ჟაკ II (ლა მარშის გრაფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟაკ II დე ბურბონი
დაბადების თარიღი 1370
გარდაცვალების თარიღი 1438, (67-68 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება ლა მარშის გრაფი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ბეატრის ნავარელი
ჯოვანა ნეაპოლელი
შვილ(ებ)ი იზაბელი
მარი
ალიენორი
მშობლები მამა: ჟან I, ლა მარშის გრაფი
დედა: კატრინ ვენდომელი

ჟაკ II დე ბურბონი (ფრანგ. Jacques II de Bourbon; დ. 1370 — გ. 1438) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ლა მარშის გრაფ ჟან I-ისა და კატრინ ვენდომელის უფროსი ვაჟი. ლა მარშის გრაფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟაკი დაიბადა 1370 წელს, იგი იყო ლა მარშის გრაფ ჟან I-ისა და მისი მეუღლის, კატრინ ვენდომელის პირველი შვილი. მან მონაწილეობა მიიღო ოსმალთა წინააღმდეგ მიმართულ ჯვაროსნულ ლაშქრობასა და ნიკოპოლის ბრძოლაში. საფრანგეთში დაბრუნებისთანავე, ჟაკი აქტიურად ჩაება ინგლისელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. 1403 წელს ფრანგულ ფლოტს გაუძღვა ბრძოლაში, რომელიც ჯერ კიდევ ბრძოლამდე გაანადგურა ქარიშხალმა 1404 წელს.

საფრანგეთში ატეხილ ბურგუნდიელ-არმანიაკთა ომის დროს, იგი ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I-ის ერთგული მოკავშირე და არმანიაკების მოსისხლე მტერი იყო. 1415 წელს, პირველი დაქვრივების შემდეგ, ჟაკმა საფრანგეთი დატოვა, ჩავიდა იტალიაში და ასევე დაქვრივებული ნეაპოლის დედოფალი ჯოვანა II შეირთო ცოლად. ამის შემდეგ იგი აქტიურად ებრძოდა დედოფლის მტრებს — მილანელ სფორცებსა და ტარანტოელ ალოპოებს. 1416 წელს სფორცასა და ალოპოს გაერთიანებულმა არმიამ სასტიკად დაამარცხა ჟაკი, რაც 1419 წელს მისი და ჯოვანას განქორწინებით დაგვირგვინდა.

განქორწინების შემდეგ იგი საფრანგეთში დაბრუნდა და კვლავ ინგლისელთა წინააღმდეგ ბრძოლას მიჰყო ხელი. 1428 წელს საფრანგეთის მეფე შარლ VII-მ ერთგული სამსახურისათვის ჟაკი ლანგედოკის გუბერნატორად დანიშნა.

ჟაკი გარდაიცვალა 1438 წელს ბეზანსონის ალყისას.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟაკს შვილები მხოლოდ თავის პირველ ცოლთან, ბეატრის ნავარელთან ჰყავდა:

  1. იზაბელი (1408-1445), მონაზონი და ბეზანსონის აბატისა;
  2. მარი (1410-1445), მონაზონი და ამიენის აბატისა;
  3. ალიენორი (1411-1464), ცოლად გაჰყვა პარდიაკის გრაფ ბერნარ არმანიაკს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kenneth Meyer Setton, The Papacy and the Levant, 1204-1571: The thirteenth and fourteenth centuries, Vol. I, (American Philosophical Society, 1976), 345.
  • The Cambridge Medieval History, Vol. 8, ed. John Bagnell Bury, Henry Melvill Gwatkin and James Pounder Whitney, (Cambridge University Press, 1959), 365
  • Elena Woodacre, The Queens Regnant of Navarre: Succession, Politics, and Partnership, 1274-1512, (Palgrave Macmillan, 2013), 91.