პორტ-ო-ფრანსე
| სამეცნიერო-ტექნიკური სადგური | |
|---|---|
|
პორტ-ო-ფრანსე ფრანგ. Port-aux-Français | |
|
პორტ-ო-ფრანსე 2005 წელს | |
| ქვეყანა |
|
| საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი | საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია |
| კუნძული | კერგელენი |
| კოორდინატები | 49°21′00″ ს. გ. 70°13′00″ ა. გ. / 49.35000° ს. გ. 70.21667° ა. გ. |
| დაარსდა | 1950 |
| ფართობი | 0,70 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 10 მ |
| მოსახლეობა | 120 (ზაფხული), 45 (ზამთარი) კაცი |
| სასაათო სარტყელი | UTC+5 |
პორტ-ო-ფრანსე (ფრანგ. Port-aux-Français — „ფრანგების პორტი“) — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრი კუნძულ კერგელენზე (არაოფიციალურად ითვლება მის მთავარ დასახლებულ პუნქტად). არ ყავს მუდმივი მოსახლეობა და არის სამეცნიერო-ტექნიკური სადგური (ბაზა).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის დასახლების პირველი ცდა განხორციელდა 1928 წელს, როდესაც ფრანგებმა აქ გახსნეს ლანგუსტების კონსერვირების ფაბრიკა. მაგრამ ყველაფერი დამთავრდა წარუმატებლად და რამდენიმე ხნის შემდეგ ეს ფაბრიკა დაიკეტა, ხოლო კუნძული მოსახლეობისგან დაცარიელდა.
კუნძულის დასახლება კვლავ განახლდა 1949 წელს. დასახლების ადგილი შეირჩა იმ გათვლით, რომ მომავალში აქ აშენდებოდა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი. 1950 წელს დაარსდა პორტ-ო-ფრანსე.
1955 წელს ავსტრალიიდან აქ ცხოველთა სასაკლაო კომპანია „სიდაპისთვის“ (ფრანგ. Société industrielle des abattoirs parisiens, შემოკლ. Sidap — „პარიზელი მეხორცეების ინდუსტრიალური საზოგადოება“) ჩამოიტანეს მანქანები. 1957 წლისთვის დასრულდა სელაპების ხორცისა და ტყავის გადამამუშავებელი ფაბრიკის მშენებლობა. მისი გახსნა 1957 წლის 16 დეკემბერს აღსანიშნავია იმით, რომ არქიპელაგზე აღინიშნა პირველი ქორწილი (მეწარმე მარკ პეშენარტმა ცოლად მოიყვანა მარტინ როლენი). ფაბრიკა დაიკეტა 1960-იან წლებში, მოწყობილობები გადაიტანეს კუნძულ რეიუნიონზე 2005 წელს.
დასახლების დაარსების მომენტიდან (1950 წელი) მის შორიახლოს ტარდებოდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები (როგორიცაა ARAKS), მეტეოროლოგიური დაკვირვებები და საკვლევი რაკეტების გაშვება (Arcas, Dragon, Eridan). 1970-იან წლებში პორტ-ო-ფრანსეში დამონტაჟდა თანამგზავრული კავშირგაბმულობის სადგური.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პორტ-ო-ფრანსე მდებარეობს არქიპელაგ კერგელენის კუნძულ გრანდ-ტერის აღმოსავლეთით, კურბეს ნახევარკუნძულის სამხრეთ და მორბიანის ყურის ჩრდილოეთ სანაპიროებზე. ადგილი, სადაც ბაზა მდებარეობს, ქარისგან პრაქტიკულად დაუცველია. ქარის სიჩქარე 30 მ/წმ-ზე (100 კმ/სთ) მეტია, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. ხშირად ქარის სიჩქარე აღწევს 40 მ/წმ-ს (150 კმ/სთ), ხანდახან — 55 მ/წმ-მდე (200 კმ/სთ).
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. ზამთარში (ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით) მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 45 ადამიანს, ხოლო ზაფხულში (დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით) — 120 ადამიანს. ძირითადად ესენი არიან მეცნიერები, ტექნიკური და მომსახურე პერსონალი.
ინფრასტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტ-ო-ფრანსეში აშენებულია სამეცნიერო ლაბორატორიები (ბიოლოგიური, გეოფიზიკური) და ტექნიკური ნაგებობები (მეტეოროლოგიური, ტელესაკომუნიკაციო, კოსმოსური დაკვირვების სისტემები). ახლახანს დამონტაჟდა მარეოგრაფიული სადგური; მისი ხელსაწყოების მაჩვენებლები იგზავნება ლოკალურ სერვერზე, რომელიც ამ მონაცემებს ინტერნეტის საშუალებით გადასცემს თანამგზავრული კავშირის დახმარებით.
სხვა ნაგებობები: ადმინისტრაციული შენობა, საავადმყოფო, რესტორანი (სასადილო), საცხოვრებელი ბლოკები, ეკლესია, სატრანზიტო დარბაზი, თბოელექტროცენტრალი, საქვაბე, ავტობაზა, ანგარები, სახელოსნო, საპორტე ნაგებობები, საწვავის რეზერვუარები.[1]
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად იგეგმებოდა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის მშენებლობა, რომელიც საბოლოოდ არც აშენებულა. არსებობს ნავსაყუდელი, რისი საშუალებითაც შესაძლებელია პატარა გემების მიღება. პორტ-ო-ფრანსეს ამარაგებს სამეცნიერო-კვლევითი გემი მარიონ დიუფრენი, რომელიც კურსირებს კუნძულ რეიუნიონიდან (მანძილი 3490 კმ, დრო გზაში — დაახლოებით 10 დღე).
მიუხედავად საგზაო ქსელის არარსებობისა კუნძულზე გამოიყენება ავტომანქანები. საავტომობილო ნომრების კოდები აგებულია შემდეგნაირად: პირველი ორი ციფრი უჩვენებს ექსპლოატაციაში შესვლის წელს, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი — სატრანსპორტო საშუალების სერიულ ნომერს.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც წესი პორტ-ო-ფრანსე პოპულარულია მხოლოდ ეკოტურისტებს შორის, რადგან დასახლებულ პუნქტამდე მისვლა საკმაოდ რთულია. „მარიონ დიუფრენი“ — ერთადერთი გემია, რომელსაც ბორტზე აყავს ტურისტების მცირე ჯგუფები და ასრულებს რეისებს რეიუნიონიდან კერგელენამდე. პორტ-ო-ფრანსეს ნავსაყუდელში შედიან იახტები, რომლებიც ასრულებენ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას.
ღირსსესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტ-ო-ფრანსეში მდებარეობს საფრანგეთის ყველაზე უფრო სამხრეთით მდებარე კათოლიკური ტაძარი — ნოტრ-დამ-დე-ვანის ტაძარი (ფრანგ. Notre-Dame des Vents). ასევე გამასაყოფია გერმანელი ჯარისკაცის ყველაზე უფრო სამხრეთით მდებარე სასაფლაო: 1940 წელს აქ დაკრძალეს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი, კრეისერ „ატლანტისის“ ეკიპაჟის წევრი, მატროსი ბერნჰარდ ჰერმანი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ პორტ-ო-ფრანსეს ბაზა. კერგელენის არქიპელაგი. ოფიციალური საიტი საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია. ციტირების თარიღი: 2013-05-04