1720 წელს აკურთხეს. არქიტექტორის ვინაობა უცნობია.
1787 წელს ეს ტაძარი ჟიჟკოვის ტერიტორიაზე პირველი სამრევლო ეკლესია გახდა. იმავე წელს გაუქმდა მიმდებარე სასაფლაო, რადგან ძველი და ახალი ქალაქის ცენტრალურ სასაფლაოდ ოლშანის სასაფლაო განისაზღვრა.
აქ სამრევლო მსახურებები 1842 წლამდე ტარდებოდა, რის შემდეგაც მრევლი ახლომდებარე წმინდა როხის ეკლესიაში, ოლშანში გადავიდა. ეკლესია წმინდა ინდრჟიხის სამრევლოს ექვემდებარებოდა, თუმცა იზოლირებულად იდგა. დროთა განმავლობაში მას დაემატა მღვდლის საცხოვრებელი კელია (პუსტევნა), ასევე მესანთლისა და კაპელანის საცხოვრებელი.[3]
შავი ჭირით გარდაცვლილთა სასაფლაო ასი წლის შემდეგ გაუქმდა, ხოლო ეკლესია XIX საუკუნის შუა წლებამდე სამრევლო ტაძრად გამოიყენებოდა. XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე მან დაკარგა საეკლესიო ფუქნცია და გამოიყენებოდა როგორც საწყობი, რომელიც გარშემორტყმული იყო საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოთი. XX საუკუნის 50-იან წლებში მისი დანგრევა იგეგმებოდა სიძველის გამო.
ყოფილი სასაფლაოს ადგილზე ბოსტნეული გააშენეს. 1890 წელს ასევე დაანგრიეს ღვთისმშობლის ტანჯვის კაპელა, რომელიც 1753 წელს ეკლესიის მახლობლად — დღევანდელი ჩაიკოვსკის ქუჩის სავალი ნაწილის ადგილზე, სახლების №1424/9 და №1904/11 შორის იდგა.
ეკლესიის გადარჩენისა და აღდგენის მცდელობები 1887, 1906 და 1961 წლებში ფინანსური მიზეზების გამო უშედეგოდ დასრულდა.
მხოლოდ ყოფილი ეკლესიუს კულტურულ ცენტრად გადაკეთებამ უზრუნველყო მისი გადარჩენა ჟიჟკოვის ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციის პერიოდში, კერძოდ XX საუკუნის 70-80-იან წლებში. 1962 წელს მისი აღდგენის პროექტი შეიმუშავა იაროსლავ კორეჩეკმა, სახელმწიფო ინსტიტუტიდან ისტორიული ქალაქებისა და ობიექტების რეკონსტრუქციისთვის, თუმცა რეალური სამშენებლო სამუშაოები თხუთმეტი წლით დაგვიანდა.
საგამოფენო სივრცე შეიქმნა წმინდა ჯვრის ამაღლების ბაროკოს ეკლესიის რეკონსტრუქციის დროს, 1977–1984 წლებში, როგორც თანამედროვე მიშენება. ეკლესიაში მოეწყო საკონცერტო დარბაზი 120 მაყურებლისთვის. შენობის შუაგულში ასევე შეიქმნა მცირე, კვადრატული ატრიუმი, ხოლო ძველი ხის ჭის ადგილას — ნიჟარის ფორმის შადრევანი.
ინდრა ვიკოვამ და პეტერა ორიეშკამ შექმნეს შადრევანი. 1982 წელს ჩეხმა მოქანდაკე იაროსლავ ბარტოშმა ატრიუმის ეზოში დადგა პოეზიის ქანდაკება. 2007 წელს განათების სისტემა მოდერნიზდა და ეკლესიის ინტერიერი ადრეული ბაროკოს იერსახით აღდგა.
1984 წელს ატრიუმში დაიწყეს კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩაგრულ მხატვართა ნამუშევართა გამოფენები. მათ შორის იყვნენ ირჟი სეიფერტი (1984), ირჟი ლინდოვსკი (1985), ჰუგო დემარტინი, პაველ ნეშლეჰა, ოლბრამ ზოუბეკი (1986), ჰანა პურკრაბკოვა, კარელ პაუზერი, ვერა იანოუშკოვა, იტკა სვობოდოვა და კურტ გებაუერი.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Atrium Žižkov en. ციტირების თარიღი: 2026-03-25
- ↑ Atrium Žižkov en. ციტირების თარიღი: 2026-03-25
- ↑ O Atriu (Historie objektu) cs. ციტირების თარიღი: 2026-03-25
- ↑ თარგი:Citace elektronického periodika
