ჟევოდანის მხეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟევოდანის მხეცი, გრავიურა (1765)

ჟევოდანის მხეცი (ფრანგ. La Bête du Gévaudan) — 1764-1767 წლებში სამხრეთ საფრანგეთის საგრაფო ჟევოდანში (ამჟამად ლოზერის დეპარტამენტი), მარჟერიდის ტყიან მთებში მცხოვრები ლეგენდარული მტაცებელი. იგი დაახლოებით 230 კაცს დაესხა თავს და 100-ზე მეტის სიცოცხლე იმსხვერპლა. მგლისმაგვარი ურჩხული ისტორიაში ჟევოდანის მხეცის სახელით შევიდა. მისი გამოჩენის ამბავი დღემდე ბურუსითაა მოცული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1764 წლის 1 ივნისს სოფელ ლანგონელი გლეხი ქალი მერკუარის ტყეში ნახირს მწყემსავდა. უეცრად ძალიან დიდი სისწრაფით ტყიდან გამოვარდნილი მგლისმაგვარი მტაცებელი მას თავს დაესხა. სასოწარკვეთილი ქალის ყვირილი არავის ესმოდა. საბედნიეროდ, მწყემსს პირუტყვის საყარაულოდ ძაღლები ახლდა. ისინი მხეცს ეცნენ და ნახირის ხარებთან ერთად მტაცებელი დააფრთხეს. იგი ქალს მოშორდა და ისევე სწრაფად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. სოფელში დაბრუნებულმა მწყემსმა ქალმა თავდამსხმელი აღწერა. მისი თქმით, უცნაური მხეცი მგელს ჰგავდა, ოღონდ ხარის სიდიდის იყო. თანასოფლელთაგან ბევრმა არც დაიჯერა მონათხრობი. ხალხის ნაწილი მიიჩნევდა, რომ განცდილი შიშის გამო ქალმა ჩვეულებრივი მგელი გაზვიადებულად აღწერა. იმჟამად ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს უჩვეულო მხეცის საზარელ თავდასხმათა მხოლოდ დასაწყისი იყო. ვერც იმას იფიქრებდნენ, რომ ამბავი გასცდებოდა მერკუარის ტყეს, ჟევოდანს და თვით მეფე ლუი XV-ის ყურამდეც მიაღწევდა.

მერკუარის ტყეში მომხდარი თავდასხმა თითქმის დავიწყებულიც იყო, როცა 30 ივნისს ლანგონის ახლომდებარე სოფელ იბაკთან უჩვეულო მხეცის საზარელ თავდასხმას 14 წლის გოგონა, ჟანა ბულე ემსხვერპლა. მხეცის თავდასხმები აგვისტოშიც გაგრძელდა, დაიღუპა ორი ბავშვი. სექტემბერ-ოქტომბერში მგლისმაგვარი მტაცებელი კიდევ თერთმეტ კაცს დაესხა თავს, მათ შორის იყო ადგილობრივი მარკიზის, დ’აპშეს ვაჟი. სიტუაცია მართლაც საგანგაშო იყო და კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ლანგედოკის (ესაზღვრებოდა ჟევოდანს) სამხედრო გუბერნატორმა, გრაფმა დე მონკანმა 56-კაციანი დრაგუნთა რაზმი გაგზავნა ჟევოდანში მხეცის სალიკვიდაციოდ. ოპერაციას ხელმძღვანელობდა კაპიტანი ჟაკ დიუამელი. დრაგუნებმა რამდენიმე ალყა მოაწყვეს მხეცის დასაჭერად და ასამდე მგელიც დახოცეს, თუმცა ამ ღონისძიებამ შედეგი ვერ მოიტანა, ჟევოდანის მხეცი ვერ დაიჭირეს.

ოქტომბრის ბოლოსთვის მტაცებელი თითქმის ერთი თვით გაუჩინარდა. შემდეგ კი ორი მონადირე შემთხვევით გადაეყარა მას. მონადირეებმა მძიმედ დაჭრეს ჟევოდანის მხეცი, თუმცა მტაცებელმა მიმალვა მაინც მოახერხა. მდევრები სისხლის კვალს გაჰყვნენ, მაგრამ დაჭრილ მტაცებელს ვერ მიაკვლიეს. მალე მხეცი ისევ გამოჩნდა. ამჯერად მისი მსხვერპლი გახდა 70 წლის კატრინ ვალი.

