ჟებოტის მარიამწმინდის ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟებოტის მარიამწმინდის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში. კომპლექსში შედის წმინდა მარიამის ეკლესია, ორსართულიანი ეკლესია, გალავანი და გალავანზე გარედან მიშენებული ორსართულიანი სამრეკლო. მათგან უადრესია ორსართულიანი ეკლესია. მომდევნო ხანებში აუგიათ დარბაზული ეკლესია და გალავანი, ხოლო სულ ბოლოს სამრეკლო. ორსართულიანი ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ნაგებია მოზრდილი, ნაწილობრივ დამუშავებული ნატეხი ქვის რეგულარული წყობით. დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, და ნაწილობრივ ლავგარდანი, მონგრეულია აღმოსავლეთის ორივე მიზნით, დასავლეთ კედელზე მიუშენებიათ ნატეხი ქვით ნაგები სქელი, კედელი, რომელსაც ორივე ბოლო ისე აქვს მომრგვალებული, რომ შენობის დასავლეთის ორივე კუთხეს მთელ სიმაღლეზე ფარავს. როგორც ჩანს, ამავე დროს განუახლებიათ ლავგარდანი და სახურავი. I სართული გეგმით სწორკუთხაა, ნახევარწრიული კამარით გადახურული ყრუკედლებიანი სათავსია, II სართული კი სამლოცველოა. მათ შორის კავშირი ხორციელდებოდა I სართულის კამარაში მოწყობილი მართკუთა ხვრელებით, რომლის ნაწილიც სამლოცველოს აფსიდის ფარგლებშია მოქცეული.

შესასვლელი სამლოცველოს სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეში აქვს, მიწის დონიდან 3,2 მეტრ სიმაღლეზე. კარი ორივე მხრიდან ტიმპანითაა დასრულებული. გარედან შესასვლელის აღმოსავლეთ წირთხთან წყობიდან გამოშვერილია მოზრდილი ქვა, რომელსაც როგორც ჩანს, ხის კიბის მისაყრდნობად იყენებდნენ. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული თაღოვანი სარკმელია, რომლის სამხრეთით მცირე ზომის კვადრატული ნიშია მოწყობილი. თითო მსგავსი სარკმელია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში. მათგან დასავლეთ სარკმლის ღიობი მოგვიანებით კედელში გრძელდება. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, მის თაღს ოდნავ შეისრული ფორმა აქვს. მსგავსი ფორმისაა კამარაც. ინტერიერში ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებზე, შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტები. გარედან შენობა ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება და დასრულებულია შირიმის მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს თარო, შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი. სახურავი ორფერდა. წმინდა მარიამის ეკლესია დგას ორსართულიანი ეკლესიის დასავლეთით, 4,50 მეტრზე. დარბაზულია თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარისა და საფასადო წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მონგრეულია სამხრეთ დასავლეთ ნაწილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. მას მხოლოდ წირთხლების მცირე ნაწილი შემორჩა.

ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია კუთხეებმომრგვალებული საკურთხევლით, რომლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია გარეთკენ შევიწროებული სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს თითო კვადრატული ნიშია. თითო სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული. საკურთხეველი ამორფული ფორმის კონქითაა გადახურული, იგი უშუალოდ შეერთვის დარბაზის ასევე არაწესიერი ფორმის კამარის შემორჩენილ ნაწილს. საკურთხლევის მხრები ვიწრო და უსწორმასწოროა. საკურთხეველში და ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეეების ძლიერ დაზიანებული მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხეველში მხატვრობა ორ რეგისტრად ყოფილა დაყოფილი. ამჟამად კონქის კომპოზიცია მთლიანად დაღუპულია. მეორე რეგისტრში წარმოდგენილი არიან ეკლესიის მამები. ამავე რიგში, ჩრდილოეთის მხარეს გამოსახულია დიაკვანი. დარბაზის ჩრდილოეთ კედელზე ასომთავრული წარწერის ფრაგმენტები. წარწერის ყოველი სამი სტრიქონი მოქცეულია სწორკუთხედში, რომელიც შემოსაზღვრულია მოწითალო-აგურის ფეხი ხაზით. ამღამად დარჩენილია ხუთი ასეთი სწორკუთხედი. წარწერის შინაარსის დადგენა არ ხერხდება. მხატვრობის შესრულების მანერა მშრალია და გრაფიკული. კოლორიტი აგებულია მოყვითალო-აგურისფერი, ცისფერი და ყვითელი ფერების შეხამებაზე. ფონი თეთრია. სამრეკლო გეგმით სწორკუთხა, ორსართულიანი ნაგებობა, მიშენებულია გალავნის სამხრეთ კედელზე. ნაგებია წვრილი ნატეხი ქვით.

I სართული ნახევარსფერული გუმბათით გადახურული სწორკუთხა სათავსია, რომლის აღმოსავლეთ სამხრეთ კიდეში სწორკუთხა შესასვლელია გაჭრილი. სათავსის ოთხივე კუთხეში თითო მოზრდილი ტროპია მოწყობილი. ტრომპებს ზემოთ თითქმის ტოლგვერდა რვაკუთხედი იქმნება, რომელსაც გუმბათის წრიული საფუძველი ემყარება. აღმოსავლეთ კედლის სწორკურთხა შესასვლელი გაჭრილი. სათავსი ოთხივე კუთხეში თითო მოზრდილი ტრომპია მოწყობილი. ტრომპებს ზემოთ თითქმის ტოლგვერდა რვაკუთხედი იქმნება, რომელსაც გუმბათის წრიული საფუძველი ემყარება. თვით გუმბათის საფუძლის მრუდი რამდენამდე კედელშია შეჭრილი და მთელ პერიმეტრზე პატარა საფეხურს ქმნის. სართულის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო კვადრატული ნიშია. II სართული რვაწახნაგოვანი, გარედან ზემოთკენ შევიწროებული ფანჩატურია, ყოველ წახნაგში თითო ფართო და მაღალი თაღოვანი ღიობია. თითოეული მათგანი ზემოთ თანდათან შევიწროებულია და დასრულებულია ნახევარწრიული თაღით. თაღით მალი რამდენამდე აღემატება ღიობის, სიგანეს, რის გამოც ორივე ქუსლთან პატარა საფეხური იქნება. გარედან თაღები კედლის სწორკუთხა შეღრმავებაშია მოქცეული. ფანჩატური შიდა სივრცე ნახევარსფერული გუმბათითაა გადახურული, რომელიც საფუძვლით, I სართულის გუმბათის მსგავსად, კედლის სიბრტყეშია შეჭრილი. ფანჩატური დასრულებულია შირიმის ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს ვიწრო თარო და ცერად ჩაკვეთილი სიბრტყე. სამრეკლოს პირამიდური ფორმის რვაწახნაგოვანი სახურავი ხურავს. სწორკუთხა მოხაზულობის გალავნისა და მის დასავლეთ კედელში არსებული კარიბჭის კედლები 0,5-1,2 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]