პრასკოვია იოანეს ასული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრასკოვია იოანეს ასული
დაიბადა 24 სექტემბერი, 1694
მოსკოვი, რუსეთი
გარდაიცვალა 8 ოქტომბერი, 1731, (37 წლის)
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
საგვარეულო რომანოვები
მეუღლე(ები) ივან ილიჩ დიმიტრიევ-მამონოვი
მამა ივანე V, რუსეთის ცარი
დედა პრასკოვია სალტიკოვა
რელიგია მართლმადიდებლობა

პრასკოვია იოანეს ასული (რუს. Прасковья Иоанновна; დ. 24 სექტემბერი, 1694, მოსკოვი, რუსეთი — გ. 8 ოქტომბერი, 1731, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის ცარ ივანე V-ისა და პრასკოვია სალტიკოვას ნაბოლარა ქალიშვილი. იმპერატრიცა ანას უმცროსი და და იმპერატორ პეტრე I-ის ძმისწული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრასკოვია დაიბადა 1694 წლის 24 სექტემბერს მოსკოვში. იგი იყო რუსეთის ცარ ივანე V-ისა და ცარიცა პრასკოვია სალტიკოვას მესამე და ნაბოლარა ქალიშვილი. მას ორი უფროსი და ჰყავდა: ეკატერინა (შემდგომში მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგინია და იმპერატორ ივანე VI-ის ბებია) და ანა (შემდგომში რუსეთის იმპერატრიცა 1730-1740 წლებში).

რუსეთის სამეფო კარზე პრასკოვიას გერმანელი მასწავლებლები ლიტერატურასა და მეცნიერებებს ასწავლიდნენ. როგორც ცნობილია, ესპანეთის მეფე კარლოს II-ის ელჩმა მოსკოვში ჩასულ პრასკოვიაზე განაცხადა: „თავის დებთან შედარებით უფრო ინტელიგენტია, მაგრამ ავადმყოფურად გამოიყურება.“ თავად რუსებიც ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად ცუდი ჯანმრთელობისა, პრასკოვია საკმაოდ მომხიბლავი და ინტელიგენტი გოგონა იყო.

განსხვავებით მისი დებისაგან, ბიძამისმა, იმპერატორმა პეტრე I-მა იგი დინასტიური ქორწინებებისათვის არ გამოიყენა. მოგვიანებით პრასკოვია დედამისის თანხმობით დაქორწინდა რუს დიდგვაროვან ივან ილიჩ დიმიტრიევ-მამონოვზე. 1724 წელს პრასკოვიამ მისგან ვაჟი გააჩინა, რომელიც 1730 წელს გარდაიცვალა.

პოლოვცევის მიხედვით, პრასკოვია იმდენად იყო დედაზე დამოკიდებული და მიჯაჭვული, რომ როდესაც 1723 წელს პრასკოვია სალტიკოვა გარდაიცვალა, მას ძალიან გაუჭირდა დამოუკიდებლად ცხოვრება. დედის გარდაცვალების შემდეგ პრასკოვიამ დაივიწყა თავისი ჩვეული სიმორცხვე და დედის მთელი ქონების მისაღებად მოსამართლეებს ქრთამიც კი გადაუხადათ.

იმპერატორ პეტრე II-ის მმართველობის პერიოდში პრასკოვიამ დატოვა რუსეთის სამეფო კარი და თავის მამულში ე.წ. „მეორე სამეფო კარი“ მოაწყო, რომელიც ნამდვილზე გაცილებით უფრო პომპეზური და ექსტრავაგანტური იყო. ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ პრასკოვია მთელ სამეფო ოჯახში თითქმის ყველაზე დიდ პენსიას იღებდა, რომელიც 1728 წლისთვის 12,000 რუბლს შეადგენდა თვეში. ამავე წელს მან მოსკოვში მეორე სასახლე შეიძინა.

1730 წელს რუსეთის საიმპერატორო ტახტზე პრასკოვიას და, იმპერატრიცა ანა ადის, რამაც დებს შორის უთანხმოება ჩამოაგდო. პრასკოვიამ უარი განაცხადა ანას პრეტენზიების შესრულებასა და სამეფო კარზე დაბრუნებაზე, რის საპასუხოდაც ანამ მას პენსია შეუმცირა. ამ ამბიდან მალევე, 1731 წლის 8 ოქტომბერს, 37 წლის პრასკოვია იოანეს ასული სანქტ-პეტერბურგში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Liriyskiy, Gertsog (1989). "Zapiski o prebyvanii pri imperatorskom rossiyskom dvore v zvanii posla korolya ispanskogo" [Memoirs of the visit to the Imperial Russian court as ambassador of the King of Spain]. In Limonov, Yu. A. (ed.). Rossiya XVIII v. glazami inostrantsev [Eighteenth century Russia in the eyes of foreigners] (in Russian). Leningrad: Lenizdat. pp. 189–260.