ჟინვალის მესამე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟინვალის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში, ბიჩნიგაურების უბანში. განეკუთვნება XVII-XVIII საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთი კედელი, დასავლეთი კედლის დიდი ნაწილი და კამარის სამხრეთი გვერდი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღით, ხოლო შიგნით თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, აგურით გამოყვანილი პატარა თაღოვანი სარკმელია. აფსიდის თაღი, რომელიც მთლიანად აგურითაა ნაწყობი, რიყის ქვის ერთსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. შემორჩენილია ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლის მხოლოდ ერთი წირთხლი და ქვის ბრტყელი გადახურვის ნაწილი. 1940-იან წლებში, ეკლესიის სხვა დანიშნულებით გამოყენებისას, აფსიდის იატაკი 1 მეტრით აუმაღლებიათ, რომლის შუაში პატარა წრიული ავზი მოუწყვიათ. კვადრატული დარბაზის ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ კიდეში პატარა სწორკუთხა ნიშია. ინტერიერის შელესილობის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. დარბაზის რიყის ქვით ნაწყობი კამარა შეისრული ფორმისაა. ფასადების საპირე წყობა რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებითაა შექმნილი. ჩრდილოეთის ფასადზე შემორჩენილია აგურის საფეხუროვანი ლავგარდნის ნაწილი, რომელიც კუთხის შვერილი და სწორად დაწყობილი აგურის რიგების მონაცვლეობითაა შედგენილი. ეკლესია გადახურული იყო ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]