ჟანკა სტოკიჩი
| ჟანკა სტოკიჩი | |
|---|---|
![]() | |
| დაბადების თარიღი | 24 იანვარი, 1887[1] |
| დაბადების ადგილი | Veliko Gradište[2] |
| გარდაცვალების თარიღი | 21 ივლისი, 1947[1] (60 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ბელგრადი[2] |
| საქმიანობა | კინომსახიობი და მსახიობი[3] |
| მოქალაქეობა | სერბეთი[2] |
ჟანკა სტოკიჩი (ნამდვილი სახელი — ჟივანა) (სერბ. Жанка Стокић, დ. 4 იანვარი, 1887, ველიკო-გრადიშტე, სერბეთის სამეფო — გ. 21 ივლისი, 1947, ბელგრადი) — ცნობილი სერბი მსახიობი. იგი ითვლება სერბეთის თეატრის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობად ყველა დროის განმავლობაში და დიდი წვლილი აქვს შეტანილი სერბული თეატრის განვითარებაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟანკა სტოკიჩი დაიბადა მცხობელის ოჯახში. ბავშვობაშივე დაობლდა და იგი 14 წლის ასაკში იძულებით გაათხოვეს. ქმარი მასზე ძალადობდა და ცუდად ეპყრობოდა. ერთხელ ქალაქში, სადაც ის ცხოვრობდა, მოხეტიალე თეატრალური დასი ჩამოვიდა. ჟანკა სტოკიჩმა მათ დახმარება სთხოვა და მათთან ერთად ქმარს გამოექცა, თუმცა მალევე ქმარმა ძალით უკან დააბრუნა. მოგვიანებით კი, კვლავ სცადა გაქცევა და ამჯერად შეძლო საბოლოოდ დაეტოვებინა მისთვის უსიყვარულო ოჯახი და მოძალადე ქმარი.
თავდაპირველად მსახიობებთან თეთრეულის მრეცხავად მუშაობდა, შემდეგ სცადა საკუთარი ძალების სცენაზე მოსინჯვა. 1902 წელს პირველად გამოვიდა სცენაზე დედა ტერეზას როლში პიესაში „ქორწინების ღამე“ და მალევე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული.
1911 წელს ჩავიდა ბელგრადში და ეროვნული თეატრის დასში მიიღო ადგილი. მალე თეატრის წამყვანი მსახიობი გახდა. ეროვნულ თეატრთან ერთად გასტროლებზე იმყოფებოდა როგორც სერბეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ — პრაღაში, ბუდაპეშტში, სოფიაში, ვარშავაში, კრაკოვსა და ვილნიუსში.
იგი ცნობილიყო როგორც ენერგიული, ტემპერამენტიანი და გამორჩეული მსახიობი.
1927 წლიდან მონაწილეობდა მუნჯ კინოში — მისი სადებიუტო როლი შედგა ფილმში „მდნარი, მაგრამ უმანკო“.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებას ბელგრადში შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე შაქრიანი დიაბეტით იყო ავად და ინსულინზე იყო დამოკიდებული, მუშაობას მაინც განაგრძობდა. მონაწილეობდა რადიოგადაცემაში, რომელშიც პარტიზანული ბრძოლა სატირული ფორმით იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, ეროვნული თეატრის რამდენიმე მსახიობთან ერთად თამაშობდა გერმანელი ოკუპანტებისა და უსტაშების მიერ გახსნილ თეატრში „Veseljaci“.
ომის დასრულებისა და იუგოსავიაში კომუნისტური რეჟიმის მოსვლის შემდეგ, იგი დაადანაშაულეს კოლაბორაციონიზმში, ფაშისტებთან თანამშრომლობაში და სერბი ერის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. 1945 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ორი წლის შემდეგ, 1947 წელს, მეგობრებისა და კოლეგების ჩარევის შედეგად, მას სცენაზე დაბრუნების უფლება მისცეს — თამაშობდა ახლად დაარსებულ იუგოსლავიურ დრამატულ თეატრში. თუმცა, იმავე წლის 20 ივლისს გულის შეტევით გარდაიცვალა.
დაკრძალულია ტოპჩიდერის სასაფლაოზე. დაკრძალვას უამრავი მისი თაყვანისმცემელი ესწრებოდა.
სიკვდილის შემდეგ იგი რეაბილიტირებული იქნა.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟანკა სტოკიჩი თამაშობდა კლასიკურ პიესებში, მათ შორის მოლიერის („მოსაუბრე ავადმყოფი“, „ტარტიუფი ანუ მოტყუება“), სირანო დე ბერჟერაკში, პიერ ბომარშეს „ფიგაროში“, უილიამ შექსპირის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში, აგრეთვე ბრანისლავ ნუშიჩის პიესებში: „გარშემო მოგზაურობა“, „ქალბატონი მინისტრი“ და „დამწუხრებული ოჯახი“.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მისი გარდაცვალებიდან ორმოცი წლის შემდეგ, ჟანკა სტოკიჩის პატივსაცემად დაიდგა მონუმენტი.
- 2003 წლიდან დაწესდა ერთ-ერთი პრესტიჟული თეატრალური პრემია, რომელიც გადაეცემა სერბეთის თეატრის წარმომადგენლებს.
- 2003 წელს სერბეთსა და მონტენეგროში გამოუშვეს საფოსტო მარკა, რომელიც ჟანკა სტოკიჩს ეძღვნებოდა.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაჯილდოებულია წმინდა სავას მე-4 ხარისხის ორდენით
- დაჯილდოებულია წმინდა სავას მე-5 ხარისხის ორდენით
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ 2.0 2.1 2.2 http://srpskaenciklopedija.org/doku.php?id=%D0%B6%D0%B0%D0%BD%D0%BA%D0%B0_%D1%81%D1%82%D0%BE%D0%BA%D0%B8%D1%9B
- ↑ Národní autority České republiky
