ჟანგა სოკოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჟანგა სოკოები
Puccinia recondita
Puccinia recondita
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  ბაზიდიუმიანი სოკოები
რიგი:  ჟანგა სოკოები
ლათინური სახელი
Pucciniales (Clem. & Shear, 1931)

ჟანგა სოკოები (ლათ. Pucciniales, მოძვ. Uredinales) — ბაზიდიუმიანი სოკოების რიგი. უმაღლეს მცენარეთა ობლიგატური (ნამდვილი) პარაზიტებია, იწვევენ დაავადებას, რომელიც ჟანგას სახელწოდებითაა ცნობილი. მათი 5 ათასი სახეობაზე მეტი (საქართველოში აღრიცხულია 450-მდე სახეობა) გაერთიანებულია ორ ოჯახსა (Melampsoraceae და Pucciniaceae) და 126 გვარში.

ჟანგა სოკოების მიცელიუმის უჯრედები განსაკუთრებით კი სპორები, დიდი რაოდენობით შეიცავს ლიპოქრომით შეფერილ ზეთის წვეთებს, რის გამოც სოკოს ეძლევა ნარინჯის ან ჟანგის ფერი. ჟანგა სოკოები მცენარის სხვადასხვა ორგანოზე ვითარდება ჟანგისფერი მეჭეჭების სახით. მიცელიუმი უჯრედშორისულია, უჯრედში კი შეჭრილია ჰაუსტორიები, რომელთა საშუალებიტაც სოკო იკვებება. ჟანგა სოკოების უმრავლესობის მიცელიუმი ლოკალიზებულია ინფექციის შეჭრის ადგილას. ზოგიერთისა კი დიფუზურია — მკვებავი მცენარის მთელ ქსოვილშია გავრცელებული, ეს უკანასკნელი ხშირად მრავალშრიანია და იწვევს ქსოვილების ან ორგანოების მნიშვნელოვან ცვლილებებს (ქაჯის ცოცხი, გალები და სხვა).

ჟანგა სოკოებისთვის დამახასიათებელია ჰაპლოიდური და დიპლოიდური სტადიების კანონზომიერი მორიგეობა, აგრეთვე გამრავლების ფორმათა სხვადასხვაობა — პოლიმორფიზმი, რომელიც ყველაზე კარგად გამოსახულია ხორბლოვანთა ღეროს ჟანგაში. ჟანგა სოკოები ვიწრო სპეციალიზებული პარაზიტებია; ზოგიერთი სახეობა უმაღლეს მცენარეთა მხოლოდ გარკვეული ოჯახის მცენარეებს აავადებს, მაგ. Puccinia malvacearum პარაზიტობს ბალბისებრთა ოჯახის მცენარეებზე. ზოგიერთი ჟანგა სოკო ვითარდება მხოლოდ გარკვეულ გვარზე, სახეობასა ან ჯიშზე. იგი აავადებს როგორც ველურ, ისე კულტურულ მცენარეებს და ხშირად მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]