პრაღის ბეთლემის სამლოცველო
| პრაღის ბეთლემის სამლოცველო | |
|---|---|
|
| |
![]() | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| გეოგრაფიული კოორდინატები | 50°05′04″ ჩ. გ. 14°25′03″ ა. გ. / 50.08444° ჩ. გ. 14.41750° ა. გ. |
| რელიგიური წევრობა | რომის კათოლიკური ეკლესია |
| ქვეყანა | ჩეხეთი |
| რაიონი | ძველი ქალაქი, პრაღა |
| ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| ხუროთმოძღვრული ტიპი | სამლოცველო |
| ხუროთმოძღვრული სტილი | გოთიკა |
| პრაღის ბეთლემის სამლოცველო | |
პრაღის ბეთლემის სამლოცველო (ჩეხ. Betlémská kaple) — შუა საუკუნეების რელიგიური ნაგებობა პრაღაში, ძველი ქალაქის ისტორიულ უბანში. იგი განსაკუთრებით ცნობილია ბოჰემიის რეფორმაციის წარმოშობასთან და ჩეხ რეფორმატორ იან ჰუსთან კავშირით.[1]
სამლოცველოს სახელი დაკავშირებულია ბეთლემში წმინდა ყრმების ხოცვასთან, რომელიც ჰეროდე დიდმა ახალშობილი იესო ქრისტეს მოსაკლავად მოაწყო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბეთლემის სამლოცველო პრაღაში 1391 წელს დააარსეს ვაცლავ კრჟიშმა, მეტსახელად „ვაჭარმა“, და იან მილჰაიმმა. სამლოცველოში ქადაგება მხოლოდ ჩეხურ ხალხურ ენაზე მიმდინარეობდა, რაც შუა საუკუნეების ბოჰემიის ეკლესიაში გერმანული ენის დომინაციას უპირისპირდებოდა. ნაგებობას ოფიციალურად არასოდეს ეწოდებოდა ეკლესია და მხოლოდ სამლოცველოს სტატუსი ჰქონდა, თუმცა მას დაახლოებით 3 000 ადამიანის დატევა შეეძლო. სამლოცველოს ტერიტორია წმინდა ფილიპესა და იაკობის სამრევლოს ნაწილში მოხვდა, რის გამოც იან მილჰაიმმა ამ ეკლესიის მღვდელს კომპენსაციის სახით 90 გროში გადაუხადა.[2]
იან ჰუსი 1402 წლის მარტში სამლოცველოს რექტორი და მქადაგებელი გახდა. 1412 წელს ჰუსის განკვეთის შემდეგ პაპმა იოანე XXIII-მ ბრძანა ბეთლემის სამლოცველოს დანგრევა, თუმცა ძველი ქალაქის საბჭოში ჩეხური უმრავლესობის წინააღმდეგობის გამო ეს გადაწყვეტილება არ შესრულებულა. ჰუსის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი იაკობ მიშელმა დაიკავა.[3]
XVII საუკუნეში შენობა იეზუიტებმა შეიძინეს. დროთა განმავლობაში იგი მნიშვნელოვნად დაზიანდა და 1786 წელს ნაწილობრივ დაანგრიეს. 1836–1837 წლებში შემორჩენილი კედლები ახალ საცხოვრებელ შენობაში ჩააშენეს.
ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის პერიოდში სახელმწიფო ხელისუფლებამ შენობა აღადგინა ჰუსის ეპოქის სახით. სამლოცველოს გარე კედლების უმეტესი ნაწილი და ამბიონის მცირე ნაწილი შუა საუკუნეების ნაგებობიდანაა შემორჩენილი.
კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჰუსის სამლოცველოში მოღვაწეობის პერიოდს მიეკუთვნება. წარწერები აღებულია მისი ნაშრომიდან De sex erroribus (ექვსი შეცდომის შესახებ) და ერთმანეთს უპირისპირებს ქრისტეს სიღარიბესა და ჰუსის ეპოქის რომის კათოლიკური ეკლესიის სიმდიდრეს.[2]
ასტეროიდი 90892 ბეთლემის სამლოცველო, რომელიც ჩეხმა ასტრონომმა მილოშ ტიხიმ კლეტის ობსერვატორიაში 1997 წელს აღმოაჩინა, სამლოცველოს სახელს ატარებს.[1] მისი ოფიციალური დასახელების შესახებ ინფორმაცია კემბრიჯში, მასაჩუსეტსში, მცირე პლანეტების ცენტრმა 2015 წლის 3 თებერვალს გამოაქვეყნა.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 (90892) Betlemska kaple. Minor Planet Center. ციტირების თარიღი: 23 January 2020
- 1 2 Spinka, Matthew (1968). John Hus: A Biography. Princeton UP, გვ. 47–49.
- ↑ Spinka, Matthew (1968). John Hus: A Biography. Princeton UP, გვ. 162–163.
- ↑ MPC/MPO/MPS Archive. Minor Planet Center. ციტირების თარიღი: 23 January 2020