1764 წლის განმავლობაში ჟევოდანის მიდამოებში მხეცის თავდასხმის შედეგად დასახიჩრებული არაერთი ცხედარი იპოვეს, უმეტეს შემთხვევაში ბავშვების, რომლებიც სრულიად დაუცველი იყვნენ მტაცებლის წინაშე. დაღუპულთა შორის მამაკაცები და ქალებიც ერივნენ. ყოველივე ამის შედეგად მთელი ჟევოდანის პროვინცია თანდათანობით პანიკამ მოიცვა. მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე გასვლის ეშინოდა, მარტო სიარულს კი ყველა ერიდებოდა. უღრანი ტყეებით დაფარული მარჟერიდის მთებში ყველგან მხეცის გამოჩენას ელოდნენ.

მტაცებელმა 1764 წლის დეკემბერსა და 1765 წლის იანვარში თავდასხმებს მოუხშირა. მარტო იანვარში იგი 18-ჯერ დაესხა თავს მოსახლეობას, თუმცა საბედნიეროდ, ცალკეულ შემთხვევებში ხალხი მხეცის მოგერიებას ახერხებდა. 1764 წლის პარიზის „ლა-გაზეტაში“ მხეცის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა: „იგი მგელზე გაცილებით მაღალი იყო, ხოლო თათებზე გრძელი ბრჭყალები ჰქონდა. მისი ბეწვი წითურია, თავი დიდი აქვს, სახე მწევარს მიუგავს, ყურები პატარა და სწორი აქვს, მისი მკერდი განიერი და რუხი ფერისაა, ზურგზე შავი ბეწვი გასდევს, ბასრი კბილები აქვს“. 1764 წლის 6 ივნისს სენტ ჯეიმზის ქრონიკებში მხეცის შესახებ შემდეგი ვარაუდი გამოითქვა: „...როგორც ჩანს, ის არც მგელია, არც ვეფხვი და არც აფთარი. სავარაუდოდ, იგი ვეფხვისა და აფთრის ნაჯვარია, ახალი სახეობის წარმომადგენელი“.

საინტერესო ფაქტი მოხდა 1765 წლის 12 იანვარს. მხეცი თავს დაესხა 13 წლის ჟაკ პორტფესა და მის ექვს მეგობარს (ოთხი ბიჭი, ორი გოგონა). ბიჭები არ დაიბნენ და მხეცს ქვები და ჯოხები დაუშინეს. საბოლოო ჯამში ბავშვებმა მოახერხეს მტაცებლის მოგერიება. ამ შემთხვევის შესახებ ლუი XV-მ შეიტყო და სიმამაცისთვის ბიჭებისთვის 300 ლივრის მიცემა ბრძანა, თავად პორტფეს კი სახელმწიფო ხარჯზე გაწვრთნა უწყალობა. თავდასხმები გრძელდებოდა. სამწუხარო ამბავი მოხდა 5 აპრილს, მტაცებელმა ოთხი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჟევოდანში არსებულ პანიკასა და მხეცის თარეშის ამბავს ამჯერად თავად მეფემაც მიაქცია ყურადღება. ლუი XV-ის ბრძანებით, მხეცის გასანადგურებლად ჟევოდანში ჩავიდნენ გამოცდილი და პროფესიონალი ნორმანდიელი მონადირეები: ჟან-შარლ-მარკ-ანტუან ვომესლ დიუნევალი და მისი შვილი - ჟან-ფრანსუა დიუნევალი. დიუნევალი-მამა იმ დროის საფრანგეთში საუკეთესო მონადირედ ითვლებოდა, მას დაახლოებით 1000-ზე მეტი მგელი ჰყავდა მოკლული. მონადირეები 17 თებერვალს ჩავიდნენ კლერმონ-ფერანში და თან მგლებზე ნადირობაში გამოცდილი მწევრების დიდი ხროვა ჩამოიყვანეს. დიუნევალები რამდენიმე თვის განმავლობაში ნადირობდნენ ჟევოდანის მხეცზე. მათ მოაწყვეს არაერთი დიდი ალყა მგლების დასახოცად. მასშტაბური ღონისძიებების მიუხედავად, ჟევოდანის მხეცის დაჭერა ვერ მოხერხდა. ამ პერიოდშივე, მტაცებელი თავს დაესხა ახალგაზრდა მარი-ჟანა ვალეს სოფელ პოლაკში. საბედნიეროდ, გოგონამ მოახერხა მხეცის მოგერიება. დიუნევალების ნადირობა უშედეგოდ სრულდებოდა. მხეცი სხვადასხვა ადგილას ახალ-ახალ თავდასხმას აწყობდა. ლუი XV-მ დიუვენალები შეცვალა სამეფო არკებუზის მტვირთველ, ნადირობის ლეიტენანტ ფრანსუა ანტუან დე ბოტერნით. ბოტერნი ნელ-ნელა და საგულდაგულოდ ზვერავდა ტყეების თითოეულ მონაკვეთს. სამთვიანი ძიების შედეგად 1200-მდე მგელი დახოცეს. 20 სექტემბერს შაზის სააბატოს სიახლოვეს მონადირეებმა და დე ბოტერნმა უჩვეულოდ დიდი ზომის მგელს მიაგნეს. ძაღლებმა დააფრთხეს იგი და ბუჩქნარიდან გამოდევნეს. დე ბოტერნმა ისროლა და მხარში დაჭრა მხეცი, ერთ-ერთმა მონადირემ კიდევ ესროლა გაქცეულ მგელს, თუმცა სანამ მონადირეები იარაღს ტენიდნენ, ნადირი პირდაპირ დე ბოტერნს ეძგერა. ამასობაში მონადირეებმა განმეორებით ესროლეს მხეცს და ამჯერად სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. დე ბოტერნი ბეწვზე გადარჩა.

