შინაარსზე გადასვლა

პრასედეს მატეო საგასტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრასედეს მატეო საგასტა
ესპ. Práxedes Mateo Sagasta
დაბადების თარიღი 21 ივლისი, 1825(1825-07-21)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ტორესილია-ენ-კამეროსი[1] [6]
გარდაცვალების თარიღი 5 იანვარი, 1903(1903-01-05)[1] [2] [3] [4] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი მადრიდი[1]
მოქალაქეობა ესპანეთი
განათლება Universidad Politecnica de Madrid
მამა Clemente Mateo-Sagasta y Díaz Antoniana[7]
დედა Valentina Esperanza Escolar Saenz del Prado[7]
მეუღლე/ები Ángela Vidal Herrero
ჯილდოები ოქროს საწმისის ორდენის რაინდი, წმინდა მორისისა და ლაზარეს ორდენი, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Grand Cross of the Order of the Tower and Sword, Order of the Immaculate Conception of Vila Viçosa, Equestrian Order of the Holy Sepulchre და კარლოს III-ის ორდენის დიდი ჯვარი

პრასედეს მატეო საგასტა (დ. 21 ივლისი, 1825 – გ. 5 იანვარი, 1903) — ესპანელი სამოქალაქო ინჟინერი და პოლიტიკოსი, რომელიც 1870–1902 წლებში რვაჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ყოველთვის „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის რანგში, „მშვიდობიანი ცვლის“ სისტემის ფარგლებში, სადაც იგი კონსერვატორთა ლიდერ ანტონიო კანოვასს ენაცვლებოდა. იგი ცნობილი იყო, როგორც შესანიშნავი ორატორი.

მატეო საგასტა დაიბადა 1825 წლის 21 ივლისს ტორესილია-ენ-კამეროსში, ესპანეთის ლა-რიოხის პროვინციაში. 1848 წელს, მადრიდის სამოქალაქო ინჟინერიის სკოლაში სწავლისას, როგორც „პროგრესული პარტიის“ წევრი, საგასტა ერთადერთი იყო მთელ სასწავლებელში, რომელმაც უარი თქვა ისაბელ II-ის მხარდამჭერ წერილზე ხელის მოწერაზე.

სწავლის დასრულების შემდეგ მან აქტიური მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მართვაში. 1854–1857 და 1858–1863 წლებში საგასტა ესპანეთის კორტესების წევრი იყო. 1866 წელს, წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, იგი საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა. 1868 წლის ესპანეთის რევოლუციის შემდეგ იგი დაბრუნდა ესპანეთში, რათა მონაწილეობა მიეღო ახლად შექმნილ დროებით მთავრობაში.

1880 წელს საგასტამ დააფუძნა „ლიბერალურ-ფუზიონისტური პარტია“, რომელმაც 1881 წელს ჩამოაყალიბა მთავრობა და 1883 წლამდე მართავდა ქვეყანას. ამ ადმინისტრაციის პერიოდში მიიღეს კანონი, რომელიც წინასწარი ცენზურის გარეშე უზრუნველყოფდა პრესის თავისუფლებას, ასევე გამოცხადდა საყოველთაო ამნისტია რესპუბლიკელებისთვის. 1885 წელს „ლიბერალ-ფუზიონისტები“ შეერწყნენ „დინასტიურ მარცხენას“, რის შედეგადაც შეიქმნა „ლიბერალური პარტია“.

1885–1890 წლებში საგასტას პრემიერ-მინისტრობისას, მისმა მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმების სერია გაატარა, მათ შორის 1886 წელს კუბაში მონობის გაუქმება, 1887 წელს „ასოციაციების შესახებ კანონის“ მიღება, 1889 წელს ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედება და 1890 წელს მამაკაცთა საყოველთაო საარჩევნო უფლების შემოღება.[8]

იგი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომის დროს, როდესაც ესპანეთმა თავისი დარჩენილი კოლონიები დაკარგა. მატეო საგასტა დათანხმდა ავტონომიურ კონსტიტუციას როგორც კუბისთვის, ისე პუერტო-რიკოსთვის. მატეო საგასტას პოლიტიკურმა ოპონენტებმა ეს ნაბიჯი ესპანეთის ღალატად მიიჩნიეს და მას დააბრალეს ომში ქვეყნის მარცხი, ისევე როგორც კუნძულოვანი ტერიტორიების დაკარგვა 1898 წლის პარიზის საზავო ხელშეკრულებით. მან პოლიტიკური საქმიანობა კიდევ ოთხი წლის განმავლობაში გააგრძელა.

1902 წლის 2 დეკემბერს მატეო საგასტას კაბინეტი კორტესებში კენჭისყრაში დამარცხდა; მომდევნო დღეს მან მეფეს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, ხოლო 1902 წლის 10 დეკემბერს ოფიციალურად გადადგა.

მატეო საგასტა გარდაიცვალა მადრიდში, 77 წლის ასაკში, 1903 წლის 5 იანვარს, ბოლო გადადგომიდან სულ რაღაც ერთ თვეში.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 José Luis Sampedro Escolar Genealogía de don Práxedes Mateo-Sagasta y Escolar // Anales de la Real Academia Matritense de Heráldica y Genealogía / Real Academia Matritense de Heráldica y Genealogía — Madrid. — გამ. 9. — P. 254. — ISSN 1133-1240
  2. 1 2 Encyclopædia Britannica
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. ↑ varios autores Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.
  6. ↑ Bell A. Encyclopædia Britannica — Encyclopædia Britannica, Inc., 1768.
  7. 1 2 José Luis Sampedro Escolar Genealogía de don Práxedes Mateo-Sagasta y Escolar // Anales de la Real Academia Matritense de Heráldica y Genealogía / Real Academia Matritense de Heráldica y Genealogía — Madrid. — გამ. 9. — P. 266. — ISSN 1133-1240
  8. ↑ Gobierno Sagasta 1885-1890. ციტირების თარიღი: 2025-08-15
  9. ↑ (1904) „Obituary. Señor Práxedes Mateo Sagasta“, Annual Register for 1903. Longmans, Green, and Co, გვ. 113.