ჟინვალის მესამე სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟინვალის მესამე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში, საავადმყოფოს ტერიტორიაზე. თარიღდება III-VIII საუკუნეებით. 1972-1973 წლებში და 1976 წელს ძეგლი გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. გათხრილია 19 ორმოსამარხი, 25 ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხი და 22 ქვისსამარხი.

ორმოსამარხები განეკუთვნება III-IV საუკუნეებს. აღმოჩენილია თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და ვერცხლის სამკაულები და მძივები.

ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები განეკუთვნება IV-V საუკუნეებს. დაკრძალვის წესი ძირითადად ქრისტიანულია. სამარხებში აღმოჩნდა საკინძები, მშვილდსაკინძები, მძივები და სხვა.

ქვისსამარხები განეკუთვნება V-VIII საუკუნეებს. გამოვლინდა ძირითადად სამაროვანის დასავლეთ ნაწილში. სამარხების კედლები ნაგები იყო მოლურჯო ქვიშაქვის ფილებით. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. სამარხეული ინვენტარი შედარებით ღარიბია. ერთ-ერთი საკინძის თავი შემკული იყო ფალაური წარწერით.

არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]