მოკლული მგელი მართლაც ჩვეულებრივზე ორჯერ დიდი იყო, 1 მეტრი და 70 სანტიმეტრი სიგრძისა. იწონიდა 60 კილოგრამს. დე ბოტერნი დარწმუნებული იყო, რომ ჟევოდანის მხეცი მოკლა. მან მეფეს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: „წინამდებარე მოხსენებაში, რომელიც დადასტრებულია ჩვენი ხელმოწერებით, ვაცხადებთ, რომ აქამდე არასდროს გვენახა ისეთი მგელი, რომელსაც მოკლულს შევადარებდით. აი, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეს სწორედ ის საშინელი მხეცია, რომელიც ესოდენ დიდ ზიანს აყენებდა ჩვენს სამეფოს“. მგლის მუცელში აღმოაჩინეს წითელი ქსოვილის ნარჩენები, რამაც გაამყარა ყველას აზრი, რომ დე ბოტერნმა სწორედ ჟევოდანის მხეცი მოკლა. მგლის ფიტული წარუდგინეს ლუი XV-ს ვერსალში, ხოლო ხალხში გმირად შერაცხილ დე ბოტერნს მეფემ ღირსეული ჯილდო უბოძა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ მეფის გამოგზავნილმა დე ბოტერნმა ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურა ჟევოდანის მხეცი. ხალხის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. 2 დეკემბერს ბესერ-სენტ-მარისთან მხეცი კვლავ გამოჩნდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა, ხოლო 10 დეკემბერს ორი ქალი ლაშამპთან მძიმედ დაასახიჩრა.

1766 წლის განმავლობაში მხეცის თავდასხმებმა კვლავ მუდმივი ხასიათი მიიღო. საზარელი შემთხვევა მოხდა 1 ნოემბერს, სოფელ სუშერთან მხეცმა 12 წლის ჟან-პიერ ოლიე მოკლა. საერთო ჯამში 1765 წლის მიწურულსა და 1766 წლის განმავლობაში მხეცმა 41 თავდასხმა მოაწყო. ადგილობრივ მონადირეთა მუხლჩაუხრელი ძიებების მიუხედავად, მის კვალს ვერსად პოულობდნენ. მხეცი უკვე საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს ესხმოდა თავს ადამიანებს. ჟევოდანი პანიკამ მოიცვა. ხალხში უიმედობა სუფევდა. ვერც მეფის წარმოგზავნილ საუკეთესო მონადირეთა ძალისხმევამ და ვერც ადგილობრივთა მცდელობებმა შედეგი ვერ მოიტანეს. თითქოს საშველი არსაიდან ჩანდა. მხეცი მოუხელთებელი იყო.

