ჟენევის პროტოკოლი
ჟენევის პროტოკოლი
| |
|---|---|
ომში ასფიქსიის გამომწვევი, მომწამვლელი ან სხვა აირებისა და ბაქტერიოლოგიური საომარი მეთოდების გამოყენების აკრძალვის პროტოკოლი
| |
| მომზადდა | 17 ივნისი, 1925 |
| ხელი მოეწერა | 17 ივნისი, 1925 |
| ადგილი | ჟენევა, შვეიცარია |
| ძალაში შევიდა პირობები |
8 თებერვალი, 1928 რატიფიცირება 65 სახელმწიფოს მიერ |
| ხელი მოაწერეს | 38 |
| მხარეები | 146 |
| მეანაბრე | საფრანგეთის მთავრობა |
ომში ასფიქსიის გამომწვევი, მომწამვლელი ან სხვა აირებისა და ბაქტერიოლოგიური საომარი მეთოდების გამოყენების აკრძალვის პროტოკოლი , იგივე ჟენევის პროტოკოლი —ხელშეკრულება, რომელიც კრძალავს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას საერთაშორისო შეირაღებულ კონფლიქტებში. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ჟენევაში 1925 წლის 17 ივნისს და ძალაში შევიდა 1928 წლის 8 თებერვალს. რეგისტრაცია გაიარა ერთა ლიგის ხელშეკრულებათა სერიაში 1929 წლის 7 სექტემბერს. ჟენევის პროტოკოლი წარმოადგენს პროტოკოლს იმავე თარიღით ხელმოწერილი იარაღისა და საბრძოლო საშუალებების საერთაშორისო ვაჭრობის ზედამხედველობის კონვენციისადმი და მოჰყვა 1899 და 1907 წლების ჰააგის კონვენციებს. იგი კრძალავს „ასფიქსიის გამომწვევი, მომწამვლელი ან სხვა გაზების და ყველა ანალოგიური თხევადი ნივთიერების, მასალების ან მოწყობილობების“ და „საომარი ბაქტერიოლოგიური მეთოდების“ გამოყენებას. მიღებულია, როგორც ზოგადი აკრძალვა ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღზე მონაწილე სახელმწიფოებს შორის, მაგრამ არაფერს ამბობს წარმოების, შენახვის ან გადაცემის შესახებ. შემდგომ ხელშეკრულებებმა მოიცვა ეს ასპექტები – 1972 წლის ბიოლოგიური იარაღის კონვენცია (BWC) და 1993 წლის ქიმიური იარაღის კონვენცია (CWC).
მოლაპარაკებების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1899 და 1907 წლების ჰააგის კონვენციებში ქიმიური იარაღის გამოყენება აიკრძალა. ამის მიუხედავად, პირველ მსოფლიო ომში ფართო მასშტაბური ქიმიური ომი გაიმართა. საფრანგეთმა ცრემლსადენი აირი 1914 წელს გამოიყენა, მაგრამ ქიმიური იარაღის პირველი ფართომასშტაბიანი გამოყენება განხორციელდა გერმანიის იმპერიის მიერ იპრში, ბელგიაში 1915 წელს, როცა ქლორის გაზი გამოიყენეს გრავენშტაფელის ბრძოლაში გერმანული შეტევის ფარგლებში. ამის შემდეგ, ქიმიური შეიარაღების რბოლა დაიწყო, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთმა, ავსტრია-უნგრეთმა, შეერთებულმა შტატებმა და იტალიამ შეუერთდნენ საფრანგეთს და გერმანიას ქიმიური იარაღის გამოყენებაში. ამ ყველაფერმა გამოიწვია მთელი რიგი საშინელი ქიმიკატების განვითარება, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ფილტვებზე, კანზე ან თვალებზე. ზოგიერთი განკუთვნილი იყო სასიკვდილოდ ბრძოლის ველზე, როგორიცაა წყალბადის ციანიდი. ომის განმავლობაში წარმოებულ იქნა მინიმუმ 124,000 ტონა. 1918 წელს დაახლოებით ყოველი მესამე ყუმბარა შევსებული იყო საშიში ქიმიური ნივთიერებით. კონფლიქტის დროს აირით დაიღუპა 500 ათასიდან 1.3 მილიონამდე ადამიანი.[1] ვერსალის ხელშეკრულება მოიცავდა ზოგიერთ დებულებას, რომელიც გერმანიას უკრძალავდა ქიმიური იარაღის როგორც წარმოებას, ისე იმპორტს. მსგავსმა ხელშეკრულებებმა აუკრძალა ავსტრიის რესპუბლიკას, ბულგარეთის სამეფოს და უნგრეთის სამეფოს ქიმიური იარაღი. რუსმა ბოლშევიკებმა და ბრიტანეთმა განაგრძეს ქიმიური იარაღის გამოყენება რუსეთის სამოქალაქო ომში და შესაძლოა შუა აღმოსავლეთში 1920 წელს. პირველი მსოფლიო ომიდან სამი წლის შემდეგ, მოკავშირეებს სურდათ ვერსალის ხელშეკრულების დადასტურება, და 1922 წელს ვაშინგტონის საზღვაო კონფერენციაზე შეერთებულმა შტატებმა წარადგინეს ხელშეკრულება წყალქვეშა ნავებისა და მავნე აირების ომში გამოყენების შესახებ .[2] ომის ოთხმა გამარჯვებულმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიის სამეფომ და იაპონიის იმპერიამ, მისცეს თანხმობა რატიფიკაციისთვის, მაგრამ ის ვერ შევიდა ძალაში, რადგან საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა .წავიდა ამის წინააღმდეგ. 1925 წლის იარაღის საერთაშორისო ვაჭრობის ზედამხედველობის ჟენევის კონფერენციაზე ფრანგებმა შესთავაზეს პროტოკოლი მომწამვლელი აირების არგამოყენების შესახებ. პოლონეთის მეორე რესპუბლიკამ შესთავაზა ბაქტერიოლოგიური იარაღის დამატება. ის ხელმოწერილ იქნა 17 ივნისს.[3]
