შინაარსზე გადასვლა

პროზერპინა (ნახატი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Proserpine[1]
ავტორი დანტე გაბრიელ როსეტი
წელი 1874
ტიპი მითოლოგიური ფერწერა
სიმაღლე 125,1 სმ
სიგანე 61 სმ
ქალაქი ლონდონი
მუზეუმი ტეიტ ბრიტანეთი

პროზერპინა (ასევე ცნობილი როგორც პერსეფონე) — ინგლისელი პრერაფაელისტი ფერმწერის, დანტე გაბრიელ როსეტის 1874 წლის ტილო, რომელიც, დღესდღეობით, ტეიტ ბრიტანეთშია განთავსებული. როსეტიმ მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 1871 წელს დაიწყო და ნახატის რვა ვერსია შექმნა, მათგან უკანასკნელი კი მხატვრის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე.

საკუთარ ნახატში როსეტი რომაელი ღვთაების - პროზერპინა - ტიპურ პრერაფაელიტურ გამოსახულებას გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ნახატზე 1874 წელია მითითებული, როსეტიმ მისი სხვადასხვა ვარიაციის შექმნას დაახლოებით შვიდი წელი მოანდომა. ნახატზე, მისი მოდელის, ჯეინ მორისის მსგავსად, - გამორჩეული სილამაზის ქალია აღბეჭდილი, გამოკვეთილი სახის ნაკვთებით, გრთელი თითებითა და უნაკლოდ ფერმკრთალი სახის კანით, რომელსაც თან სქელი, ყორნისებურად შავი თმა ერთვის. ავტორმა ნაწარმოებზე მუშაობა სწორედ მაშინ დაასრულა, როცა მისი ფსიქიკური მდგომარეობა ყველაზე სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა.[2]

რომაული მითოსის მიხედვით, პროზერპინა, რომელიც იუპიტერისა და ცერესის ქალიშვილი გახლდათ, მეგობრებთან ერთად მდელოზე ყვავილებს კრეფდა, რა დროსაც ქვესკნელის ღმერთმა პლუტონმა შენიშნა და ერთი ნახვით შეუყვარდა. პლუტონი მას ეტლით ქვესკნელისკენ წარუძღვა, მიუხედავად პროზერპინას ადონისისადმი სიყვარულისა. პლუტონი იძულებული გახდა გაეშვა ის, თუმცა პროზერპინას აიძულა, გაესინჯა ბროწეულის მარცვალი, რათა არ დაევიწყებინა სიკვდილის სამეუფო და, ადრე თუ გვიან, დაჰბრუნებოდა მას. იქიდან მოყოლებული, პროზერპინა წელიწადის ერთ ნახევარს მიწაზე, ხოლო მეორე ნახევარს ქვესკნელში ატარებდა.[3]

ნახატზე (ტეიტის ვერსია) ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია როსეტის მიერ იტალიურ ენაზე დაწერილი სონეტი, რომელშიც ფერმწერი საკუთარი სახელოვნებო მუზის, ჯეინ მორისის ქორწინებას სწორედ პროზერპინას ისტორიას ადარებს.[4][5][6] იგივე სონეტის ინგლისურენოვანი ვერსია შეგვიძლია ნახატის ჩარჩოზე ვიხილოთ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://www.tate.org.uk/art/artworks/rossetti-proserpine-n05064
  2. V. Surtees, Dante Gabriel Rossetti 1828–1882. The Paintings and Drawings, Clarendon Press (1971), I, pp. 131–4.
  3. Riggs, Terry. (1998)Proserpine 1874. Tate Collection. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-17. ციტირების თარიღი: 2012-02-14.
  4. See critique at Proserpine and Jane Morris: Women Trapped in Unhappy Relationships დაარქივებული 2013-03-28 საიტზე Wayback Machine.
  5. Longing and Connection in D.G. Rossetti’s Proserpine დაარქივებული 2013-03-29 საიტზე Wayback Machine. .
  6. L. Parris (ed.), The Pre-Raphaelites, exhibition catalogue, Tate Gallery (1984), pp.231-2.