1766 წლის 1 ნოემბრიდან 1767 წლის 2 მარტამდე მხეცი აღარ გამოჩენილა. 1767 წლის მხოლოდ აპრილში მხეცმა ექვსი კაცი იმსხვერპლა. ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ თავდამსხმელის დაჭერა მოხერხდებოდა. ამჯერად საქმეს სათავეში ჩაუდგა გრაფი დ’აპშე. მას პირადად უნდოდა შური ეძია მხეცზე შვილის დაღუპვის გამო. გრაფი არაერთ ალყას აწყობდა მარჟერიდის მთებში. მოულოდნელად, 1767 წლის 19 ივნისს დ’აპშესა და 300 მონადირის მიერ ალყაში მოქცეული მხეცი მოკლა ერთ-ერთმა მონადირემ - ჟან შასტელმა. გადმოცემის მიხედვით, ღრმად მორწმუნე შასტელმა თავისი თოფი ვერცხლის ტყვიებით დატენა და ნადირობის დროს ბიბლიაც ჰქონდა თან. მხეცის მრავალწლიან თავდასხმებს წერტილი დაესვა. მას შემდეგ ჟევოდანში მხეცი აღარ გამოჩენილა.

მადლიერმა ჟევოდანელებმა შასტელს 72 ლივრი მოუგროვეს ჯილდოდ. გახარებული ხალხი მოკლულ ცხოველს ქალაქიდან ქალაქში დაატარებდა, რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ ჟევოდანის მხეცი მოკლეს და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. ამჯერადაც მხეცის ფიტული ლუი XV-ს წარუდგინეს. თუმცა ნახელავი უხარისხო გამოდგა. ფიტული მალე გაიხრწნა და საშინელი სუნით შეწუხებულმა მეფემ იგი გადააგდებინა. მალევე გამოჩნდნენ სკეპტიკოსები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ჟევოდანის მხეცი ჯერ კიდევ ცოცხალია და შასტელს იგი არ მოუკლავს. ასეა თუ ისე, 1767 წლის 19 ივნისის შემდეგ უჩვეულო მხეცის მასობრივი თავდასხმები შეწყდა.

თვითმხილველთა ჩვენებებით, ჟევოდანის მხეცი ასე გამოიყურებოდა: ძალიან ჰგავდა მგელს, სიდიდით ხარის ზომისა იყო, ჰქონდა განიერი მკერდი და ლომისმაგვარი გრძელი, ელასტიკური კუდი. წაგრძელებული სახით იგი მწევარს ჰგავდა, ჰქონდა მოგრძო წაწვეტებული ყურები და ხახიდან ამოშვერილი ეშვები. გადარჩენილთა უმრავლესობა მიუთითებდა, რომ მხეცი თვალში საცემი იყო მოყვითალო-წითური, ხერხემლის დაყოლებაზე კი მუქი შავი ბეწვის გამო. ზოგი იმასაც იხსენებდა, რომ მხეცს ზურგსა და გვერდებზე კოპლები ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ჟევოდანის მხეცის თავდასხმის ტაქტიკა მეტად თავისებური იყო. იგი თავში ეძგერებოდა მსხვერპლს და ადამიანს სახეს უგლეჯდა. ასეთი თავდასხმა სხვა მხეცებისთვის უცხო იყო. ჩვეულებრივ, ჟევოდანის მხეცი უეცარი თავდასხმით მოქმედებდა. ბოლო დროს მხეცი ხშირად უკანა თათებზე ჰორიზონტალურად მდგომი, წინა თათებით სასიკვდილო დარტყმებს აყენებდა მსხვერპლს. საინტერესოა, რომ მხეცი უყურადღებოდ ტოვებდა ნახირსა თუ სხვა პირუტყვს და უშუალოდ მწყემსს ესხმოდა თავს. 1764-1767 წლებში ჟევოდანში იმასაც ფიქრობდნენ, რომ თავდასხმებს რამდენიმე მგლისმაგვარი მხეცი მიმართავდა. ეს მოსაზრება არცთუ უსაფუძვლო იყო, თუ გავიხსენებთ მხეცის თავდასხმათა სიხშირესა და გეოგრაფიას. პანიკასა და ხალხის შიშს ისიც განაპირობებდა, რომ მხეცი არასდროს ეგებოდა მრავლად დაგებულ ხაფანგებში, არ ეკარებოდა ტყეში გაფანტულ მოწამლულ სატყუარას, თავს აღწევდა მონადირეთა ალყას. ყოველივე ეს აფიქრებინებდა მოსახლეობას, რომ იდუმალი მხეცი ინტელექტითაც გამოირჩეოდა.