ისტორიული შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ერიკ კროდი, რომელმაც შეაფასა პროტოკოლი 2005 წელს, მიიჩნევდა, რომ ისტორიულმა ჩანაწერებმა აჩვენა, რომ იგი მეტწილად არაეფექტური იყო. კონკრეტულად, ის არ კრძალავს:[4]
- გამოყენებას არარატიფიცირებული მხარეების წინააღმდეგ
- გამოყენებას სახელმწიფოს საკუთარ საზღვრებში სამოქალაქო კონფლიქტის დროს
- ასეთი იარაღის კვლევა-განვითარებას ან მათ შენახვას
ამ ნაკლოვანებების გათვალისწინებით, ჯეკ ბირდი აღნიშნავს, რომ „პროტოკოლმა გამოიწვია იურიდიული ჩარჩო, რომელმაც სახელმწიფოებს საშუალება მისცა, ჩაეტარებინათ ბიოლოგიური იარაღის კვლევა, შეექმნათ ახალი ბიოლოგიური იარაღი და საბოლოოდ ჩაერთულიყვნენ შეიარაღების რბოლაში“. ქიმიური იარაღის გამოყენება ქვეყნის საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი მოქალაქეების ან ქვეშევრდომების წინააღმდეგ მოხდა ესპანეთის მიერ რიფის ომში 1927 წლამდე,[5][6] იაპონიის მიერ სედიკელი ძირძველი მოსახლეობის აჯანყებულების წინააღმდეგ ტაივანში (მაშინ იაპონიის კოლონიური იმპერიის ნაწილი) 1930 წელს, ერაყის მიერ ეთნიკურ ქურთ მშვიდობიან მოსახლეობაზე 1988 წლის თავდასხმისას ჰალაბჯაზე ირან-ერაყის ომის დროს, და სირიის ან სირიის ოპოზიციური ძალების მიერ სირიის სამოქალაქო ომის დროს.[7]
დარღვევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელშეკრულების მიუხედავად რამდენიმე მონაწილე სახელმწიფომ გამოიყენა ქიმიური იარაღი საბრძოლო მოქმედებებისთვის. იტალიამ გამოიყენა მხუთავი აირი ეთიოპიის იმპერიის წინააღმდეგ იტალია-ეთიოპიის მეორე ომში. მეორე მსოფლიო ომში, გერმანიამ რამდენჯერმე გამოიყენა ქიმიური იარაღი საბრძოლო მოქმედებებში შავი ზღვის გასწვრივ, განსაკუთრებით სევასტოპოლში, სადაც გამოიყენეს ტოქსიკური კვამლი სოვეტური წინააღმდეგობის მებრძოლების გამოსაძევებლად ქალაქის ქვეშ არსებული გამოქვაბულებიდან. მათ ასევე გამოიყენეს ასფიქსიის გამომწვევი აირი ოდესის კატაკომბებში 1941 წლის ნოემბერში, ქალაქის აღების შემდეგ, და 1942 წლის მაისის ბოლოს კერჩის ბრძოლის დროს აღმოსავლეთ ყირიმში, რომელიც ჩადენილ იქნა ვერმახტის ქიმიური ძალების მიერ და ორგანიზებული იყო SS ჯარების სპეციალური რაზმის მიერ საველე საინჟინრო ბატალიონის დახმარებით.[8] ბრძოლის შემდეგ 1942 წლის მაისის შუა რიცხვებში, გერმანელებმა გაუშვეს აირი და მოკლეს ჩარჩენილი და ევაკუაციაში გადაუყვანელი წითელი არმიის თითქმის 3,000 ჯარისკაცი, რომლებიც იმალებოდნენ ახლომდებარე აჯიმუშკაის კარიერში მდებარე გამოქვაბულებისა და გვირაბების სერიაში.[9] 1980-1988 წლების ირან-ერაყის ომის დროს, ერაყმა, როგორც ცნობილია, გამოიყენა სხვადასხვა სახის ქიმიური იარაღი ირანული ძალების წინააღმდეგ. ომის განმავლობაში დაახლოებით 100,000 ირანელი ჯარისკაცი გახდა ერაყული ქიმიური იარაღის მსხვერპლი.[10][11][12]
პროტოკოლის შემდგომი ინტერპრეტაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1966 წელს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 2162B მოუწოდებდა ყველა სახელმწიფოს მკაცრად დაიცვან პროტოკოლი. 1969 წელს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 2603 (XXIV) გამოაცხადა, რომ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების აკრძალვა საერთაშორისო შეირაღებულ კონფლიქტებში, როგორც ეს გამოხატულია პროტოკოლში (თუმცა გადმოცემული უფრო ზოგად ფორმაში), იყო ზოგადად აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმები. ბოლო წლებში მოხდა პროტოკოლის ინტერპრეტაცია და ის მოიცავს როგორც საერთაშორისო ისე შინაგან შეიარაღებულ კონფლიქტებს. 