პორფილე გორგოშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პ. გორგოშიძე

პორფილე გორგოშიძე (დ. 1892, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 1978, დაკრძალულია ლიხაურის სასაფლაოზე) — ქართველი ოფიცერი, ჩოლოქის ბრძოლის (1918) გმირი.

დაიბადა გლეხის ოჯახში. სწავლობდა ოზურგეთის გიმნაზიაში, რომელიც ხელმოკლეობის გამო ვერ დაამთავრა. 1909 წლიდან ასოთამწყობად მუშაობდა თბილისში, ჯერ არუთინოვის, შემდეგ გაჩეჩილაძის სტამბაში. ამ უკანასკნელში იწყობოდა გაზეთები: „თეატრი და ცხოვრება“, „თანამედროვე აზრი“ და სხვ. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს ჯარში გაიწვიეს. 1917 წლიდან ქართულ სახალხო გვარდიაში იყო უფროს უნტერ-ოფიცრად. 1918 წელს ოსმალეთის ფრონტზე პორუჩიკ ვალოდია გოგუაძის თანაშემწე იყო №4 ჯავშნოსან მატარებელზე (აქვე მსახურობდა მისი ძმა ალექსანდრეც). სიმამაცით გამოიჩინა თავი 1918 წლის 8 აპრილს მდ. ჩოლოქზე ბრძოლაში, რისთვისაც ძმები გორგოშიძეები წმ. გიორგის ჯვრით დააჯილდოვეს. ბრძოლაში პორფილე გორგოშიძე მძიმედ დაიჭრა, რის გამოც სამხედრო სამსახურს ჩამოშორდა. საბჭოთა პერიოდში კოლმეურნეობაში მუშაობდა. 1929 და 1937 წლებში მცირე ხნით დაპატიმრებული იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ. აქვს მოგონებები „გმირ ჯავშნოსანზე“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]