მოკლული მხეცის გამოკვლევას სათავეში ჩაუდგა მეფის ნოტარიუსი, მას რამდენიმე გამოცდილი ექიმი ეხმარებოდა. ჟან შასტელის მიერ მოკლული მხეცი 99 სანტიმეტრი სიგრძისა იყო (საინტერესოა, რომ იგი თითქმის 70 სანტიმეტრით პატარაც კი იყო 1765 წელს დე ბოტერნის მიერ მოკლულ იმ მგელზე, რომელიც შეცდომით ეგონათ ჟევოდანის მხეცი). მხეცს ჰქონდა არაპროპორციულად დიდი თავი, მკვეთრად წინ გამოწეული სახე, ბასრი გრძელი ეშვები და გრძელი წინა კიდურები. მხეცს ერთი უცნაურობაც აღენიშნებოდა, ექიმებმა დათვალიერების შედეგად მესამე ქუთუთო, ერთგვარი თხელი მემბრანა დააფიქსირეს. ბეწვი იყო ძალიან სქელი, მონაცრისფრო-წითური, რამდენიმე შავი ზოლით. გაკვეთის შედეგად მუცელში პატარა გოგონას ძვლები აღმოაჩინეს. მხეცის ლეში ნახეს მის თავდასხმას გადარჩენილმა თვითმხილველებმა. მათ დაადასტურეს, რომ შასტელის მიერ მოკლული ცხოველი სწორედ ჟევოდანის მტაცებელი იყო.

1764-1767 წლებში, ვიდრე მხეცი ცოცხალი იყო, მის შესახებ მრავალი მოსაზრება ვრცელდებოდა. ერთნი მას მაქციად მიიჩნევდნენ, მეორენი - დემონად, ზოგის აზრით ეს ღვთის რისხვა იყო მომრავლებული ცოდვების გამო. მხეცთან დაკავშირებით გამოთქმულ ვერსიათა შორის დღემდე საკმაოდ საინტერესოდ ჩანს მხეცისა და ანტუან შასტელის (ჟან შასტელის უმცროსი ვაჟი) ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. ანტუანმა მრავალი წელიწადი გაატარა აფრიკაში. სამშობლოში დაბრუნებული, ჟევოდანში დასახლდა და განმარტოებით, ტყის სიღრმეში ცხოვრობდა. 1767 წლის შემდეგ მთელი რიგი ფაქტების ანალიზის შედეგად გაჩნდა საკმაოდ არგუმენტირებული ეჭვი, რომ ანტუანი აფრიკიდან ჩამოყვანილ მხეცს (ლეოპარდი ან აფთარი) წვრთნიდა ხალხზე სანადიროდ. როცა მამამისმა მხეცი მოკლა, ანტუანი უკვალოდ გაქრა და ჟევოდანში აღარ უნახავთ. ეს თეორია ბოლომდე ვერ დადასტურდა, თუმცა მას დღესაც მრავალი მკვლევარი უჭერს მხარს. ყოველ შემთხვევაში, ვერ დადგინდა, რა სახის მტაცებელთან ჰქონდათ საქმე. ლეშის ირგვლივ კიდევ უფრო მეტი ვერსია გამოითქვა. მას მიიჩნევდნენ უბრალოდ დიდი ზომის მგლად, აფთრად, მგლისა და ძაღლის ჰიბრიდად, კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლად. ყოველივე ეს მხოლოდ ჰიპოთეზები იყო. თანამედროვე პერიოდშიც კრიპტოზოოლოგებისთვის ჟევოდანის მხეცი კვლავ გამოცანად რჩება. მეცნიერთა ერთ-ერთი ვარაუდით, მხეცი შესაძლოა ყოფილიყო რელიქტური (ძველი ეპოქის გადმონაშთის სახით არსებული) ცხოველიც. არსებობს სხვა ვერსიებიც, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, რა მტაცებელი ატერორებდა ჟევოდანს თითქმის ორსაუკუნე-ნახევრის წინ.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]