პორტონაჩოს სარკოფაგი

პორტონაჩოს სარკოფაგი — II საუკუნის რომაული სარკოფაგი, რომელიც აღმოაჩინეს რომში და ახლა ინახება რომის ნაციონალურ მუზეუმში („Palazzo Massimo“). ახ. წ. დაახლოებით 180 წლით დათარიღებულ სარკოფაგში რომაელი გენერალი განისვენებდა, რომელიც მოკლეს ახ. წ. 172-175 წლებში, მარკუს ავრელიუსის ერთ-ერთი ლაშქრობის დროს. სარკოფაგის ფასადი არის ხელოვნების ნიმუში ნატიფი ფიგურებით, თუმცა სასტიკი საბრძოლო სცენებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარკოფაგი არის გვიანი რომაული საბრძოლო თემატიკის მქონე სარკოფაგებიდან ერთ-ერთი. ერთი გამონაკლისის გარდა, ყველა აშკარად თარიღდება ახ. წ. 170-210 წლებით, დამზადებულია რომში ან ზოგიერთ შემთხვევაში ათენში. მისი გარე ფასადი ძალიან ჰგავს ელინისტურ ძეგლებს, რომლებზეც ნაჩვენებია პერგამონის გამარჯვებები გალებზე და ყველა მათგანი, სავარაუდოდ, შეიქმნა სამხედრო მეთაურებისთვის. პორტონაჩოს სარკოფაგი არის ყველაზე ცნობილი და დახვეწილი ამ ჯგუფიდან და მნიშვნელოვნად ჰგავს ლიუდოვიზის სარკოფაგს, თუმცა კონტრასტულია სტილითა და განწყობით.[1]
სარკოფაგი ძალიან მაღალია, მთელი წინა მხარე დაფარულია რომაელებსა და ბარბაროსებს შორის ბრძოლის რელიეფებით. ბრძოლა დაყოფილია ოთხ სიმბოლურ ნაწილად: ყველაზე მაღლა მყოფი ორი რელიეფი ასახავს რომაულ კავალერიას, შუა ნაწილი რომაელ ქვეითებს და ბოლო და ყველაზე დაბლა მყოფი - ბარბაროსებს.
მათ შუაში ჩანს გენერალი. გენერლის სახე დაუმთავრებელია, პირველი თეორიაა, რომ მოქანდაკეები ელოდნენ სახის მოდელს, ხოლო მეორე თეორიის მიხედვით მათ შექმნეს ნამუშევარი კონკრეტული მთავარი გმირის გარეშე. შესაძლოა, სახის შექმნა უბრალოდ ვერ მოასწრეს, ან მოქანდაკემ სათანადოდ ვერ ასახა გარდაცვლილი გენერალი. თანამედროვე მკვლევარები თვლიან, რომ მოქანდაკეები უბრალოდ, შაბლონურად ქმნიდნენ სამხედრო სცენების ამსახველ სარკოფაგებს, რომლებიც ნებისმიერი გენერლის ცხოვრების ილუსტრაციად გამოდგებოდა. გენერალი და მისი ცოლი ასევე ორჯერ არიან გამოსახულნი სახურავზე, ხელჩაკიდებულნი და დაუმთავრებელი სახეებით[2].
სარკოფაგის ზედა ნაწილში ასევე გამოსახულია ხანდაზმული წყვილის ფიგურები, რომლებიც ბრძოლაში არ არიან ჩართულნი. ბარბაროსთა გამოსახულებების სახეები არ გამოხატავენ რაიმე სიმპათიას დაპყრობილი ხალხების მიმართ - ისინი წარმოდგენილინი არიან, როგორც უხეში, ბოროტი ხალხი და მათ რომაელები ანადგურებენ.
კიდეები მორთულია დაბალი რელიეფური ფრიზით და ასახავს ცხოვრების ისტორიას (ბავშვის დაბადება, მისი განათლება, ქორწინება და სამშობლოსათვის ბრძოლა). წინა მხარესაც ვხვდებით გენერალს. აქაც, ისევე როგორც მთავარ ნაწილზე, მას სახე არ აქვს. სარკოფაგის წარწერის მიხედვით ვარაუდობენ, რომ მასში განისვენებდა გენერალი, სახელად აულო გიულიო პომპილიო ტიტო ვივიო ლევილო პისონე ბერენიციანო.
სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფლავიელთა ეპოქიდან ანტონინუსების დინასტიამდე რომაული ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სამხედრო გამარჯვება სხვა ხალხებზე. ამ თემატიკით გამოსახულებები გვხვდება როგორც საჯარო სივრცეში, ტრიუმფალური თაღების, სვეტებისა და შაბლონების სახით, ასევე კერძო სივრცეში, მაგ. სამარხებსა და [[სარკოფაგი|სარკოფაგებში. III საუკუნეში რომის სენატორთა კლასმა დაკარგა სამხედრო ძალა, ამიტომ საბრძოლო სცენები აღარ გამოიყენებოდა მათი სარკოფაგებისთვის - ისინი ხშირად ფილოსოფოსების ან მუზების გამოსახულებებით იყო მოჩუქურთმებული.
პორტონაჩოს სარკოფაგი, ადრინდელ ნამუშევრებთან შედარებით, როგორიცაა ამენდოლას სარკოფაგი, უარს ამბობს ელინისტურ მანერაზე. სკულპტურების დინამიკურ პოზებს ხაზს უსვამს მისი მაღალი რელიეფი. ფიგურები ბრძოლის დროს არიან გამოსახულნი და მშვიდად თითქმის არასოდეს დგანან. სახეები ექსპრესიულია, გამარჯვებულთა შუბები და ფარები რეალისტურად კვეთენ სივრცეს და არ არიან ერთ სიბრტყეში. სარკოფაგის სახურავი გვერდითა რელიეფების მსგავსია.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰასკინსონი, ჯ. (1998). „"Unfinished Portrait Heads' on Later Roman Sarcophagi: Some New Perspectives"“. "PBSR": გვ 129–158.
- ადრაე, ბერნარდი (1968). „"Imitazione ed originalità nei sarcofagi romani"“. "RendPontAcc": გვ 145–166.
- პარდიოვა, მარიე (2006). „"La représentation de bataille sur le sarcophage de Portonaccio et sa composition"“: გვ 135–151. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)
წყაროები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დონალდ სტრონგი, "Roman Art", 1995 (ტომი 2.), გვ 205, იეილის უნივერსიტეტის პრესა (Penguin/Yale History of Art), ISBN 0300052936
- ↑ ჰენიგ მარტინი, "A Handbook of Roman Art", გვ 93, 1983, ISBN 0714822140