ჟინვალის მეორე სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟინვალის მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალში, ზანდუკლიანთ ნავენახარზე. ამ ადგილას ახლა ადმინისტრაციული შენობა და კულტურის სახლი დგას.

1971-1973 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხარა 35 ორმოსამარხი, 1977 წელს - 11. აქედან 37 ორმოსამარხი თარიღდება III-IV საუკუნეებით, ოთხი ორმოსამარხი - ადრინდელი შუა საუკუნეებით, ხუთი - გვიანდელი შუა საუკუნეებით. ქვისსამარხები უპირატესად განლაგებული იყო სამაროვანის დასავლეთ ზოლზე. ორმოსამარხებში, რომელთა ორმოებს ოვალური ან სწორკუთხა მოყვანილობა ჰქონდა, ესვენა თითო მოხრილი მიცვალებული, თავით დასავლეთისკენ ან სამხრეთ-დასავლეთისკენ. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს საყურეები, მძივები, თიხის მოჩალისფრო ჭურჭელი, მონეტები და სხვა. სამაროვანზე გაითხარა ორი მდიდრული სამარხი, რომლებიც III-IV საუკუნეებს განეკუთვნება. ერთში მიცვალებული დაკრძალული იყო ცხენთან ერთად. ცხენის ჩონჩხი სამარხის აღმოსავლეთ ბოლოში იდო. მამაკაცი სამარხში ესვენა გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ, თავქვეშ ამოდებული ჰქონდა ვერცხლის პინაკი, რომელზეც შემორჩენილია არმაზული წარწერის ფრაგმენტი, სამარხში აღმოჩნდა აგრეთვე სარეცლის ფეხის მდიდრულად მოჩუქურთმებული ვერცხლის გარსაკრავები, ვერცხლის სამი ბეჭედი, მათ შორის ორი გემიანია. ერთი ოქროს და სამი ვერცხლის მონეტა, ოქროს წყვილი საყურე, მინის ჭურჭელი, თიხის ორყურა ყელწიბოვანი ჩაფი, ვერცხლის აბზინდები, მძივები და სხვა.

აღმოჩენილი მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]