შინაარსზე გადასვლა

პროექტის მართვა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პროექტის მართვა (ინგლ. Project Management) წარმოადგენს აკადემიურ დისციპლინას, რომელიც უზრუნველყოფს დროითი, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვას, ორგანიზებას, უსაფრთხოებასა და მართვას, რათა წარმატებით შესრულდეს პროექტის მიზნები.

პროექტი (ინგლ. Project) - კლიენტის მოთხოვნების შესრულებისათვის შექმნილი კომპლექსური, არარუტინული, ერთჯერადი საქმიანობა, რომელიც შემოსაზღვრულია დროით, ბიუჯეტით, რესურსებით და ტექნიკური მახასიათებლებით.

პროექტის მართვის მთავარი ამოცანაა, მიღწეულ იქნას პროექტის მიზნები გარკვეული შეზღუდვების პირობებში. ეს შეზღუდვები ძირითადად თავს იყრის შემდეგ სამ მახასიათებელში: დრო, ბიუჯეტი და პროექტის არსი (ინგლ. Scope).

პროექტის მართვის მეთოდოლოგიები ჯერ კიდევ ადრეულ ცივილიზაციაში ჩაისახა. XX საუკუნემდე პროექტების მართვა ძირითადად იმართებოდა უშუალოდ პროექტებზე პასუხისმგებელი პირების (პროექტის მენეჯერების) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიების მიხედვით. ასეთ მაგალითებად შეგვიძლია განვიხილოთ ძველი რომაელი მწერალი, არქიტექტორი და მეცნიერი ვიტრუვიუსი (ძვ.წ. I საუკუნე), ინგლისელი არქიტექტორი ქრისტოფერ ვრენი (1632–1723), შოტლანდიელი მშენებელ-ინჟინერი და არქიტექტორი თომას თელფორდი (1757–1834) და ინგლისელი მშენებელ-ინჟინერი ისამბარდ კინგდომ ბრუნელი (1806–1859).

თანამედროვე პროექტის მართვის ერა იწყება XX საუკუნის 50-იანი წლებიდან.

ძირითადი განმარტებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტის არსი წარმოადგენს პროექტის მიზნების, შედეგების და მოთხოვნების ერთობლიობას.

პროექტის მიზანი არის პროექტის საბოლოო შედეგი, რომელიც წარმოადგენს კონკრეტულ გაზომვად მიღწევას ან დამკვეთისთვის მისაწოდებელი შედეგების ერთობლიობას.

პროექტის შედეგები (Deliverable) წარმოადგენენ მატერიალურ ან არამატერიალურ ობიექტებს, რომლებიც შექმნილია პროექტის ფარგლებში და განსაზღვრულია დამკვეთისთვის გადასაცემად. შედეგი შეიძლება იყოს ანგარიში, დოკუმენტი, პროგრამული მოდული ან პროექტის მთლიანი მიზნის ნებისმიერი შემადგენელი ნაწილი. შედეგი შეიძლება შედგებოდეს მრავალი მცირე შედეგისგან. ის შეიძლება წარმოადგენდეს პროექტის ფარგლებში მიღწეულ გაზომვად წარმატებას ან დასრულებულ პროდუქტს.

პროექტის ამოცანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტის ამოცანა (Task) წარმოადგენს საქმიანობას, რომელიც უნდა შესრულდეს დროის განსაზღვრულ პერიოდში ან განსაზღვრულ ვადამდე. ამოცანა შეიძლება დაიყოს დავალებებად, რომელთაც ასევე უნდა გააჩნდეთ შესრულების განსაზღვრული ვადა ან დაწყების და დასრულების თარიღი. კონკრეტული ამოცანის ყველა დავალების შესრულება ჩვეულებრივ ნიშნავს ამ ამოცანის შესრულებას.

საკვანძო საფეხურები (Milestones)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტის მართვის მეთოდოლოგიაში საკვანძო საფეხური (საკვანძო ეტაპი, ინგლ. Milestone) წარმოადგენს განრიგით განსაზღვრულ მოვლენას, რომელიც აღნიშნავს პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას, როცა მიიღება პროექტის გარკვეული გაზომვადი შედეგი (ან შედეგები). საკვანძო საფეხურები წარმოადგენენ ერთგვარ მარკერებს პროექტის მიმდინარეობის შეფასებისთვის.

ტექნიკური მოთხოვნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეზღუდვები და გამონაკლისები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტის მართვის სამკუთხედი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისევე, როგორც ნებისმიერი წამოწყება, პროექტიც უნდა განხორციელდეს და დასრულდეს განსაზღვრული პირობების დაცვით. ტრადიციული მიდგომით, ეს შეზღუდვებია: პროექტის არსი, დრო და ხარჯი. ამ შეზღუდვების ერთობლიობას ასევე უწოდებენ პროექტის მართვის სამკუთხედს, რომლის ყოველი გვერდი წარმოადგენს თითოეულ შეზღუდვას. ცხადია, სამკუთხედის ვერცერთი გვერდი ვერ შეიცვლება ისე, რომ დანარჩენ გვერდებზე არ მოახდინოს გავლენა. გარკვეული მეთოდოლოგიები იყენებენ შეზღუდვების შემდგომ დახვეწას, რაც განაცალკევებს პროდუქტის ხარისხს პროექტის არსისგან და აქცევს ხარისხს მეოთხე შეზღუდვად.

