პორტალი:ცხოველები/რჩეული ცხოველი/არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

2008[წყაროს რედაქტირება]

თებერვალი

მორიელები ოდიდგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანებისთვის. ისინი მეკუთვნებიან უხერხემლო ცხოველების რიგს და ობობასნაირთა წარმომადგენლები არიან. აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიან ობობები და ტკიპები.

ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად ტროპიკებში ან სხვა თბილ ადგილებში ბინადრობენ. ყველაზე დიდი მორიელია გვინეაში გავრცელებული ე.წ. "იმპერატორი", რომლის სიგრძე 180 მმ-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე 13 მმ. მორიელები, ობობები და მათი მონათესავე ცხოველები მიეკუთვნებიან არაქნიდების კლასს და ერთიანდებიან ცხოველთა რიგში. არაქნიდების სხეული ორი ნაწილისაგან შედგება: თავ-მკერდისა (cephalothorax) და მუცლისაგან. მორიელის შემთხვევაში სხეულის ძირითადი ნაწილი უჭირავს თავ-მკერდს, მუცელი კი, სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, დანაჭევრებულია და ასევე გადადის დანაწევრებულ კუდში, რომელიც საოცრად მოქნილია და შეუძლია მოკეცვა მთელი სხეულის გასწვრივ. კუდის ბოლოზე მორიელს გააჩნია შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც ცხოველი იყენებს თავდაცვისა და თავდასხმის დროს. (სრულად...)

მარტი

ორანგუტანი (მალაიური orang-utan, სიტყვასიტყვით — ტყის კაცი) (Pongo pygmaeus), ადამიანის მსგავსი მაიმუნი. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანსა და კუნძულ სუმატრაზე. მამლის სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა — 100 (იშვიათად 250) კგ აღწევს. დედალი ტანად გაცილებით პატარაა. ხელების შლილი 3 მ-მდეა. აქვს გრძელი და განიერი მტევნები. ცერი რუდიმენტულია, ფეხები — შედარებით მოკლე. კუდი და საჯდომი კორძები არა აქვს. სახე ტიტველია. ცხოვრობს ტყეში. ხიდან მიწაზე იშვიათად ჩამოდის. მაკეობა 275 დღე გრძელდება. შობს ერთ ნაშიერს, რომელსაც ძუძუს აწოვებს 3-4 წლამდე, სქესობრივად მწიფდება 10-12 წლისა. ცოცხლობს 30 წლამდე. ღამის გასათევად ორანგუტანი ხეზე მიწის ზედაპირიდან 10-20 მ სიმაღლეზე იკეთებს ბუდეს. იკვებება მცენარეებით, ფრინველების კვერცხებით. ორანგუტანის დაჭერა აკრძალულია. (სრულად...)