2005 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაასკვნა, რომ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართალი მოიცავს ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვას როგორც შინაგან, ისე საერთაშორისო კონფლიქტებში. თუმცა, ასეთმა შეხედულებებმა გამოიწვია ზოგადი კრიტიკა იურიდიული ავტორების მხრიდან. მათ აღნიშნეს, რომ ქიმიური იარაღის კონტროლის შეთანხმებების უმეტესობა გამომდინარეობს საერთაშორისო კონფლიქტების კონტექსტიდან. ჯილიან ბლეიკმა და აქსა მახმუდმა მოიშველიეს ქიმიური იარაღის პერიოდული გამოყენება შინაგან კონფლიქტებში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ისევე როგორც არსებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (როგორიცაა ჟენევის კონვენციები) და ეროვნული კანონმდებლობისა და სახელმძღვანელოების არარსებობა, რომლებიც კრძალავდნენ მათ გამოყენებას ასეთ კონფლიქტებში.[13] ანა ლორენცატმა განაცხადა, რომ 2005 წლის ICRC-ს კვლევა ეფუძნებოდა „პოლიტიკურ და ოპერაციულ საკითხებს და არა იურიდიულს“.[14]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The text of the protocol დაარქივებული 7 September 2013 საიტზე Wayback Machine.
- Weapons of War: Poison Gas
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Haber, L. F. (2002) The Poisonous Cloud: Chemical warfare in the First World War. Oxford University Press, გვ. 239–253. ISBN 9780191512315.
- ↑ Treaty relating to the Use of Submarines and Noxious Gases in Warfare. Washington, 6 February 1922. International Committee of the Red Cross (2012). ციტირების თარიღი: 30 April 2013
- ↑ The Geneva Protocol at 90, Part 1: Discovery of the dual-use dilemma - The Trench - Jean Pascal Zanders (17 June 2015).
- ↑ Eric A. Croddy, James J. Wirtz (2005). Weapons of Mass Destruction: An Encyclopedia of Worldwide Policy, Technology and History, Volume 1. ABC-CLIO, გვ. 140–142. ISBN 978-1851094905.
- ↑ Pascal Daudin. (June 2023) The Rif War: A forgotten war?. International Review of the Red Cross.
- ↑ Noguer, Miquel (2005-07-02). „ERC exige que España pida perdón por el uso de armas químicas en la guerra del Rif“. El País (ესპანური). ISSN 1134-6582. ციტირების თარიღი: 2023-01-06.
- ↑ Geneva Protocol: Protocol For the Prohibition of the Use In War of Asphyxiating, Poisonous, or Other Gases, And of Bacteriological Methods of Warfare (Geneva Protocol). Nuclear Threat Initiative.
- ↑ Israelyan, Victor (2010-11-01) On the Battlefields of the Cold War: A Soviet Ambassador's Confession. Penn State Press, გვ. 339. ISBN 978-0271047737.
- ↑ Merridale, Catherine, Ivan's War, Faber & Faber: pp. 148–150.
- ↑ Fassihi, Farnaz (October 27, 2002), "In Iran, grim reminders of Saddam's arsenal", New Jersey Star Ledger, http://www.nj.com/specialprojects/index.ssf?/specialprojects/mideaststories/me1209.html. წაკითხვის თარიღი: 27 July 2023 დაარქივებული 13 December 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Paul Hughes (January 21, 2003), "It's like a knife stabbing into me", The Star (South Africa), http://www.thestar.co.za/index.php?fArticleId=39470
- ↑ Sciolino, Elaine (February 13, 2003), "Iraq Chemical Arms Condemned, but West Once Looked the Other Way", The New York Times, http://www.commondreams.org/headlines03/0213-05.htm
- ↑ Protocol for the Prohibition of the Use in War of Asphyxiating, Poisonous or Other Gases and of Bacteriological Methods of Warfare (Geneva Protocol). U.S. Department of State (25 September 2002). ციტირების თარიღი: 24 August 2013
- ↑ Anne Lorenzat. (2017–2018) The Current State of Customary International Law with regard to the Use of Chemical Weapons in Non-International Armed Conflicts.