პუნქტუაცია — სასვენ ნიშანთა ხმარების წესები. მისი დანიშნულებაა წინადადება ნათელი და ზუსტი გახადოს[1].
პუნქტუაციის ჩამოყალიბებამდე სიტყვები მიჯრით, ინტერვალის გარეშე იწერებოდა, რაც კითხვას დიდად აძნელებდა. დამწერლობის განვითარებასთან ერთად საჭირო შეიქნა შემუშავებულიყო ნიშნები ტექსტის დასანაწევრებლად[1].
ძველ ქართულში ძირითადად წერილი გამოიყენებოდა და მისი სხვადასხვა კომბინაციის საშუალებით ხდებოდა აზრის დანაწევრება. V-X საუკუნეების მთელ რიგ ძეგლებში წინადადებაში შემავალი გარკვეული პერიოდები -,=,>,=- ნიშნებით გამოიყოფოდა. სასვენი ნიშნების სისტემატიზაციას შეეცადა ეფრემ მცირე (X საუკუნის II ნახევარი) და ჩამოაყალიბა მათი ხმარების გარკვეული წესი-შემოიტანა ერთი (.) ორი (:) სამი (:·) ექვსი (:·:·) წერტილი და ტერმინები: „მცირედ სასუჱნად“, „განსაკუჱთელად სიტყჳისა“, „დიდად სასუჱნად“, და „სრულად დასაბოლოებად და ახლად დასაწყებელად სიტყჳისა“[1].
XI საუკუნიდან ხელნაწერებში ვხვდებით კითხვითი წინადადების გამოყოფას მახვილისა (') და მძიმის (,) საშუალებით. მახვილი დაისმოდა კითხვით სიტყვასთან ან კითხვით ნაწილაკთან, ხოლო მძიმე — კითხვით სიტყვასთან ან კიხვითი წინადადების ბოლოს. XII საუკუნეში ეს უკანასკნელი წერტილმძიმით გამოიყოფა[1].
ანტონ კათალიკოსმა (XVIII ს.) სასვენი ნიშნების ახალი სისტემა შეიმუშავა. იგი წინადადების ყოფს უსრულად სრულად და დასასრულად. ამ წინადადებებში იხმარებოდა მძიმე, ერთი და ორი წერტილი[1].