შინაარსზე გადასვლა

პორტუგალიური ღვინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრადიციული ნავი რაბელო, რომელიც ღვინის ტრანსპორტირებას ახდენდა დუროს ხეობიდან, ქალაქ პორტოს მახლობლად მდებარე სარდაფებში.

პორტუგალიური ღვინო — პორტუგალიაში დამზადებული ღვინო. ტრადიციების შედეგი, რომელიც რეგიონში შემოიტანეს ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლებმა, კერძოდ ფინიკიელებმა, კართაგენელებმა, ბერძნებმა და ძირითადად რომაელებმა. პორტუგალიამ რომის იმპერიის დროს რომში დაიწყო ღვინის ექსპორტი. თანამედროვე ექსპორტი ინგლისში ვაჭრობით განვითარდა 1703 წელს „მეთუენის ხელშეკრულების“ შემდეგ. ამ სავაჭრო ხელშეკრულებიდან დაიწყო მრავალფეროვანი ღვინის წარმოება პორტუგალიაში. 1758 წელს მსოფლიოში ღვინის ერთ–ერთი პირველი მწარმოებელი რეგიონი გახდა მარკიზ პომბალის გადაწყვეტილებით, რომელმაც გააშენა ვენახი დუროს ხეობაში. პორტუგალიას აქვს მეღვინეობის ორი რეგიონი, რომლებიც იუნესკოს მიერ არის დაცული, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობა : დუროს ხეობის ღვინის რეგიონი ( Douro Vinhateiro ) და პიკუს კუნძულის ღვინის რეგიონი ( Ilha do Pico Vinhateira ). პორტუგალიაში ვენახებს უჭირავს 182 ათასი ჰექტარი. პორტუგალიის ღვინოებს შორის ყველაზე მეტად ცნობილია მაგარი ღვინო პორტვაინი.

„კუპა“, რომაული საფლავის ქვები ღვინის კასრების ფორმის სახით, გამოიყენებოდა ახ.წ. III საუკუნეში ალანტეხოში, ევორას მუზეუმი.

პირენეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, ზოგიერთი არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება, რომ ღვინის მოხმარება დაიწყო დაახლოებით ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში და წარმოება დაიწყო ძვ. წ. V- IV საუკუნეებში [1]. ჩრდილოეთ პორტუგალიაში მეღვინეობა რომაული წესით დაიწყო. სტრაბონი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ პორტუგალიის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად ჟიტოს (ლუდის ფორმა) მოიხმარდა და ღვინო იშვიათად იწარმოებოდა ან მოიხმარებოდა. მცირე წარმოების ღვინოს მოიხმარდნენ საოჯახო ბანკეტებში, ასაკისა და სტატუსის მიხედვით , რაც ადასტურებს, რომ ღვინო მათთვის კარგი სასმელი იყო. შემდგომ ღვინოს აწარმოებდნენ მთელ ტერიტორიაზე როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე რომში ექსპორტისთვის. [2] [3]

რეკონკისტას დროს XII და XIII საუკუნეებში, არაბთა რელიგიის გამო, მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე შემცირდა ღვინის წარმოება. ამ პერიოდში უძველეს ჯიშებს დაემატა ბურგუნდიიდან შემოტანილი ფრანგული ჯიშები. აღმოჩენების პერიოდში, ენრიკე პორტუგალიელმა ბერძნულ კუნძულ კრეტადან ახლად აღმოჩენილ კუნძულ მადეირაში შეიტანა მოსკატელი და მალვაზია. 1979 წელს დაემატა ბაირადა და 1980 წელს ალგარვეს რეგიონი ( ლაგოა, ლაგოსი, პორტიმანო და ტავირა ) ჩამოყალიბდა ღვინის მწარმოებელ რეგიონად.

პორტუგალიაში საშუალო წლიური ტემპერატურაა 16,7°C, ყველაზე ცივ, კოიმბრას მხარეში ტემპერატურა 14,6°C-ზე დაბლა არ ეშვება, ზაფხულის საშუალო ტემპერატურა კი 21,7°C შეადგენს. ნალექების წლიური რაოდენობა 742 მმ. ეს კლიმატური პირობები მეტად ხელსაყრელია ვაზის ზრდა-განვითარებისთვის. მევენახეობა ყველაზე მეტად გავრცელებული ქვეყნის ჩრდილოეთით, მინიუს მხარეში, მდინარე დუეროს ხეობაში და სამხრეთით ალგარვის რეგიონში.

პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილში ჭარბობს ფიქალით მდიდარი ნიადაგები, ცენტრსა და სამხრეთში კი ქვიშნარი, ასევე არის ჰუმუსით მდიდარი თიხნარი ნიადაგები. ლისაბონის დასავლეთით მდებარეობს ფილოქსერასადმი იმუნური წმინდასილა ნიადაგები.

კუნძულ მადეირას კლიმატური პირობები ასევე ხელსაყრელია მევენახეობისთვის. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,9°C, ივლისისა კი — 20,7°C, ნალექების წლიური რაოდენობა 206 მმ. ოკეანის გამო ჰაერი სინოტივითაა გაჟღენთილი, ხოლო ვულკანური წარმოშობის ნიადაგებზე მცენარეულობა კარგად იზრდება. მევენახეობა გავრცელებულია კუნძულის მაღლობებზე, საუკეთესო ვენახები კუნძულის სამხრეთ ნაწილშია.

ვენახები მინიუს რეგიონში, პორტუგალია

პორტუგალიას გააჩნია ადგილობრივი ჯიშების დიდი რაოდენობა, რომლებიდანაც აწარმოებენ მრავალფეროვან ღვინოს. ვაზის წითელყურძნიანი ჯიშებია ალვალერო, ბასტარდო, ტინტა-მინიუ, მურისკო. ვაზის თეთრყურძნიანი ჯიშებია ვერდელიო, რაბიგატო, ბლანკო და სხვა.

პორტუგალიის ღვინის რეგიონები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაღალი ხარისხის ღვინოებს იღებენ მდინარე დუეროს და რიო-კორგას შუაში მდებარე რეგიონშ, ასევე ვილა რეალის მახლობლად და პორტუგალიის უკიდურეს სამხრეთ ალგარვის პროვინციაში. კუნძულ მადეირაზე მზადდება მაგარი ტიპის ღვინო მადერა.

დასახელების სისტემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიაში მხოლოდ რამდენიმე ვაზის ჯიში არის ნებადართული ან დამოწმებული შემდეგ დემარკირებულ რეგიონებში: ვინო ვერდე, პორტო, დოურო, დაო, ბაირრადა, ბუსელასი, კოლარესი, კარკაველოსი, სეტუბალი, ალანტეხო, ალგარვე, მადეირა, ტეხო.

დუროს რეგიონის დასახელების სისტემა შეიქმნა საფრანგეთამდე თითქმის ორასი წლით ადრე, რათა დაეცვა თავისი უმაღლესი ხარისხის მქონე ღვინოები სხვა ღვინოებისგან. პორტუგალიაში ღვინის ხარისხი და მრავალფეროვნება ადგილწარმოშობის, მიკროკლიმატის, ნიადაგისა და სათანადო ტექნოლოგიის წყალობით ყალიბდება.

ოფიციალური დასახელებებია:

კონკრეტულ რეგიონში წარმოებული ხარისხიანი ღვინო (QWPSR) - ეს არის ყველაზე დაცული ღვინო, მიუთითებს კონკრეტულ ვენახს და უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს.

ადგილწარმოშობის დასახელება - ღვინოები, რომლებიც არ არიან წარმოებული მარკირებულ რეგიონში.

რეგიონალური ღვინო - იწარმოება პორტუგალიის კონკრეტულ რეგიონში.

სუფრის ღვინოები - მითითებულია მხოლოდ მწარმოებელი და პორტუგალია, როგორც წარმოების ადგილი.

  • ჩოლაყაშვილი ს., მევენახეობის სახელმძღვანელო, თბ.: სახელგამი, 1937.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ O vinho na antiguidade clássica - Alguns apontamentos sobre Lousada Portuguese. Oppidum. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 14, 2018. ციტირების თარიღი: May 24, 2017.
  2. ↑ J. Robinson (ed) "The Oxford Companion to Wine" Third Edition pg 536-540 Oxford University Press 2006 ISBN 0-19-860990-6
  3. ↑ SILVA, A. J. M. (2014), (19) "Les vins au goût d’argile : anatomie d’une tradition plurimillénaire. Le cas d’étude portugais du vin de talha", 138e Congrès des Sociétés Historiques et Scientifiques : Se nourrir, pratiques et stratégies alimentaires (Rennes, 22–26 April 2013), Éditions SHS, Rennes. https://www.academia.edu/10205544/Les_boissons_Les_vins_au_go%C3%BBt_d_argile_anatomie_d_une_tradition_plurimill%C3%A9naire._Le_cas_d_%C3%A9tude_portugais_du_vin_de_talha_.