დროის შეზღუდვა განსაზღვრავს დროის იმ მოცულობას, რომელიც გამოყოფილია პროექტის შესასრულებლად. ხარჯების შეზღუდვა განსაზღვრავს პროექტისთვის განკუთვნილი რესურსების რაოდენობას. არსის შეზღუდვა მოიცავს პროექტის საბოლოო მიზანს. ხშირად ეს სამი შეზღუდვა წარმოადგენს კონკურენტ შეზღუდვებს: პროექტის გაზრდილი არსი ჩვეულებრივ ნიშნავს გაზრდილ დროს და მეტ დანახარჯებს, დროის შემცირება იწვევს ხარჯების ზრდას და არსის შემცირებას, და შემცირებული დანახარჯები იწვევს დროის ზრდას და არსის შემცირებას. პროექტის მართვის დისციპლინა წარმოადგენს ისეთი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების ერთობლიობას, რომლებიც საშუალებას აძლევს პროექტის გუნდს (და არა მარტო პროექტის მენეჯერს), მოახდინოს სამუშაოს ორგანიზება მოცემული შეზღუდვების დაცვით.

პროექტის მენეჯერი წარმოადგენს საკვანძო ფიგურას პროექტში, რომლის მოვალეობაა პროექტის დაგეგმვა, განხორციელება და დასრულება. პროექტის მენეჯერის პასუხისმგებლობა მოიცავს პროექტის წინასწარ განსაზღვრული მიზნების მიღწევას და პროექტის მართვას სამმაგი შეზღუდვის დაცვით: დანახარჯების, დროის და არსის.

სამუშაოს დაშლის სტრუქტურა (WBS)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამუშაოს დაშლის სტრუქტურა (ინგლ. Work breakdown structure, WBS]) წარმოადგენს ხისებრ სტრუქტურას, რომელიც ასახავს პროგრამის, პროექტის ან კონტრაქტის მიზნების თანდათანობით დაყოფას შემადგენელ ნაწილებად: ამოცანებად, ქვეამოცანებად, სამუშაო პაკეტებად და ა.შ. WBS შეიძლება იყოს ტექნიკურ მხარეზე, პროდუქტზე, სერვისზე ან პროცესზე ორიენტირებული. WBS-ის შექმნა იწყება საბოლოო მიზნიდან, რომელიც თანმიმდევრობით იყოფა მართვად კომპონენტებად მოცულობის, ხანგრძლივობის და პასუხისმგებლობის მიხედვით (მაგ. სისტემები, ქვესისტემები, კომპონენტები, ამოცანები, ქვეამოცანები და სამუშაო პაკეტები), რომლებიც მოიცავენ პროექტის საბოლოო მიზნის მისაღწევად საჭირო ყველა ნაბიჯს.

სამუშაოს დაშლის სტრუქტურა წარმოადგენს პროექტის ზოგადი დაგეგმვის და კონტროლის სტანდარტულ ჩარჩოს. მის საფუძველზე შესაძლებელია სამუშაოთა განაწილება განსაზღვრულ კომპონენტებად და თითოეული კომპონენტის შესაბამისი ტექნიკური და ადამიანური რესურსების, ხარჯების და დროის გამოთვლა.

პროექტის სასიცოცხლო ციკლი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტის მართვის საერთაშორისო სტანდარტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს პროექტის მართვისთვის საჭირო პროგრამული ინსტრუმენტების ნაკრებს, რომლებიც განკუთვნილია პროექტის რესურსების დაგეგმვის, ორგანიზების, მართვისა და რესურსების შეფასებისთვის. პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექსურობის მიხედვით, მისი კომპონენტები შეიძლება ეხებოდეს პროექტის განხორციელების პროცესის შეფასებას და დაგეგმვას, განრიგის შექმნას, ხარჯების კონტროლს და ბიუჯეტის მართვას, რესურსების განაწილებას, თანამშრომლობის პროცესის მართვას, კომუნიკაციას, გადაწყვეტილებების მიღებას, ხარისხის მართვას, დოკუმენტაციას თუ ადმინისტრაციულ სისტემებს. ამჟამად არსებობს პროექტების მართვის მრავალი კომპიუტერული სისტემა, რომლებიც სხვადასხვა სახის ბიზნეს საქმიანობაში გამოიყენება. პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფების სახით შეიძლება განვიხილოთ როგორც მაღალი რანგის სისტემა Мicrosoft Project, ისე Microsoft Excel-ის მარტივი ცხრილები.